2010 წლის 10 აპრილს, მოსკოვის დროით 10:56 წუთზე, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, რუსული წარმოების თვითმფრინავი - TU-154 ჩამოვარდა. მასში პოლონეთის მთავრობის ელიტა იჯდა. მათ შორის, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად.
მას მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა უშიშროების მიერ ათასობით პოლონელის დახოცვიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალში.
თვითმფრინავში მყოფი 94 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში, საგამოძიებო კომისიას სათავეში ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა. პოლონელები ამ საქმეს თავადაც გამოიძიბენ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სმოლენსკს პოლონეთის პრიკურატურიდან საგამოძიებო ჯგუფი ესტუმრა.
მსოფლიოსა და საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა აზრი, რომ ეს ტრაგედია სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა, გამოსარიცხი არაფერია, თუმცა მინდა ყურადღება იმ ეჭვებსა და გარემოებებზე გავამახვილო, რომლებიც ამ ტრაგედიას უსწრებდა წინ.
ცნობილი ხდება, რომ კატანის ღონისძიებაზე ლეხ კაჩინსკის მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, რასაც რუსეთის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, პრეზიდენტმა თავისი მაინც გაიტანა და სმოლენსკში გაფრინდა.
რუსული საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, ავიაკატასტროფა მფრინავის შეცდომის ბრალი იყო, მან კარგად არ იცოდა რუსული, რის გამოც ვერ გაიგო, რას ეუბნებოდა დისპეჩერი. პოლონური მხარე საპირისპიროს ამტკიცებს. მათი თქმით, მფრინავი თავისუფლად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს, გარდა ამისა, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომსა და მის შემოგარენს ძალიან კარგად იცნობდა.
თვითმფრინავმა დაჯდომა სამჯერ სცადა, მესამე ცდა საბედისწერო აღმოჩნდა. არ გამორიცხავენ, რომ ნისლის დროს დაჯდომა პრეზიდენტის მოთხოვნა იყო. ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, მას თბილისის აეროპორტში სურდა დაფრენა, უსაფრთხოების მიზნით კი მფრინავმა ბაქოში დაჯდომა გადაწყვიტა, ამის შემდეგ კაჩინსკიმ ის სამსახურიდან გაათავისუფლა.
საეჭვო გარემოება კიდევ ერთია: შავი ყუთის აღმოჩენიდან რამდენიმე წუთში, სმოლენსკში პუტინი ჩავიდა.
წინაპირობა კი ისეთია, რომ პოლონური და რუსული საგამოძიებო ჯგუფები სხვადასხვა შედეგებს დადებენ.
ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ უნდა ემგზავრა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს სამი ათეული წლის წინ ვადაგასული Tu-თი? რატომ არ გამოიყო პრემიერის მიერ ბოინგის საყიდელი თანხა? ნუთუ პოლონეთი ისეთი ღარიბია, რომ სახელმწიფოს ერთი ბოინგის საფასური მნიშვნელოვან ვალად დააწვებოდა? და მაინც, ეს ყველაფერი ხომ არ ემსახურებოდა იმას, რომ კაჩინსკის სმოლენსკში გამგზავრებაში ხელი შეშლოდა?
კითხვები ძალიან ბევრია, პასუხები - ცოტა. იმედია, როდესმე აუცილებლად აეხდება ფარდა ამ ტრაგედიას.
საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგედია ძალიან განიცადეს. ვინ იყო ჩვენთვის კაჩინსკი?
მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს დასახმარებლად.
რას ნიშნავს მისი დაღუპვა?
ევროპაში ყველაზე დიდი მხარდამჭერის დაკარგვას, რაც ჩვენს მდგომარეობაში კარგს არაფერს ნიშნავს.
და კიდევ: ხომ არ ვიწროვდება წრე საქართველოს გარშემო?
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულმა ძალამ გაიმარჯვა და ვხედავთ, თუ როგორ უბრუნდება ნამდვილი ევროპული ქვეყანა რუსეთს; ბიშკეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, უკრაინის მსგავსად, ყირგიზეთშიც პრორუსული ძალა მოვიდა. ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის მთელი პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკური ელიტა ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 10 კვირაში ცნობილი გახდება ამ ქვეყნის ახალი მმართველი ძალის ვინაობა.
ამ ყველაფერს თუ ლოგიკით მივყვებით, შემდეგი საქართველოს ჯერია. ბოლოს ბალტიისპირეთსაც მიუკაკუნებენ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მცირე ხნის წინ პოლონეთში ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. იმდენად დიდი, რომ მთელი ევროპისათვის საკმარისი იქნება. ეს ისე, ინფორმაცია განსჯისათვის.
საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით, საკუთარ მოსაზრებას გამოვთქვამ და ვიტყვი, რომ ისევე, როგორც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, 10 აპრილის პოლონური ტრაგედია შემთხვევითობა არ მგონია, მაგრამ თუ ვცდებით, მაშინ რუსეთს ძალიან გაუმართლა.
რაც არ უნდა იყოს, წარსული წარსულია, მას ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა რიგი მოვლენის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?!
No comments:
Post a Comment