Saturday, 22 May 2010

მოგონებები გარდასულ დღეთა


1981 წლის 13 მაისი.

თასების თასის ფინალი.

”კარლცაისი” - ”დინამო” 2-1

მას შემდეგ აღვნიშნავთ ამ გამარჯვების პირველ, მეორე, მეათე, 25-ე წლისთავს.

აი, წელსაც აღვნიშნეთ - ამჟამად, 29-ე.

ეს თარიღი ყველა ქართული ტელევიზიის მთავარი თემა გახლდათ.

29 წლის წინანდელი თბილისის ”დინამო” ტრადიციულ მეტოქეს - სომხეთის ”არარატს” დაუპირისპირდა და 5-3 მოუგო.

სომხებმა, ძალიან გაგვიხარდა მაშინ დინამოს გამარჯვებაო (ისემც აგიდგათ გვერდები).

ჩვენ, ქართველები საოცარი ისტორიული მეხსიერებით გამოვირჩევით, მაგრამ მარტო წარმატებები გვახსოვს და ამით ვმანიპულირებთ. სირცხვილია უკვე.

ჰო, ალბათ, 30-ე და მეასე წლისთავსაც აღვნიშნავთ ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობა.

მეტი რა დაგვრჩენია, ქართულ ფეხბურთს ხომ აღარც დედა ჰყავს, არც მამა და არც შთამომავლობა, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ ჩვენ ხომ 29 წლის წინ, 81-ში თასების თასი მოვიგეთ?.

Wednesday, 12 May 2010

”გასაკეთებელი კიდევ ბევრია”


აბა რა, გიგი..

დემოგრაფიულ პრობლემებზე ”ნაციონალებმა” თუ არა, სხვა ვინ უნდა იზრუნოს?

Monday, 10 May 2010

პოსტკრუპტუმ


მას შემდეგ, რაც ჩემი მოთმინების ფიალა ბოლომდე აივსო და პირველი წვეთიც გადმოიღვარა, გადავწყვიტე, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის ნაკლოვანებებზე გავამახვილო ყურადღება.

საქართველოში რომ ჟურანლისტიკა სადღაც ფეხებშია, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხომ შეიძლება იმ რესურსით, რაც გაგვაჩნია, ჩვენს საქმეს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ?

ამას ვერ ვამჩნევ "P.S."-ის შემოქმედებით ჯგუფს. მაქვს პრეტენზიები, რომელიც, ძირითადად, ტექნიკურ მხარეს ეხება:

1. მონტაჟი - ჰგავს მოყვარულის და არა პროფესიონალის გაკეთებულს. სიუჟეტები (თავის წახტომებიან-ხმებიან-ხისტ გადასვლებიანად), ძირითადად, აუწყობელი და შინაარსობრივად გაუმართავია. ერთი გუშინდელი სიუჟეტი 9 მაისს ეძღვნებოდა და სუსურუკუს მუსიკა, რომლითაც 4 წუთი გამოგვიჭედეს ყურები, ისე მაღალ ხმაზე იყო, ჟურნალისტის ხმა არ ისმოდა! ეს არ არის პირველი შემთხვევა, უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ მემონტაჟეც არ ჰყავთ და ჟურნალისტები თავად ამონტაჟებენ, უფრო სწორად, მონტაჟს სწავლობენ.

2. წამყვანი - დათოს ეტყობა, რომ კარგი ადამიანია, მაგრამ უსუსტესია არამხოლოდ, როგორც წამყვანი, არამედ, როგორც ჟურანლისტიც (გავიხსენებ შარშანდელ გადაცემას, სადაც თინა ხიდაშელმა ხმა არ ამოაღებინა);

3. სარეკლამო სიუჟეტები - ისე დააბრეყვებენ, რომ მაყურებელი ნერვიულობს რადგან ვერ ხვდება, "კურიერს" უყურებს თუ ტელემარკეტს. მესმის, რომ "რეკლამა უპირველეს ყოვლისა", მაგრამ გადმოცემის ხერხები ხომ არსებობს?

4. სიუჟეტები საქართველოთი გადარეული უცხოელების შესახებ - როგორ შეიძლება არ დავეთანხმო პუტინს, როცა ამბობს, რომ ქართველების მისია ტაკიმასხარობაა?! მაშინ, როდესაც უამრავი საჭირბოროტო თემაა გარშემო და შენ ამას აკეთებ, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია;

P.S. რა შუაშია და, გუშინ იყო ლევან შავაძეზე სიუჟეტი. მეორეკურსელის დონე!

5. რის ხარჯზე ქაჩავს P.S.? ჰყავთ ოპერატორები, რომლებიც კარგად გრძნობენ გამოსახულებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვარი არ ვიცი, მაგრამ ერთი, საერთაშორისო სიუჟეტებსა და პორტრეტებზე მუშაობს (როცა ლამაზი და სახასიათო კადრებია საჭირო). უძლიერესია.. :) და რამდენიმე ჟურნალისტი.

და ბოლოს: წუნიან სიუჟეტებს ვაკეთებთ, მაგრამ ვინმე ხომ უნდა ამოწმებდეს, რას უშვებს ეთერში? თუმცა, ჩვენ ხომ ქართული საზოგადოების ნაწილი ვართ ორივე: პროდუქტის მიმწოდებლებიც და მიმღებებიც.

Wednesday, 5 May 2010

სირობა, მაგრამ ვისი/რისი?


თემას უმნიშვნელოდ მივიჩნევ, მაგრამ ისეთი იდიოტური გამოხმაურებები მოჰყვა, ჩემი აზრი რომ არ დავაფიქსირო, არ შემიძლია.

”საიდუმლო სირობის” შესახებ პირველად ”ფეისბუქზე” შევიტყვე, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა დაშეირებული. ზოგადად, ასეთ რაღაცებს დიდად არ ვეტანები, მაგრამ სათაური ჰქონდა დამაინტრიგებელი, რომელიც ამ ნაწარმოების ბოლო აბზაცი ყოფილა: ”ღვთისმშობელს რომ ეს წიგნი წაეკითხა, აბორტს გაიკეთებდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება” .

გუშინწინ სააგენტოში პრესრელიზი ვნახე, სადაც ციტატები იყო განხილული. მათი წაკითხვის შემდეგ გარკვეული აზრი შემექმნა წიგნზეც და ავტორზეც. საპროტესტო აქციამ და ქართველთა ნაწილის აღშფოთებულმა თუ აღფრთოვანებულმა ნაწილმაც ერთგვარი წარმოდგენა შემიქმნა აქციის მონაწილეებზეც და გიგი თევზაძეზეც.

მოდი, ავტორით დავიწყებ:

მაინც ვფიქრობ, რომ ერეკლე (თუ თორნიკე) დეისაძის კუმირი დენ ბრაუნია, შთაგონების წყარო კი - ”და ვინჩის კოდი”.

ციტატების წაკითხვისას წიგნზე გარკვეული შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ დიდად არც აღვფრთოვანებულვარ და არც საყოველთაო რისხვას მოვუცვივარ. ეკლესიით, რელიგიით, სექსით, ინცესტით თუ ამ ყველაფრით ერთად მანიპულირება რომ მომგებიანი თემაა, დეისაძის აღმოჩენა არ გახლავთ.

ეჭვი მაქვს, ავტორმა მსგავსი ნაწარმოები საზოგადოების ყურადღების მისაქცევად დაწერა (აღმოვაჩინე ამერიკა), მისი ნაწერი ჰგავს დაკომპლექსებული ადამიანისას, რომელიც საკუთარი კომპლექსების დაძლევს მათზე აქცენტების გაკეთებით ცდილობს (ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ რაშიც უჭირს, ადამიანი იმ სფეროს ირგვლივ საქმით თუ ვერა, სიტყვით ტრიალებს).

თუმცა, დეისაძემ ფიარკამპანია მშვენივრად გათვალა: გუშინდელმა და გუშინწინდელმა საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა გაუკუღმართებული ფსიქიკის ხალხი ვართ.

პირველ აქციაზე სტუდენტები რაღაცებს ითხოვდნენ. ერთ-ერთი ილიაუნიში სამლოცველოს გახსნა იყო.

კარგი რა, ხალხო!. სამლოცველოების რაოდენობა რწმენის ხარისხზე რომ აისახებოდეს, ირგვლივ ეკლესიები, სოკოებივით ყველა ორღობეში ისე მრავლდება, რომ ყველას წმინდანის შარავანდედი უნდა გვედგას თავზე (არადა, ამ დროს ”საიდუმლო სირობას” ვწერთ), მალე ისე იქნება, რომ ეკლესიას ზურგზე მოვიკიდებთ.

ჰო, მეორეს დეისაძის არსებობას აპროტესტებდნენ, მაგრამ გიგისთან რა უნდოდათ ვერ ვხვდები, ვიქნები შემწყნარებელი და ვივარაუდებ, რომ დეისაძის მამის სახლს ვერ მიაგნეს.

რაც შეეხება გიგი თევზაძეს, მორალისტებო, დაანებეთ რა თავი. ამ კაცს თავისი პირადი პრობლემებიც ეყოფა.

P.S. წიგნში ექვსი ლარის, უფრო სწორად, ხუთი ლარის და ოთხმოცი თეთრის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ თუ ხელში ჩამივარდება, აუცილებლად წავიკითხავ.

PP.S. ისე, დღეს მოველოდებოდი, რომ კიდევ ვიღაც გამოვიდოდა და გუშინ რომ გუშინწინდელი აქცია გააპროტესტეს, იმას გააპროტესტებდა და, საერთოდ, გუშინდელი აქციის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა შეუმდგარი საზოგადოება ვართ.

Sunday, 2 May 2010

"ხერხი სჯობია ღონესა", ვლადიმეროვიჩ!


ალბათ, ყველამ იცით ის ამბავი, ჩვენმა მოჭიდავეებმა ვენაში რომ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს, პუტინი საქართველოს ჰიმნს ფეხზე რომ წამოუდგა და ბლა ბლა..

მთელი ერთი კვირა ქართული მასმედია, სრული შემადგენლობით, ამ კადრებსა და ინფორმაციას წაღმა-უკუღმა ატრიალებდა.

ისაო, პუტინი მომზადებული იყო რუსების გამარჯვებისთვისო, რუსის 150 პატარა ვანიჩკა ჩაუყვანია ვენაშიო და უცებ დედა რაღაცვუქენით, ჩვენ მოვიგეთო, ვოვამაც, სხვა ვეღარაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ფეხზე წამოგვიდგაო.

უხ, რა მაგრები ვართ ეს ქართველები, თქვენი ჭირიმეთ, თქვენ გენაცვალეთო!.

და ასე იწმენდდნენ თვალზე მომდგარ ცრემლს გულაჩუყებული მედიასაშუალებები.

საინფორმაციოების ყურება-ყურებაში ქართველების ნაწილსაც აუწყლიანდა მაყვალივით შავი თვალები: პუტინი მთლად ცუდი კაცი არ ყოფილა, ხედავ, როგორი პატივი გვცა, ამხელა ქვეყნის პრემიერი ფეხზე წამოუდგა ჩვენი ქვეყნის ჰიმნსა და მოჭიდავეებსო.

ეგ კი არა, გუშინ მთავრობის ჯამბაზს ჰყავდა მოჭიდავეები მოწვეულები და სიამაყისაგან გულზე მჯიღების რტყმა მიდიოდა: თურმე, გუჯეჯიანი რომ მისალმებია ქართველების ტრიბუნას, პუტინიც იქვე მჯდარა და ხელი აუწევია დასაქნევად. მერე თავზე გადაისვაო (ფიჰიჰიჰიჰი), მთელი დარბაზი, სტუმრები და მტავრობის ჯამბაზიც კი ქირქილ-ხორხოცებდა სიამაყისგან გაჯგიმული..

ვაიმე, აი, მეც სიცილისაგან ვიხევი, ეს რა ვუქენით პუტინს, აი, ღირსია, ხომ მივაჩმორეთ არა?


P.S. ჰხედამ, ვლადიმეროვიჩ, კასპში, თევზაობის გარდა, ამ პოსტის სათაურში მოხსენიებული ანდაზა რომ გესწავლა, ქართველებთან ის დედამოხნული ომი კი აღარ დაგჭირდებოდა. 

შენს PR კამპანიაზე რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, არც ახლაა გვიან!