Sunday 31 January 2010

პრეზიდენტის საიდუმლო


1993 წლის 31 დეკემბერს, ღამის პირველის ნახევარზე კარლო ღურცკაიას ოჯახში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია.
მისი გარდაცვალებიდან დღემდე საზოგადოებას არ ასვენებს კითხვა: მოკლეს თუ თავი მოიკლა პრეზიდენტმა? სიმართლის დადგენას ამ 17 წლის მანძილზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხისაგან დაკომპლექტებული კომისიები სწავლობდნენ. შევარდნაძის დროს შექმნილმა კომისიამ გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა გამოაცხადა.

2009 წლის სექტემბერში ჯონდი ბაღათურიასა და გია თორთლაძის ინიციატივით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი ფაქტების დამდგენი კომისია შეიქმნა და საზოგადოების ერთ ნაწილში მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ, ბოლოსდაბოლოს, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა. 

კომისიას დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა თავმჯდომარე. მანამ, სანამ კოკო გამსახურდიამ არ მიიღო პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება. 2009 წლის 19 იანვარს ის მოსკოვში გაემგზავრა ყოფილი შს მინისტრის -შოთა კვირაიას, ყოფილი თავდაცვის მინისტრის - თენგიზ კიტოვანისა და ყოფილი უშიშროების მინისტრის - იგორ გიორგაძის დასაკითხად. საინტერესოა ის, რომ ამ ადამიანებმა თავად გამოთქვეს კომისიასთან თანამშრომლობის სურვილი.

კოკო გამსახურდია მოსკოვში მარტო გაემგზავრა. მას მხოლოდ ერთი ექსპერტი - მიხეილ ოსაძე ახლდა. როგორც presa.ge - სთან გაკეთებულ ინტერვიუში  ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, ოსაძე ის ადამიანია, რომელიც შეხვედრას უზრუნველჰყოფს. კოკო გამსახურდია ჯერ არ დაბრუნებულა რუსეთის დედაქალაქიდან, თუმცა 30.01.10 იანვარს "P.S."-ში გასულ სიუჟეტში განაცხადა, დაკითხულთა პასუხებიდან გამომდინარე, ზვიად გამსახურდია მოკლულია!.

სხვათაშორის, ზემოთ აღნიშნული სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში, ჯონდი ბაღათურია აღნიშნავს:

"გაქვთ მერე ეს მტკიცებულებები და შესძლებს თუ არა კომისია დაამტკიცოს, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლეს?
– წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ, წესით, ეს ასეც უნდა მოხდეს. მე არ ვამტკიცებ მკვლელობის ვერსიას, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით, რომ ეს აზრი გაამყარა უკვე არსებული საგამოძიებო მასალების შესწავლის პროცესმა…"

თუმცა მანამდე, ყველას გვახსოვს ერთ-ერთ ვიდეოპორტალზე დადებული გიორგი გამსახურდიასა და ჯონდი ბაღათურიას სატელეფონო საუბარი, სადაც გამსახურდია ამ უკანასკნელს ემუქრება თუ არ დაანებებს თავს მამამისის სიკვდილის ფაქტების გამოძიებას. ფაქტია, რომ გამსახურდია ნერვიულობდა. რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი, თუ არა ის, რომ კომისიის გამოძიება პირველი პრეზიდენტის ოჯახისათვის არასახარბიელო დასკვნას დადებდა?!

მე ნამდვილად ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ თუ ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებთ, გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზი სუიციდი უნდა იყოს, რომლის მკვლელობაში გატარებისთვისაც მისმა ოჯახის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს.

ექსპრეზდენტის ოჯახის წევრებმა გვამის გროზნოში გადასვენება რომ მოითხოვეს, ქართული მხარე თანახმა იყო, თუ ექსპერტიზა ჩატარდებოდა. გამსახურდიას ქვრივმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ ამ პროცედურის ჩასატარებლად საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია და გამსახურდიას ახლობლებს სრული უფლება ჰქონდათ, დასწრებოდნენ ექსპერტიზას, რომ ეჭვი არაფერში შეპარვოდათ. თუმცა პირველი პრეზიდენტი ისე დაკრძალეს, რომ მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დღემდე გაუგებარი დარჩა. 

დღევანდელ კომისიასთან დაკავშირებით, ჩნდება უამრავი კითხვა: რატომ არის კოკო გამსახურდია ამ კომისიის თავმჯდომარე? რატომ წავიდა მოსკოვში მარტო მთავარი მოქმედი პირების დასაკითხად და ხომ არ იქნება კომისიის დასკვნა სუბიექტური?

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომისიის დასკვნის ობიექტურობაში, მე პირადად, ეჭვი მეპარება, თუნდაც, ბაღათურიას განცხადებიდან გამომდინარე, რადგან ვფიქრობ, კომისიის შექმნის საბაბი არა გამსახურდიას მკვლელობის დამტკიცება, არამედ, რეალურ ფაქტებზე მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის დადგენა უნდა იყოს. 

Saturday 30 January 2010

ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა


დასამალი აბა რა არის?!.
სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი ჩემს თანამიწელზე (არ ვიტყვი რუსულ სიტყვას) წერას, რომ არა ერთ-ერთ ყვითელ საიტზე მის მიერ შევსებული ინტელექტუალური ტესტი, რამაც ყბა ჩამომიგდო ისე, რომ სამი დღეა ვერ გამისწორებია.

რამდენად მოგეხსენებათ ყველას არ ვიცი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გორი არც ისე, მაგრამ მაინც პატარა ქალაქია, სადაც ყველა ყველას იცნობს, ჰხოდა..

ჰხოდა, თუ ნინას მამის ფინანსებს გავითვალისწინებთ, ვფიქრობდი, რომ საფუძვლიანი განათლების მიცემა არ უნდა გასჭირვებოდა შვილებისათვის. რა თქმა უნდა, ისინი თავში რამდენად ჩაიყრიდნენ ცოდნისმაგვარს, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც..

ზემოაღნიშნულ ყვითელ საიტზე ნანახმა კი ისე აღმაშფოთა, რომ გადავწყვიტე, თქენთვისაც გამენდო ჩემი აღშფოთების მიზეზი. მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით:

კითხვაზე, ვინ დახატა ”საიდუმლო სერობა” (ნახატი, მხოლოდ მის გამო რომ ვოცნებობ მილანში მოხვედრას), პასუხობს, რომ არ ახსოვს. არადა, არ იცის, რა დასამალია? სამაგიეროდ, იცის ფრანგული და კიდევ ის, რომ ” კულტურა საკმაოდ დიდი ცნებაა, რომელსაც ხელოვანი ადამიანები ქმნიან”.. ნუ, მე დიდად მეპარება ეჭვი რომ ”კულტურის სოციოლოგია” ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ მაინც ამომწურავი პასუხია არა?..  

მერე რა, რომ არ ვიცი ვინ დაწერა ”მატეო ფალკონე”, რა წესია, სტუდენტობის წლებში მაბრუნებთ? უი, სტუდენტობაზე გამახსენდა, მე უნივერსიტეტში ფრანგულს ვეუფლებოდი. ან საერთოდ, რა ცხოველია მატეო ფალკონე? აა, ფრანგული შოკოლადია? მე მიყვარს ფრანგული შოკოლადები, მაგრამ ეს სიმბოლური სახელები და გვარები არაფერს მეუბნება.

ნინა, ”მატეო ფალკონე” მოთხრობა ყოფილა და არა ფრანგული შოკოლადი, თან თურმე ვიღაც პროსპერ მერიმეს დაუწერია.. 

- უი, მართლა?

ეს მაინც სიმბოლური სახელი და გვარია, მისთვის ორივე ერთი და იგივეა. და საერთოდ, სტუდენტობაში აქვს ეს ყოველივე წაკითხული.. ოჰ, ეს სტუდენტობა.. რა შორი და რა ტკბილია.. უფრო ტკბილია სკოლის წლები, მერე რა, რომ არ გაგვიგია ”თავსაფრიანი დედაკაცი”. მოიცა, ნიკო ლორთქიფანიძე.. აა, შეგეშალა, ის ვაჟა იყო, ლორთქიფანიძე, შევარდნაძის დროს რომ პრემიერობდა!.

სამაგიეროდ, ნინა გიჟდება მარკესზე, მარკესი ეს არის ლიტერატურის, მწერლობის აპოლოგეტი!. მარკესი მამაა!.. მამათა მამა!.

ჰო, აბა რა. საქართველოში ხომ ყველაფერი მოსულა, ბონდოიამ ჯონდი დააორსულა კი არა, თუ მარკესს კითხულობ, განათლებული და კარგი ტიპი ხარ. უფრო სწორად, მარკესს კი არა, ”მარტოობის ას წელიწადს”. რაა? მარკესი სხვა რამეებსაც წერდა??

არაუშავს, ნინა, ჩემს ერთ ჯგუფელს ”ჯაყოს ხიზნები” არ აქვს წაკითხული, ისიც არ იცის ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი, მაგრამ შენსავით განათლებულია, უფრო ზუსტად, შენზე განათლებული - უყვარს მარკესი და კიდევ ერთი წიგნი აქვს წაკითხული..  

ეჰ, ნინა, ნინა.. მაპატიე, მაგრამ შენ რომ ქართულ ლიტერატურას იცნობდე, არ იტყოდი, რომ ვარდის მიერ გაფურჩქნული კოკორი, იას რომ გადახვევია, სტალინის კი არა, აკაკის დაწერილია. ჰო, როგორც მახსოვს, არც ისე შორს ცხოვრობ მისი სახლიდან!.. უი, მაპატიე, ნინა, შენ გცოდნია, რომ აკაკი წერეთელი გარყვნილი იმერელი თავადი კი არა, პოეტი იყო და ”სულიკოც” დაუწერია, ჰო, მართლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს სტალინისა და აკაკის შემოქმედება, რომელი რომლის პლაგიატორია, ვერ გაარკვევ ერეკლეს ხმალივით.. 

სამაგიეროდ, ნინამ კომპუტერი და ფრანგული იცის, ახლა კი ინგლისურ ენას (ლიტერატურა არ გვინდა, მოაშორეთ!) ეუფლება აი, დზააააან სვეცკი ბრითიშ ჰაუსშიიიი... :პრონწკ:

ჰო, მეგობრებო!. ნინა წკრიალაშვილი კულტურის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლავთ. არა, არ გეხუმრებით, დედას ვფიცავარ!.

Monday 18 January 2010

იუმორი ქართულად

ქართველები რომ ყველაფერში ზეკომპეტენტურები ვართ, თქვენთვის ახალი ამბავი არ უნდა იყოს. ეს პირველ რიგში სიმღერას და იუმორს შეეხება.
ამ ეტაპზე ყურადღების გამახვილებას ქართულ იუმორზე ვაპირებ, თუმცა, არ ვიცი რა სიტყვა მოვძებნო მას დასახასიათებლად. არც წინადადება.
ამიტომ, უბრალოდ მივყვები ქრონოლოგიას და ვნახოთ, რა გამოვა.

როგორც კომპეტენტური და მრავალგზის გამოცდილი ადამიანები ამბობენ, იუმორის კეთება ეს არის ყველაზე რთული საქმე. ამ მიმართულების ხარისხიანი პორიდუქტის შესაქმნელად საჭიროა ინტელექტი, გონებამახვილობა და ა.შ. არც ის არის საიდუმლო, რომ ხარისხიანი იუმორის კეთებას დრო სჭირდება. დრო და რესურსები.

ქართულ იუმორისუტულ სფეროში ყველაფერი სხვანაირადაა. ერთ, არცთუ მრავალრიცხოვან გუნდს შეუძლია აკეთოს კვირაში სამი იუმორისტული შოუ და პრეტენზიები ჰქონდეს ჯანსაღ იუმორზე. თუმცა, ეს მაყურებლის ბრალიცაა. ისინი იღებენ იმას, რასაც აწოდებენ. მერე რა, რომ მათ უმეტესობას არც კი ეღიმება შემოთავაზებულზე.

აშკარაა, რომ იუმორის მხრივ თვით იუმორისტებს აქვთ სერიოზული პრობლემები. აბა რას დავაბრალოთ შავი იუმორის გამოჩენა ეთერში?! როგორც წესი, ამ მეთოდს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც აღარ ძალუძთ რაიმე ღირებულის შექმნა, თუმცა ქართველ იუმორისტებს ღირებულის შექმნა როდის ძალუძდათ, პირადად მე, მიჭირს ამის გახსენება.

"Club show" კრიზისის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ჯერ იყო და, ერთი ერთზე გადმოიღეს რუსული ვარიანტი, თუმცა, ძალიან შეცდნენ. ნახევრადშიშველი გოგონების ჩვენებითა და ბილწსიტყვაობით ვერ ხერხდება იმ დიდი კონტრასტის დაფარვა, რომელიც შოუს რუსულ ვარიანტთან არის. მით უმეტეს, ქართველ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, იხილოს რუსების მიერ გაკეთებული ეს შოუ და დასკვნები თავად გამოიტანოს.

ისე, აზრად მომივიდა, ხომ არ ჯობს, რუსების იუმორი გადმოთარგმნონ და ის დადგან, ოდნავ მაინც შეიძლება გაეღიმოს კაცს. თან არც ქართველი იუმორისტები იწვალებენ უნიჭო ამბების მოფიქრებით.

უზარმაზარი შესავლის შემდეგ გამოვტყდები, რომ ამ პოსტის დაწერა გოჩა თანდარაშვილის ინტერვიუმ გადამაწყვეტინა, სადაც აქტიურად დასცინის "იუმორინას":

 "იუმორინას" იუმორი მართლა ძალიან ცუდია, ასეთი ხუმრობები შეგიძლია, ნებისმიერ სუფრაზე მოისმინო, თუმცა, მგონი, სუფრაზე უფრო კარგად ხუმრობენ. ასეთი იუმორი ძალიან ახლოსაა საზოგადოებასთან, "პაპსა" იუმორია. ეს ყველაზე კარგად იყიდება. "პაპსა" იუმორის ნათელი მაგალითია "იუმორინას" პერსონაჟი, სომეხი ტიპი, რომელსაც გოგა პიპინაშვილი თამაშობს." 

გოჩა აქვე აღნიშნავს, რომ "ამას ჩვენც ხშირად ვაკეთებთ. ამას ხაზგასმით ვამბობ", და მიზეზად არა ურესურსობას, არამედ მაყურებელთა მოთხოვნებს ასახელებს. თუ დამნაშავე მხოლოდ ქართული ე.წ. საზოგადოებაა და ქართველი იუმორისტები ჭეშმარიტი იუმორის ტექნიკურად ვერგაკეთების გამო წუხან, მგონი, არაფერი დაშავდებოდა, ოთხ თუ ხუთ სკეტჩიან "Comedy Show"-ში ერთი ნორმალური სკეტჩი გაეკეტებინათ, თუნდაც ისეთი, როგორიც ინგლისური იუმორია. გოჩა თანდარაშვილი ხომ იძახის, "მომწონს ინგლისური იუმორი, "- ო?!.   
თუმცა, ეს ხომ საშიშია, ხალხი ვერ გაიგებს ზეიუმორს (და ვინ დაასკვნა, რომ ინგლისური იუმორი ზეა?.   )

ზოგადად, მაყურებლის მოტყუება დიდი ვერაფერი მოგების მომტანია. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ.. მეხუთედ უკვე ვეღარ გამოდის ეგ ამბავი ძველებურად. ესოდენ ძვირფასი ნდობაც იკარგება. ნათელ მაგალითად შემიძლია "ახალი წელი შუა ქალაქში" მოვიყვანო,  რომელმაც მაყურებელს ყველანაირი მოლოდონი გაუცრუვა. პირადად მე, თავიდანვე ვიფიქრე, რომ სცენაზე გადმოტანილი სერიალი წარუმატებელი პროექტი იქნებოდა და, როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ. 

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სასცენო "შუა ქალაქის" მომზადებას მხოლოდ 10 დღე გამოეყო. ვფირქობ, ეს მეტი არფერია თუ არა მაყურებლის აბუჩად აგდება. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ფინანსური დაინტერესება პირველია ყველა სხვა ინტერესს შორის, მაგრამ ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო აუდიტორიის მიმართ, რათა  საერთოდ არ დაკარგო ის. " ახალი წელი შუა ქალაქში" ნამდვილად წამგებიანი ნაბიჯი იყო ტელეპროექტისთვისაც, კარგი იქნებოდა, თუ გაითვალისწინებდნენ მოსალოდნელ შედეგებს.

ტელეეთერში ამ კონცერტის გაშვების შემდეგ, სოციალურ საიტ http://www.forum.ge/-ზე სპეციალური თემაც გაიხსნა, სადაც იუზერები თავის აზრს აფიქსირებდნენ. შალვა რამიშვილმა მოტყუებულ მაყურებელს რჩევები მისცა, აუკრძალა უარყოფითი აზრების გამოთქმა აღნიშნულ ტელეპროექტზე და, საოცარია, მაგრამ დავით გოგიჩაიშვილის აქტიურ დამცველად მოგვევლინა, არადა, თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ იყო, ქართულ იუმორისტულ სამყაროში "მამათა და შვილთა"  დიდი დაპირისპირება!
აქვე რამდენიმე სიტყვას სამსონაძეებზეც ვიტყოდი, მისი მაყურებელი რომ ვიყო..   

ფაქტი ერთია: ქართველებს არ გამოსდით იუმორისტული შოუების გაკეთება არა იმიტომ, რომ არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ არ აქვთ ამის ინტელექტუალური რესურსი. ის, რაც 90-იან წლებში გააკეთეს, ნოუჰაუ იყო ჩვენთვის, შესაბამისად, ერთგვარი გადატრიალებაც მოახდინა ("რადიო 105", "დარდუბალა" და ა.შ.), თუმცა ამის შემდეგ იუმორისტები დიდად არც გაზრდილან. პირადად მე, კარგად მახსოვს "რუსთავი 2-სა" და "202-ის" გუნდების დაპირისპირება. ჯერ კიდევ მაშინ მღრღნიდა ეჭვი, რომ მიზეზი ფინანსები იყო.

როგორც არ უნდა იყოს შიდასამზარეულოში საქმე, მაყურებელი ხედავს იმას, რასაც აწვდიან. მიწოდების პროცესში კი, ბევრი რამის გათვალიწინებაა საჭირო, რათა აუდიტორია შეინარჩუნო. არ არის საჭირო კვირაში სამი, ოთხი ან ცამეტი გადაცემის კეთება, რადგან როგორც ჩვენი ჩრდილოელი მტერ/მეზობლები იტყოდნენ, "მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა".

Sunday 10 January 2010

"Atrack, Munhausen, atrack" - ანუ ქართული ვარიანტი


თუ არ წაგვიკითხავს, თითოეულ ჩვენგანს მაინც სმენია გერმანელი ბარონის - მიუნჰაუზენის შესახებ, რომელიც გამუდმებით იტყუებოდა. არა, ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის ცრუპენტელა ბარონის შესახებ წერა, უბრალოდ, განწყობა "P.S."-ის გუშინდელმა სიუჟტმა მომიტანა.

ბევრი "პროფესიონალი" ჟურნალისტის მხრიდან გამიგია თენგო გოგოტიშვილის შეფასებები, რომ ის არის ცოცხალი მაგალითი, თუ რას  არ უნდა აკეთებდეს ჟურნალისტი. შეიძლება მართლებიც არიან, თუმცა მიმაჩნია, რომ სხვა დანარჩენებზე კეთილსინდისიერად იქცევა: მათგან განსხვავებით მყარი პოზიცია აქვს და არც მალავს. ალბათ, სწორედ ეს და ჩვენი იდეოლოგიური პოზიციების მეტ-ნაკლები თანხვედრის ბრალია რომ მის სიუჟეტებს ყოველთვის ხალისით ვუყურებ. 

თუმცა, როდესაც ბარონ მიუნჰაუზენისადმი მიძღვნილი სიუჟეტი ვნახე, ცოტა არ იყოს, აღშფოთებამ მომიცვა. დრამატურგიულად თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სიუჟეტის თემა იყო ბარონ მიუნჰაუზენის სახლ-მუზეუმი, რომელიც ლატვიაში მდებარეობს, დამთვალიერებლებს კი ბარონის "ცოლი" მასპინძლობს. ჯერ ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, ვფიქრობდი, რა გაუჭირდა გოგოტიშვილს ისეთი, რომ ზღაპრის გმირებზე დაიწყო სიუჟეტების კეთება-მეთქი, მაგრამ მთავარი სიურპრიზი სიუჟეტის დასკვნით ნაწილში გველოდა. 

თურმე, ნუ იტყვით, ბარონი მიუნჰაუზენი სულაც არ ყოფილა ბარონი. ეგ კი არა, არც გერმანული ფესვებით ტრაბახი შეეძლო. რიგითი რუსი ჯარისკაცის სამხედრო მუნდირს ატარებდა და ტყუილებში ცხოვრობდა. ავტორმა არ დაიზარა და შემოგვთავაზა ნაწყვეტები ლატვილების მიერ ბარონზე გადაღებული მულტიპლიკაციური ფილმიდან, რომლის სათაური ორიგინალში ასე ჟღერს: "Atrack, Munhauzen, atrack". არა, ნუ ნერვიულობთ, ქართული უწყინარი სიტყვა "კაცისა" არ იყოს, რომელიც იტალიურად სულაც არ ჟღერს უწყინარად, სიტყვა "atrack" ლატვიურ ენაზე "ჩქარას" ნიშნავს.

არ ვიცი, რას იფიქრებდნენ ლატვიელები სიუჟეტი რომ ენახათ, მაგრამ მისი ხილვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთელი ხუთწუთიანი მასალა სწორედ ამ სიტყვის ორიგინალურ ვარიანტში, ოღონდ - ქართული კონტექსტით გამოყენებას ეძღვნებოდა. საფინალო ფრაზა, ასე ჟღერდა: "რუსებო, ნუ გაგვიatrackეთ საქმეო"..

რა დასამალია და, აღშფოთებული დავრჩი, რადგან ჟურნალისტს აშკარად ზედმეტი მოუვიდა. საერთოდაც, ამ პროფესიის სპეციფიკურობა და მთელი ეშხი ისაა, რომ სათქმელს ფორმა მოუნახო. გოგოტიშვილის ბოლოდროინდელი სიუჟეტებიდან კი უფრო მეტი და მეტი ღვარძლი, და ბილწსიტყვაობის მცდელობა ჩანს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ან სათქმელი, ან გამოხატვის ფორმა ამოეწურა. 

ამ შემთხვევაში ფორმაა აშკარად შესაცვლელი, თორემ მაყურებელში გაღიზიანებას იწვევს. რადგან, რაც არ უნდა კარგად იყოს გაკეთებული, ერთი და იგივე ფორმა მომაბეზრებელი ხდება, თან თუ ტენდენციურობა აშკარად შესამჩნევია და ჟურნალისტის თავს ფრთების გაშლის უფლებასაც აძლევს.

ეს ერთი და მეორე, მაინტერესებს, "პოსტკრიპტუმს" ჰყავს თუ არა რედაქტორი, რომელიც ამოწმებს სიუჟეტების ხარისხს? ხომ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო და თუ მაინცდამაინც გინდა ჩარჩოებიდან გამოსვლა, ამისათვის გინებასა და ბილწსიტყვაობაზე  მწარე ფორმა მონახო? და თუ ჟურნალისტი თავად ვერ ავლებს ზღვარს, ვიღაცამ ხომ უნდა მისცეს მითითება?

პირადად მე, "P.S."-სთან სხვა პრეტენზიებიც მაქვს, რომელიც ამ პოსტის თემა არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას და ცალკე პოსტს მივუძღვნი.

Saturday 2 January 2010

წლის ადამიანი 2009

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა. საქართველოს მოსახლეობის ვირტუალურ სივრცეში განსხეულებულ ნაწილს შეეძლო გამოეყო თავისი ძვირფასი დროიდან მცირეოდენი, შესულიყო "პირველის" საიტზე და აერჩია 2009 წლის ადამიანი, რომელმაც, აწ უკვე გასულ წელს, საქართველოსათვის მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. ჩამონათვალში ფიგურირებდნენ როგორც ქართველი, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, მათ შორის ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, რენე ჰარლენი, ანდრეი ნეკრასოვი და სხვები..

უკანასკნელ ორზე ცოტა არ იყოს, უხერხულად ჩამეცინა და შემრცხვასავით, მაგრამ არ შევიმჩნიე. საოცარია და, არცთუ ძალიან გამკვირვებია, როდესაც 2009 წლის ადამიანის ტიტული ანდრეი ნეკრასოვმა მოიპოვა ფილმისთვის "რუსულის გაკვეთილები".

ამ ფილმის შესახებ მე უკვე გამოვთქვი ჩემი სუბიექტური მოსაზრებები პირად ბლოგზე დღემდე ვრჩები ამ მოსაზრების  ერთგულად და აღშფოთებით ვარ მოცული ქართველების, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაზე.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დედამიწის გარკვეული სახელწოდებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ის ტერიტორია ძალიან უყვარს. თუმცა, შეიძლება არ უყვარდეს ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ მიწის ნაგლეჯს. ხშირად გვაღელვებს მათ მიერ ჩადენილი უსამართლობები და თუ გამბედაობა გვაქვს, ვცდილობთ ვამხილოთ ისინი. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უარს ვაცხადებთ ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე, რომლებიც უკვე გენში გვაქვს გამჯდარი. 

ვფიქრობ, სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება ანდრეი ნეკრასოვი, რომელმაც, ალბათ, ძალიან ბევრი რამ დადო სასწორზე, ჩეჩენეთის ომსა და ანდრეი ლიტვინენკოზე რომ გადაიღო დოკუმენტური ფილმები. ფილმები, რომლის ნახვის შემდეგ არ შეიძლება სიმპათიით არ აღივსო ამ ადამიანის მიმართ და, თუ ასე თუ ისე ერკვევი მისი საქმიანობის სფეროში, პროფესიონალიზმიც აღგაფრთოვანებს.

თუმცა, გაოგნებული დავრჩი იმით, რაც ვნახე აგვისტოს ომზე. პროფესიული თვალსაზრისით, ეს სრული კრახია.  მუსიკალური გაფორმება - ნული, ბევრი უვარგისი კადრი, გაწელილი ეპიზოდები.. ორსაათიანი ფილმის სათ-ნახევარზე, საათსა და ათ წუთზე ჩამოყვანა თავისუფლად შეიძლებოდა. გარდა ამისა, ბოლოში სრულიად ზედმეტია ბესლანისა და აფხაზეთის მოვლენების გაშუქების მცდელობა. რადგან ერთიც და მეორეც საკმაოდ ტევადი თემებია და ცალკე ფილმებს ნამდვილად იმსახურებს. ხოლო თუ მაინცდამაინც სურდა, ამ მოვლენების გაერთიანება, შეეძლო ტრილოგია გაეკეთებინა სათაურით "რუსულის გაკვეთილები." 

ყველაზე ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ჩემთვის მაინც ნეკრასოვის ბოდიშები იყო ფილმში, შვილმკვდარ მშობლებს რომ უხდიდა რუსის სახელით. ის შეიძლება გულწრფელი იყო, მაგრამ არის მომენტები, როდესაც "დუმილი იგი ოქრო არს". 

ქართველებმა ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ამ ფილმს. ისე დახატეს, თითქოს, ეგ არის და დაკარგული ტერიტორიები დაგვიბრუნეს. აქებდნენ ყველაფერს რაც ამ ფილმში იყო და როგორც იყო. ყველა აღნიშნავდა, რომ რუსის მიერ გადაღებული ამგვარი ფილმი, ძალიან მნიშნველოვანია და აშ. და ა.შ, თუმცა, არავის წამოსცდენია, თუ როგორი სუსტია აღნიშნული ნაწარმოები პროფესიული კუთხით. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც "მტერი"  ცდილობს მოვლენების ობიექტურ გაშუქებას, რომელშიც შენ გამართლებული გამოდიხარ, მაგრამ აშკარად ზედმეტი მოგვდის. და ამის ნათელი მაგალითია თბილისის ქუჩები, კვარტალში ერთხელ რომ უცვლიან სახლებს.

გამოკითხვის თანახმად, უნდა დასახელებულიყო ადამიანი, რომლემაც 2009 წელს ყველაზე მეტი რამ გააკეთა საქართველოსთვის. ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჟღერს ამ სიაში ნეკრასოვისა და ჰარლენის შეტანა.

ამგვარი გამოკითხვები კი, ჩემი აზრით, ძალიან დიდი სისულელეა. ისევე, როგორც მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანები.. კარგად მახსოვს, რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ პროექტმა, მართალია, სასაცილო მოტივებზე( უნდა ყოფილიყვნენ თუ არა წმინდანები და ზვიად გამსახურდია შეყვანილი ამ სიაში თუ არა), მაგრამ მაინც.. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ფაქტის შემდეგ, არ მახსოვს მერამდენედ შემრცხვა ქართველობის გამო.

არ ვიცი, რა დავარქვა ჩვენს ამგვარ დამოკიდებულებას, რომელსაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვამჟღავნებთ. თავდაცვის ინსტიქტი თუ ხავსს ჩაბღაუჭება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვგონია?! როდესაც ქართველების მხრიდან ამგვარ მონა-პატრონულ დამოკიდებულებას ვაწყდები, ერთი ანეკდოტი მახსენდება, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი. როდესაც ჰიტლერი ახლოს იყო მოსკოვთან და საქართველოში ჭორი გავრცელდა, თუ რატომ არ შემოიჭრა ფიურერი საქართველოში. თურმე, მას ქართველი ცოლი ჰყოლია, რომელიც იმ პერიოდში ორსულად იყო და როდესაც გაიგო, რომ ჰიტლერი კავკასიაში შესაჭრელად ემზადებაო, მუცელზე ხელი დაუდია და უთქვამს, "ამას რას ეტყვი ადოლფი"-ო..

ეს ისე, როგორც შტირლიცი იტყოდა, ინფორმაცია განსჯისათვის..