Wednesday 5 May 2010

სირობა, მაგრამ ვისი/რისი?


თემას უმნიშვნელოდ მივიჩნევ, მაგრამ ისეთი იდიოტური გამოხმაურებები მოჰყვა, ჩემი აზრი რომ არ დავაფიქსირო, არ შემიძლია.

”საიდუმლო სირობის” შესახებ პირველად ”ფეისბუქზე” შევიტყვე, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა დაშეირებული. ზოგადად, ასეთ რაღაცებს დიდად არ ვეტანები, მაგრამ სათაური ჰქონდა დამაინტრიგებელი, რომელიც ამ ნაწარმოების ბოლო აბზაცი ყოფილა: ”ღვთისმშობელს რომ ეს წიგნი წაეკითხა, აბორტს გაიკეთებდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება” .

გუშინწინ სააგენტოში პრესრელიზი ვნახე, სადაც ციტატები იყო განხილული. მათი წაკითხვის შემდეგ გარკვეული აზრი შემექმნა წიგნზეც და ავტორზეც. საპროტესტო აქციამ და ქართველთა ნაწილის აღშფოთებულმა თუ აღფრთოვანებულმა ნაწილმაც ერთგვარი წარმოდგენა შემიქმნა აქციის მონაწილეებზეც და გიგი თევზაძეზეც.

მოდი, ავტორით დავიწყებ:

მაინც ვფიქრობ, რომ ერეკლე (თუ თორნიკე) დეისაძის კუმირი დენ ბრაუნია, შთაგონების წყარო კი - ”და ვინჩის კოდი”.

ციტატების წაკითხვისას წიგნზე გარკვეული შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ დიდად არც აღვფრთოვანებულვარ და არც საყოველთაო რისხვას მოვუცვივარ. ეკლესიით, რელიგიით, სექსით, ინცესტით თუ ამ ყველაფრით ერთად მანიპულირება რომ მომგებიანი თემაა, დეისაძის აღმოჩენა არ გახლავთ.

ეჭვი მაქვს, ავტორმა მსგავსი ნაწარმოები საზოგადოების ყურადღების მისაქცევად დაწერა (აღმოვაჩინე ამერიკა), მისი ნაწერი ჰგავს დაკომპლექსებული ადამიანისას, რომელიც საკუთარი კომპლექსების დაძლევს მათზე აქცენტების გაკეთებით ცდილობს (ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ რაშიც უჭირს, ადამიანი იმ სფეროს ირგვლივ საქმით თუ ვერა, სიტყვით ტრიალებს).

თუმცა, დეისაძემ ფიარკამპანია მშვენივრად გათვალა: გუშინდელმა და გუშინწინდელმა საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა გაუკუღმართებული ფსიქიკის ხალხი ვართ.

პირველ აქციაზე სტუდენტები რაღაცებს ითხოვდნენ. ერთ-ერთი ილიაუნიში სამლოცველოს გახსნა იყო.

კარგი რა, ხალხო!. სამლოცველოების რაოდენობა რწმენის ხარისხზე რომ აისახებოდეს, ირგვლივ ეკლესიები, სოკოებივით ყველა ორღობეში ისე მრავლდება, რომ ყველას წმინდანის შარავანდედი უნდა გვედგას თავზე (არადა, ამ დროს ”საიდუმლო სირობას” ვწერთ), მალე ისე იქნება, რომ ეკლესიას ზურგზე მოვიკიდებთ.

ჰო, მეორეს დეისაძის არსებობას აპროტესტებდნენ, მაგრამ გიგისთან რა უნდოდათ ვერ ვხვდები, ვიქნები შემწყნარებელი და ვივარაუდებ, რომ დეისაძის მამის სახლს ვერ მიაგნეს.

რაც შეეხება გიგი თევზაძეს, მორალისტებო, დაანებეთ რა თავი. ამ კაცს თავისი პირადი პრობლემებიც ეყოფა.

P.S. წიგნში ექვსი ლარის, უფრო სწორად, ხუთი ლარის და ოთხმოცი თეთრის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ თუ ხელში ჩამივარდება, აუცილებლად წავიკითხავ.

PP.S. ისე, დღეს მოველოდებოდი, რომ კიდევ ვიღაც გამოვიდოდა და გუშინ რომ გუშინწინდელი აქცია გააპროტესტეს, იმას გააპროტესტებდა და, საერთოდ, გუშინდელი აქციის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა შეუმდგარი საზოგადოება ვართ.

2 comments:

გურამი said...

აუ, თამ, გეხვეწები ან მიყიდე და მოგცემ ფულს 15 ში ან მიმასწავლე სად ვიყიდო. ამის ანონსი "ჩვენ ექსპრესში" ვნახე სანამ ეს ხმები აგორდებოდა და საინტერესოდ მომეჩვენა. მარტო სათაურით განსჯა რომ გვიყვარს ქართველებს, ეს კი გამოჩნდა უკვე. :)

vasasi said...

თუ იქნება მაღაზიებში, გიყიდი აუცილებლად.. :)

დატაცებულიაო, ასე ამბობენ.. :)