Monday 19 April 2010

მიეცით


...მათ ხმა.

საქართველოში ხარისხიანი რეკლამის კეთება ისევე არ იციან, როგორც სხვა დანარჩენი, იმიჯისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტების.

ეს აზრი მით უფრო განმიმტკიცდა, რაც თვითმმართველობის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების მომზადბული კლიპები ვნახე: ახლა დაატრიალა ”პირველმა”:

1. ”ეროვნული საბჭოს” საარჩევნო რეკლამა. რეკლამა ძველი ეროვნული საბჭოს ქება-დიდებითა და მეტანიებით იწყება და მთავრდება, მის ბოლოს კი, ნოღა, ძიძიგური და კობა ერთად ჩნდებიან საქართველოს დროშის ქვეშ. მე ხმის უფლება არ მაქვს, მაგრამ სადაც ნოღაიდელი გამოჩნდება, იმ პარტიას რომ ხმას არ მივცემ, ორი აზრი არ არსებობს და, ვფიქრობ, მსგავსი განწყობაა მოსახლეობის უმეტეს ნაწილში. ნოღა მაინც დაემალათ, რამე რომ ყოფილიყო, კობასა და ზვიადს კიდევ აიტანს ადამიანი;

2. რა თქმა უნდა, ღვთაებრივი კლიპი აქვთ ”ქრისტიან-დემოკრატებს”. უფრო მეტიც!. ოლიმპიური. სადაც ზევსის როლს გიორგი თარგამაძე, ჰერასას - ინგა გრიგოლია, წვრილ წვრილი ღმერთებისას კი დანარჩენები თამაშობენ. კლიპმა ჩემი ჯგუფელის ”ოქროვანქმნილნი” გამახსენა, რომელიც ამ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ეხებოდა (აქვე მინდა გითხრათ, რომ თვალყური ადევნეთ ზაზა გაბუნიას, ტიპი მიზანმიმართული დემაგოგია და, ეჭვი მაქვს, შემდეგი მოწვევის პარლამენტში კენჭსაც იყრის). მათი მთავარი მესიჯია:
გაზი 10 თეთრი:
დენი 5 თეთრი;
წყალი უფასო.

წყალი გასაგებია (თუმცა, მთლად ბოლომდე ვერ), მაგრამ გაზი და დენის თვითღირებულება 30 და 9 თეთრია. სამი ვარიანტი მაქვს:
ა) ხალხს ან უნიჭოდ ატყუებენ;
ბ) ”ქრისტიან-დემოკრატების” ზევსი თავისი ჯიბიდან გადაიხდის დანარჩენ საფასურს;
გ) ”ქრისტიან-დემოკრატებმა” საქართველოში გაზის უზარმაზარი საბადო აღმოაჩინეს და ჯერ მალავენ.

3. გოგი თოფაძის სარეკლამო კლიპის ნახვისას ერთადერთი ეპითეტი დამებადა: ანტირეკლამა. ვისაც არ გინახავთ, წარმოიდგინეთ ღამე განათებული თბილისი, ლაღიძის ”თბილისო”, მოკლედ, ამაღლებულ განწყობაზე ხარ. ამ დროს ჩნდება გოგი თოფაძე და ამბობს: ”ცოდო არ არის, ასეთი ლამაზი ქალაქი და ხალხი გააქციო”. თქვენთან ბოდიში, მაგრამ, გოგი, ვინ გაანათა თბილისი?

4. და ბოლოს, ყველაზე იდიოტური რეკლამა: დიდი ხანი არ არის რაც ინტერნეტში კოტიკო თოლორაიას სიმღერა გამოჩნდა სათაურით: ჩვენი ხმა ვის? გიგის.. სიმღერა სახალისოა და გათვლილია თინეიჯერებზე, მაგრამ დამწერს (ალბათ, ისევ გოგა ხაჩიძეს) დაავიწყდა, რომ თინეიჯერების უმეტესობა არჩევნებში არ მონაწილეობს, 18 წლის ახალგაზრდას კი მუსიკალური გემოვნება საგრძნობლად აქვს დახვეწილი. მიუხედავად იმისა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ წაუყენებია, კლიპი მოგვიწოდებს, მივცეთ გიგის ხმა.

ეპილოგის მაგივრად: წავალ ახლა მე, მსოფლიო გონთან ამ რეკლამებზე ვიმსჯელებ.

გზა მდინარის გავლით

”გმირთა მოედანზე” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს რომ ზოოპარკი და მზიური ეწირება, დიდი ხანია ცნობილია. ამ ფაქტზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა, ალიაქოთი მალევე მიწყნარდა.

თუმცა, ამჟამად სულ სხვა რამეზე ვაპირებ თქვენი ყურადღების შეჩერებას. ბოლო პერიოდია, რაც ვარაზისხევზე თითქმის ყოველდღე მიწევს ასვლა და იქიდან ვაკვირდებოდი მდინარე ”ვერეზე” მიმდინარე სამუშაოებს: ჯერ გადაღობეს, ახლა კი, ბეტონის დასხმა დაიწყეს და მასზე ”გმირთა მოედანისა” და თამარაშვილის შემაერთებელი მაგისტრალი გაივლის. 

ერთი მოკრძალებული კითხვა თუ შენიშვნა მაქვს: ის რკინა, რომლითაც მდინარეს მზე დაუბრმავეს, რამდენხანს გაძლებს? და ზედ მაგისტრალის გავლის შემთხვევაში რამე იაღლიში რომ მოხდეს ორი, სამი, ხუთი წლის შემდეგ, რას ფიქრობენ ამაზე (თუ, საერთოდ, ფიქრობენ), ყველაფერი ხომ თავიდან გასაკეთებელი გახდება?

Wednesday 14 April 2010

ვინ იქნება შემდეგი?


2010 წლის 10 აპრილს, მოსკოვის დროით 10:56 წუთზე, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, რუსული წარმოების თვითმფრინავი - TU-154  ჩამოვარდა. მასში პოლონეთის მთავრობის ელიტა იჯდა. მათ შორის, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად.

მას მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა უშიშროების მიერ ათასობით პოლონელის დახოცვიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალში.

თვითმფრინავში მყოფი 94 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში, საგამოძიებო კომისიას სათავეში ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა. პოლონელები ამ საქმეს თავადაც გამოიძიბენ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სმოლენსკს პოლონეთის პრიკურატურიდან საგამოძიებო ჯგუფი ესტუმრა.

მსოფლიოსა და საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა აზრი, რომ ეს ტრაგედია სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა, გამოსარიცხი არაფერია, თუმცა მინდა ყურადღება იმ ეჭვებსა და გარემოებებზე გავამახვილო, რომლებიც ამ ტრაგედიას უსწრებდა წინ.

ცნობილი ხდება, რომ კატანის ღონისძიებაზე ლეხ კაჩინსკის მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, რასაც რუსეთის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, პრეზიდენტმა თავისი მაინც გაიტანა და სმოლენსკში გაფრინდა.

რუსული საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, ავიაკატასტროფა მფრინავის შეცდომის ბრალი იყო, მან კარგად არ იცოდა რუსული, რის გამოც ვერ გაიგო, რას ეუბნებოდა დისპეჩერი. პოლონური მხარე საპირისპიროს ამტკიცებს. მათი თქმით, მფრინავი თავისუფლად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს, გარდა ამისა, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომსა და მის შემოგარენს ძალიან კარგად იცნობდა.

თვითმფრინავმა დაჯდომა სამჯერ სცადა, მესამე ცდა საბედისწერო აღმოჩნდა. არ გამორიცხავენ, რომ ნისლის დროს დაჯდომა პრეზიდენტის მოთხოვნა იყო. ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, მას თბილისის აეროპორტში სურდა დაფრენა, უსაფრთხოების მიზნით კი მფრინავმა ბაქოში დაჯდომა გადაწყვიტა, ამის შემდეგ კაჩინსკიმ ის სამსახურიდან გაათავისუფლა. 

საეჭვო გარემოება კიდევ ერთია: შავი ყუთის აღმოჩენიდან რამდენიმე წუთში, სმოლენსკში პუტინი ჩავიდა.

წინაპირობა კი ისეთია, რომ პოლონური და რუსული საგამოძიებო ჯგუფები სხვადასხვა შედეგებს დადებენ.

ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ უნდა ემგზავრა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს სამი ათეული წლის წინ ვადაგასული Tu-თი? რატომ არ გამოიყო პრემიერის მიერ ბოინგის საყიდელი თანხა? ნუთუ პოლონეთი ისეთი ღარიბია, რომ სახელმწიფოს ერთი ბოინგის საფასური მნიშვნელოვან ვალად დააწვებოდა? და მაინც, ეს ყველაფერი ხომ არ ემსახურებოდა იმას, რომ კაჩინსკის სმოლენსკში გამგზავრებაში ხელი შეშლოდა?

კითხვები ძალიან ბევრია, პასუხები - ცოტა. იმედია, როდესმე აუცილებლად აეხდება ფარდა ამ ტრაგედიას.

საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგედია ძალიან განიცადეს. ვინ იყო ჩვენთვის კაჩინსკი?
მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს დასახმარებლად. 

რას ნიშნავს მისი დაღუპვა?
ევროპაში ყველაზე დიდი მხარდამჭერის დაკარგვას, რაც ჩვენს მდგომარეობაში კარგს არაფერს ნიშნავს.

და კიდევ: ხომ არ ვიწროვდება წრე საქართველოს გარშემო?

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულმა ძალამ გაიმარჯვა და ვხედავთ, თუ როგორ უბრუნდება ნამდვილი ევროპული ქვეყანა რუსეთს; ბიშკეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, უკრაინის მსგავსად, ყირგიზეთშიც პრორუსული ძალა მოვიდა. ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის მთელი პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკური ელიტა ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 10 კვირაში ცნობილი გახდება ამ ქვეყნის ახალი მმართველი ძალის ვინაობა. 

ამ ყველაფერს თუ ლოგიკით მივყვებით, შემდეგი საქართველოს ჯერია. ბოლოს ბალტიისპირეთსაც მიუკაკუნებენ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მცირე ხნის წინ პოლონეთში ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. იმდენად დიდი, რომ მთელი ევროპისათვის საკმარისი იქნება. ეს ისე, ინფორმაცია განსჯისათვის.

საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით, საკუთარ მოსაზრებას გამოვთქვამ და ვიტყვი, რომ ისევე, როგორც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, 10 აპრილის პოლონური ტრაგედია შემთხვევითობა არ მგონია, მაგრამ თუ ვცდებით, მაშინ რუსეთს ძალიან გაუმართლა.

რაც არ უნდა იყოს, წარსული წარსულია, მას ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა რიგი მოვლენის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?!