დაახლოებით, ხუთი-ექვსი წელია ასეთი წიკი მაქვს: ყველა საინფორმაციოს ვუყურებ, შემდეგ ვაჯამებ და ბოლოს, თუ დაღლილი არ ვარ, დასკვნები გამომაქვს.
არც გუშინდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. ზუსტად ოცდაერთ საათსა და ნულ-ნულ წუთზეტელევიზორის გატეხილი ანტენის შესაძლებლობები ”რუსთავი 2”-საკენ მივმართე და მოვემზადე საყურებლად. უცებ, პირველ ანონსად გადის: ”2012-ის შემქმნელის ალალი ბიძაშვილი თბილისშია, რას ყვება ის თავის ბიძაშვილზე”..
ჯერ ყბა ჩამომვარდა, მერე ოჯახის წევრებს შევხედე დაეჭვებულმა, ყურებმა ხომ არ მომატყუა-მეთქი და როცა მათი ანალოგიური სახეები დავინახე, გულზე მომეშვა.
თურმე, რაში ყოფილა საქმე: ანდრეა ემერიჰი იმ ავადსახსენებელი 2012-ის რეჟისორის ბიძაშვილი (თან ალალი, როგორც ჟურნალისტმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი) ყოფილა, რომელიც ერთი კვირის წინ ვნახეთ და კოშმარებით დღემდე ვიტანჯებით, ამ ქალბატონს გამოუგონია ფრენჩ მანიკური :გლეხი: და პირველად ბარბარა სტრეიზანდის გაქლიბულ-ნუნებდაჭრილ ბრჭყალებზე წაუთხაპნია.
სიუჟეტი, რა თქმა უნდა, ”კურიერის” პირველ ბლოკში გავიდა, წამყვანებმა ბედნიერი და, ცოტა შურნარევი ღიმილით განაცხადეს, 2012-ის რეჟისორის ალალ ბიძაშვილს ნინო არაზაშვილი ესაუბრაო და საღამოს ცხრა საათზე კიდეც ჩართეს ქალბატონი ნინო დილის გადაცემის წითელყვითელმწვანესიცოცხლისმოყვარული სტუდიიდან. ვფიქრობ, რეჟისორს რომ თავის ქალაში მოთავსებული ნაცრისფერი ნივთიერება აემუშავებინა, ჩართვა დილის გადაცემის სტუდიიდან არ იქნებოდა.
ქალბატონმა ნინომ ნიშნის მოგებით ისაუბრა რეჟისორის ალალ ბიძაშვილთან შეხვედრაზე, ფრენჩ მანიკურზე და განგვიცხადა, ხვალ დილის გადაცემას თუ უყურებთ, ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობთო.
გათენდა დილა. ზემოთმოწოდებულმა ინფომ ისე დამაინტერესა, რომ ადგომისთანავე ტვ-ს მივუჯექი და 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილის ინტერვიუს დავუწყე ლოდინი. სად იყო და სად არა, რომელიღაცა სასტუმროს მისაღების რომელიღაცა სკამზე დასკუპებული გვანცა დარასელია ვიხილეთ, რომლის წინაც ამავე სასტუმროს რომელიღაცა სკამზე დაბრძანებული 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილი იჯდა და მომხიბვლელი გვანცას კითხვებს ელოდა.
კითხვა ნომერი პირველი: - რამდენად ახლო ნათესავია ”ის” თქვენი? როგორი ბავშვი იყო? - კითხვა ჩავარდა, რადგან გუშინ ”კურიერიდან” მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ეს ქერა, ფრენჩ მანიკურის შემქმნელი და ბარბარა სტრეიზანდის ბრჭყალებზე წამთხაპნელი ქალბატონი 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილია. თუმცა ბიძაშვილი არ დაბნეულა და დააკონკრეტა, რომ მისი და 2012-ის რეჟისორის მამები ძმები იყვნენ.
კითხვა ნომერი მეორე: - თქვენ მელ გიბსონი გყავთ ნანახი, მოგვიყევით, როგორი ადამიანია?. - 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილი არც ამ ჯერზე დაბნეულა, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანიაო, განაცხადა და თვალები მოჭუტა (სათვალე დარჩა ნომერში)..
რა თქმა უნდა, მელ გიბსონი ჩვეულებრივი ადამიანია, ის ხომ ტუალეტშიც დადის და დილაობით კბილებს იხეხავს (იქნებ არც..), ხოლო თუ მხოლოდ ელიტარული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი - გოლფი ითამაშა, შხაპის მიღებამდე ისევე ყარს, როგორც რიგითი მოკვდავი.
კითხვა ნომერი მესამე: - რა არის საჭირო იმისათვის, რომ სილამაზის ექსპერტი გახდე?. (ამ დროისათვის ”ერორის” რომელიღაცა მოხერხებულმა რიგითმა თანამშრომელმა გუგლს მიაკითხა და აღმოაჩინა, რომ ფრენჩ მანიკურის შემქმნელი სულაც არ ყოფილა 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილი, რაც დარასელიამ მაშინვე აღნიშნა, აქაოდა, უვიცი კი არ ვარო), - ეს იმ კატეგორიის კითხვებს განეკუთვნება, როგორებიცაა” რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით? მოგვიყევით რამე თქვენს შესახებ და ა.შ. ქალბატონი არ დაიბნა, შრომა, შრომა და შრომაო, - გადააკეთა ილიჩის ცნობილი ლოზუნგი და ასე დასრულდა ინტერვიუ 2012-ის რეჟისორის ალალ ბიძაშვილთან.
მე ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტების ადგილას დავფიქრდებოდი. საკმაოდ ბევრს ვიფიქრებდი და ასეთ საპასუხისმგებლო რესპოდენტთან შესაფერისად საპასუხისმგებლო და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი კითხვებით წარვსდგებოდი, რადგანაც 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის.
მაგალითად, დავინტერესდებოდი, რას ფიქრობს რესპოდენტი საქართველოში მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, და ხმის უფლება რომ ჰქონოდა, ვის მისცემდა (რა თქმა უნდა, ხმას), გრეჩეხას, უგულავას თუ ალასანიას? ან რას ფიქრობს, რა გავლენას მოახდენს უკრაინაში იანუკოვიჩის გამარჯვება საქართველოს მომავალზე?. აუცილებლად გავიგებდი 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილის აზრს ბოლო ერთი კვირის მანძილზე ქართველებისათვის ზეაქტუალურ თემაზე, რას ფიქრობს იგი, აქვს თუ უკვე მოიჭრა კესომ?. და ბოლოს ჩემი მოკრძალებული აზრით, 2013 წლის არჩევნების ბედს გადაწყვეტდა მისი პასუხი მსოფლიოში ყველაზე ინტრიგანულ კითხვაზე: გრეჩეხა მოერევა თუ სააკაშვილი (ბრუს ლი და ჩაკ ნორისი გაცვდა უკვე).
ამ სიუჟეტებმა, დაახლოებით, ის სიტუაცია გამახსენა, მიყრუებულ სოფელში რომ პოპულარული ადამიანის ლაქია ჩავა და მთელი სოფელი ელაქუცება, აქაოდა, ”ის” ჰყავს ნანახიო. ჯერ ის ვერ გავიგე, რატომ გავიდა კურიერში (თან მთავარ ბლოკში) ვიღაცა რეჟისორის ვიღაცა ალალი ბიძაშვილის შესახებ სიუჟეტი, მერე, რა საჭირო იყო ამდენი ალიაქოთის ატეხვა, თუმცა ”ერორის” თანამშრომლები მიპასუხებენ, როგორ თუ რატომ, ეს ხომ 2012-ის რეჟისორის ალალი ბიძაშვილი იყოო..
რომ ვთქვა, შეეშალათ-მეთქი და კოლეგები დავიცვა, არ იქნება მართალი, იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა: ადრე მახსოვს, P.S.-ში გავიდა სიუჟეტი (თენგო გოგოტიშვილს პატივს ვცემ, მაგრამ მისი იყო): ჩე გევარას ძმის შვილიშვილი (OMG) ბრძანდებოდა თბილისში ჩამოსული, ტრენინგებს უტარებდა რომელიღაცა სარეკლამო კომპანიის წარმომადგენლებს. სიუჟეტი სავსე იყო ჩეს ქება-დიდებით, ბოლოს კი, მისმა ძმის შვილიშვილმა განაცხადა, არც მამაჩემი და არც პაპაჩემი ჩეს იდეებს არ იზიარებდნენ, არც პატივს სცემდნენ, მეტიც, არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და მე ხომ საერთოდ მკიდიაო. ჰხოდა, ჟურნალისტები გაღიმებული, მაყურებლები კი - გადახარხარებულნი დარჩნენ.
ამ შემთხვევის შემდეგ კი არ ვიცი მართლა რა ვთქვა, ეს რა ჭირი გვჭირს, მაშინ, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) რატომ დავდევთ ვიღაცის ყვავი ჩხიკვის მამიდებს, რატომ ვატენით ხაჭაპურს და საცივს და რატომ ვიცინით უხერხულად, როცა ყვავი ჩხიკვის მამიდა გვეუბნება, დიეტაზე ვარ და თქვენს მაღალკალორიულ საჭმელს ვერ გავსინჯავო..
ეს ხომ პროვინციალიზმია და მეტი არაფერი?! თუმცა, ქართველი ჟურნალისტები კი იქცევიან სნობებივით, მაგრამ მსგავსი სიუჟეტის გაკეთების შემდეგ რაღაზე აქვთ პრეტენზია, სიმართლე რომ ვთქვა, ვერ ვხვდები..