Tuesday 1 June 2010

გვიკურთხე, მამაო


”ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს გამოხატვის უფლება იმ ფორმით, რომლითაც გვინდა” - ციტატა ჩემი დემაგოგიური გამოსვლიდან.

ბოლო პერიოდია, რაც ჩვენს ქვეყანაში ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე ადამიანები მომრავლდნენ. არა, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა რელიგიურობა მარაზმში გადადის, იქ ვჭედავ.

ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ ჯვრები მანქანებზე, ტელეფონებზე, ხატებით გამოტენილი ლენინის პორტრეტისათვის განკუთვნილი კუთხე პოლიტიკოსების კაბინეტებში, ასევე მანქანების სალონები. ადამიანები ატარებენ უამრავ რელიგიურ ატრიბუტიკას: ბეჭდებით, ფსალმუნებითა თუ სამაჯურებით არიან აღჭურვილნი, რამდენჯერაც დაინახავენ ტაძარს, იმდენჯერ იწერენ პირჯვარს და აკეთებენ მეტანიას, ასფალტს თავებს ურტყამენ, თან მალულად გამვლელებისაკენ აპარებენ თვალს: ისწავლეთ, როგორ უნდა გწამდეთო.

ჰო, ჯვრებიან მანქანაზე გამახსენდა: გუშინ ავტობუსით ვმგზავრობდი და წინ BAYERISCHE MOTOREN WERKE-ს მანქანამ ჩაგვიქროლა. უკანა მინაზე დიდი ასოებით ეწერა: ”უფალო შეგვიწყალენ!” (თავისთავად იგულისხმება, რომ ნისლსაწინააღმდეგო ფარს ზემოთ დიდი ნაკურთხი ჯვარიც ჰქონდა გაკრული).

სხვათაშორის, ხშირია საგნების კურთხევის შემთხვევები: მაგალითად, მოძღვრებს აკურთხებინებენ ტელეფონებს, მანქანებს, საათებს.. და ეს ყველაფერი სერიოზულად ხდება. ალბათ, მალე გავიგებ, რომ მამაო მრევლის რომელიმე ღრმადმორწმუნე წევრს დუბაიში ნაყიდ ნამდვილ ჯინსს უკურთხებს. მერე აბსტრაქტული რაღაცების კურთხევაზეც გადავალთ.

აი, მაგალითად, დიეტაზე დაჯდომა რომ მოგინდება, მიხვალ მამაოსთან და ექვსის მერე უჭმელობის კურთხევას სთხოვ, ასევე აიღებ კურთხევას ეშმაკის მანქანა კომპიუტერისა და გარყვნილების ბუდე - ინტერნეტის გამოყენებაზეც, კურთხევას ავიღებთ მოკლე კაბებისა და ტანგების ტარებაზე, ქვეყნიდან გასვლაზე, სამსახურის დაწყებაზე, ხელფასის აღებაზე, შემდეგ სახელფასო კარტას მივიტანთ ტაძარში და ვაკურთხებინებთ. ეკლესიიდან კი დამშვიდებულები გამოვალთ, აბა რა!. ჩვენ ხომ აწი ეშმაკი ვერ მოგვერევა.

სამწუხაროა, რომ ხალხის ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყოველგვარ მარაზმს სცილდება. მათ სწამთ, მაგრამ ამ რწმენას სულელური დამოკიდებულებით ამახინჯებენ. საზოგადოების არაჯანსაღ მიდრეკილებებს კი აკვირდება და რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს ყველა: ქალი, კაცი, ძაღლი თუ მამაძაღლი. ხალხი კი ამ დროს თავს ქვიშაში ჰყოფს, მერე რა, რომ იქ დახუთულობაა?!

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მე, როგორც რიგით მოკვდავს, არ მაქვს დანარჩენების გაკრიტიკების მორალური უფლება, მაგრამ დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობას ერთი, სამასოიანი სიტყვა ზუსტად ასახავს.

აქედან გამომდინარე, მე უკვე აღარც ის გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მღვდელს რომ ახალგაზრდა წყვილი მიადგეს და სთხოვოს: მამაო, სექსი გვინდა და გვიკურთხეო.

რატომ ვერ გავხდებით UK?

ალბათ, ჩემი ბლოგის მკითხველებმა იცით, თუ როგორ დიდ პატივს ვცემ დიდ ბრიტანეთს ხალხის მენტალიტეტის, გაწონასწორებული პოლიტიკის, მოვლენების ყველაზე ობიექტური შეფასებისა და მედიის გამო, რომელზეც, უბრალოდ, ჭკუას ვკეტავ.

იმიტომ, რომ მილიბენდი ძალიან მომწონს როგორც არამხოლოდ, კაცი, არამედ, პოლიტიკოსიც, ბრიტანეთის წინასაარჩევნო მოვლენებში აქტიურად ვიყავი ჩართული.

მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფოტო 2010 წლის 6 მაისის არჩევნებიდან. ასე იხდიდინენ ბრიტანელები მოქალაქეობრივ ვალს საკუთარი ქვეყნის წინაშე.






ეს ისე, ჩვენს საარჩევნო უბნებთან შედარებისათვის.
დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.

კონკურსი თუ SMS შოუ?


”ევროვიზია 2010”-სათვის ძალიან დიდი ხნის მანძილზე ემზადება ევროპა. კონკურსანტს თითქმის ყოველდღე ეთმობა ეროვნული პრესა, ასევე, სატელევიზიო ეთერი. სოციალურ მედიაში იქმნება ფან-გვერდები, სადაც ყველა სიახლე იდება და ა.შ.

მაგრამ, პირადად ჩემთვის ამ კონკურსის არსი გაუგებარია, რადგან მონაწილე ვოკალური მონაცემებით კი არა, ესემესებითა და ქვეყნებს შორის ურთიერთობით ფასდება.

პრინციპში, ვერც იმას ვხვდები, მომღერლები ამ კონკურსზე მოსახვედრად რატომ აკეთებენ ყველაფერს? ვითომ, დიდი გასაქანიაო, მაგრამ რასაც ბოლო ხანებში ვადევნებ თვალს, გამარჯვებულები სულაც არ იმყოფებიან ნირვანაში.

აი, მაგალითად, მე ფინური ჯგუფის - ”ლორდის” შესახებ ევროვიზიიდან გავიგე, მოვისმინე მათი სიმღერა (მახსოვს, რომ მომეწონასავით) და მერე გაქრნენ, მათი კლიპები და სიმღერები არც ერთ ევროპულ მუსიკალურ არხზე არ მომისმენია და არც ინტერნეტით. ავიღოთ დიმა ბილანი. ტიპი კრუნჩხვებში ვარდებოდა, ისე უნდოდა ამ კონკურსის მოგება. მოიგო. და რა მერე? პოპულარული ისედაც იყო, ფული ისედაც ჰქონდა და გამარჯვებით რა, გზები გაიჭრა შემოქმედებაში?

მე წლევანდელი ”ევროვიზიის” ქართულ ნაწილზე მინდა ყურადღების გამახვილება. სოფო ნიჟარაძეს პატივს ვცემ თუნდაც მარტო იმიტომ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში აწყობილი საქმე მიატოვა და გუდანაბადი აიკრა. ამას ბევრი ვერ (არ) შეძლებდა. ასეც მოხდა.

სულ სკეპტიკოსის როლში ვარ, მაგრამ ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულად მეჩვენებოდა ქართველების თვითდაჯერება, რომ სოფო წელს ევროვიზიას მოიგებდა. არის რაღაცები, რამაც ძალიან გამაღიზიანა.

ვიცი, რომ უამრავი ფული დაიხარჯა სოფოს წინასაკონკურსო პერიოდზე: კაბა ”დოლჩე და გაბანამ” სპეციალურად შეუკერა, კლიპი უკრაინაში ყველაზე ძვირადღირებულმა რეჟისორმა გადაიღო, სიმღერა კი ლონდონში ჩაიწერა (არ ვიცი, ეს სპეციალური მოთხოვნაა? ყველა მანდ წერს საკონკურსო სიმღერას თუ მარტო ქართველები? ან სხვა, თუნდაც, ეროვნულ სტუდიებში, არაპროფესიონალები მუშაობენ?).

მე მიმაჩნია, რომ როცა ისეთ კონკურსში მონაწილეობ, როცა შენს ბედს, ეროვნების მიხედვით, მესიჯებით წყვეტენ, არ უნდა იყო ზედმეტად დაჯერებული გამარჯვებაში. ელემენტარულად, შეეძლოთ კაბა რომელიმე ქართველ დიზაინერს შეეკერა და არა მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს ბრენდს, კლიპიც ქართველს გადაეღო და არა უკრაინის ყველაზე ძვირადღირებულ რეჟისორს (რაღაც, ღრმა ხედვა მე კლიპში ვერ დავლანდე), ნუ, თუ მაინცდამაინც ქართველი არ გვინდოდა, შეგვეძლო უცხოელისთვის გაგვეკეთებინა, მაგრამ ისე, რომ კოლოსალური თანხა არ დაგვჯდომოდა.

ფეისბუქზე ერთ-ერთმა მეგობარმა, გამარჯვებულთან დაკავშირებულ კომენტარს, სადაც ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანული მედიის გვერდებიდან ლენას ინტერვიუები არ ჩამოსულა, მიაწერა, ”სამაგიეროდ არც დოლჩე და გაბანა ეცვა, და არც სახელმწიფო რეზერვებიდან იქნებოდა დაფინანსებული...”

კონკურსის ბოლოს რა გვიჭირავს ხელში? მეცხრე ადგილი და ჰაერში, მართლაც რომ, უაზროდ გაფანტული ფული.

და კითხვა მაქვს: როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები მიკვირიები?

P.S. მინდა, სოფოს მთელი გულითა და სულით ვუსურვო წარმატებები, რადგან ამას, თუნდაც მარტო პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს.