დილის ცხრა საათზე დასახლება ასე გამოიყურება. კაციშვილის ჭაჭანება არ არის ირგვლივ, მხოლოდ კოტეჯების გვერდით სარეცხი ჰკიდია. რატომღაც, პარალელი კარვების ქალაქთან გავავლე, გორის პარკში რომ იყო გაკეთებული 2008 წლის შემოდგომაზე. იქაც ასეთი სიჩუმე იდგა დილაობით და ჰაერში ომის შემდგომი სიტუაციის სუნი ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩასახლებული ხალხი ყოველდღიურმა რუტინამ კვლავ ჩაითრია, არ შეიძლება ქარხნული ნაწარმივით ერთნაირმა კოტეჯებმა ორი წლის წინანდელი უსამართლო ომი არ გაგახსენოს. წეროვნის ამ დასახლებაში, ძირითადად, ახალგორიდან დევნილები ცხოვრობენ, აქა-იქ ხეობის მკვიდრებსაც ნახავთ, თუმცა, ხეობის ლტოლვილების კოტეჯები, ძირითადად, გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
დასახლება გაღვიძებას იწყებს, კამერისა და ფოტოაპარატის დანახვაზე მაინც გვერიდებიან, თუმცა ინტერესით გვადევნებენ თვალს. მალე ცნობისმოყვარეობას ვერ იკავებენ და ჩვენთან სასაუბროდ მოდიან. კოტეჯებში ძალიან ცივა, - გვიყვება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, "კარმა" არ გვათბობს, უხარისხოა, და თუ დენის გამათბობელი არ ჩართე, სიცივეში მოგიწევს ყოფნაო. როგორც აღმოჩნდა, დენზე თითო სულზე 12.45 თეტრია შეღავათი, გაზზე კი 100 ლარი ოჯახზე. სწორედ დენის გამათბობლები გახდნენ მიზეზი იმისა, რომ ცოტა ხნის წინ თითოეულ ოჯახზე დენის სოლიდური დავალიანება მოვიდა, რასაც შესაბამისი მიზეზი - ელექტორენერგიის გათიშვა მოჰყვა. დევნილები არ აპროტესტებენ გადასახადს, გავეფრთხილებინეთ მაინც და ეკონომიას გავაკეთებდითო, - ქალბატონი თავჩაღუნული ხაზავს სამკუთხედებს ატალახებულ გზაზე. საინტერესოა, საიდან შეიძლება შეაგროვონ დევნილებმა დავალიანების გასასტუმრებელი თანხა, როდესაც სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია და თავს მხოლოდ დახმარებით ირჩენს, დღესაც, დილიდან რიგები იდგა პუნქტთან ფქვილის, ზეთისა თუ ლობიოს მოლოდინში:
გზა ატალახებულია:ასფალტი მხოლოდ ნახევრადაა დაგებული, სოფლის ერთ მხარეს. დასახლებას მშვენიერი სკოლა აქვს:თუმცა, კედლებზე ბზარები უკვე გაჩენილა - უხარისხო მშენებლობის შედეგი:სკოლა სოფლის ცენტრშია, მის წინ არის რამდენიმე საცხობი, სუპერმარკეტი, ამბულატორია.. სკოლიდან გამოსულებს გამოცოცხლებული სოფელი გვხვდება: რაღაცას აჭედებენ, აშენებენ, აცხობენ, იცინიან, თუმცა მათი თითოეული მოქმედების უკან მაინც დიდი ტკივილი იმალება..
ეს მაინც ცარიელი სიტყვებია. სიტყვები, რომლის არსსაც მანამდე ვერ ჩაწვდები, სანამ თავად არ გახდები ლტოლვილი - თუნდაც, ერთი თვით.
No comments:
Post a Comment