”ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს გამოხატვის უფლება იმ ფორმით, რომლითაც გვინდა” - ციტატა ჩემი დემაგოგიური გამოსვლიდან.
ბოლო პერიოდია, რაც ჩვენს ქვეყანაში ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე ადამიანები მომრავლდნენ. არა, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა რელიგიურობა მარაზმში გადადის, იქ ვჭედავ.
ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ ჯვრები მანქანებზე, ტელეფონებზე, ხატებით გამოტენილი ლენინის პორტრეტისათვის განკუთვნილი კუთხე პოლიტიკოსების კაბინეტებში, ასევე მანქანების სალონები. ადამიანები ატარებენ უამრავ რელიგიურ ატრიბუტიკას: ბეჭდებით, ფსალმუნებითა თუ სამაჯურებით არიან აღჭურვილნი, რამდენჯერაც დაინახავენ ტაძარს, იმდენჯერ იწერენ პირჯვარს და აკეთებენ მეტანიას, ასფალტს თავებს ურტყამენ, თან მალულად გამვლელებისაკენ აპარებენ თვალს: ისწავლეთ, როგორ უნდა გწამდეთო.
ჰო, ჯვრებიან მანქანაზე გამახსენდა: გუშინ ავტობუსით ვმგზავრობდი და წინ BAYERISCHE MOTOREN WERKE-ს მანქანამ ჩაგვიქროლა. უკანა მინაზე დიდი ასოებით ეწერა: ”უფალო შეგვიწყალენ!” (თავისთავად იგულისხმება, რომ ნისლსაწინააღმდეგო ფარს ზემოთ დიდი ნაკურთხი ჯვარიც ჰქონდა გაკრული).
სხვათაშორის, ხშირია საგნების კურთხევის შემთხვევები: მაგალითად, მოძღვრებს აკურთხებინებენ ტელეფონებს, მანქანებს, საათებს.. და ეს ყველაფერი სერიოზულად ხდება. ალბათ, მალე გავიგებ, რომ მამაო მრევლის რომელიმე ღრმადმორწმუნე წევრს დუბაიში ნაყიდ ნამდვილ ჯინსს უკურთხებს. მერე აბსტრაქტული რაღაცების კურთხევაზეც გადავალთ.
აი, მაგალითად, დიეტაზე დაჯდომა რომ მოგინდება, მიხვალ მამაოსთან და ექვსის მერე უჭმელობის კურთხევას სთხოვ, ასევე აიღებ კურთხევას ეშმაკის მანქანა კომპიუტერისა და გარყვნილების ბუდე - ინტერნეტის გამოყენებაზეც, კურთხევას ავიღებთ მოკლე კაბებისა და ტანგების ტარებაზე, ქვეყნიდან გასვლაზე, სამსახურის დაწყებაზე, ხელფასის აღებაზე, შემდეგ სახელფასო კარტას მივიტანთ ტაძარში და ვაკურთხებინებთ. ეკლესიიდან კი დამშვიდებულები გამოვალთ, აბა რა!. ჩვენ ხომ აწი ეშმაკი ვერ მოგვერევა.
სამწუხაროა, რომ ხალხის ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყოველგვარ მარაზმს სცილდება. მათ სწამთ, მაგრამ ამ რწმენას სულელური დამოკიდებულებით ამახინჯებენ. საზოგადოების არაჯანსაღ მიდრეკილებებს კი აკვირდება და რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს ყველა: ქალი, კაცი, ძაღლი თუ მამაძაღლი. ხალხი კი ამ დროს თავს ქვიშაში ჰყოფს, მერე რა, რომ იქ დახუთულობაა?!
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მე, როგორც რიგით მოკვდავს, არ მაქვს დანარჩენების გაკრიტიკების მორალური უფლება, მაგრამ დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობას ერთი, სამასოიანი სიტყვა ზუსტად ასახავს.
აქედან გამომდინარე, მე უკვე აღარც ის გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მღვდელს რომ ახალგაზრდა წყვილი მიადგეს და სთხოვოს: მამაო, სექსი გვინდა და გვიკურთხეო.
Tuesday, 1 June 2010
გვიკურთხე, მამაო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
ძალიან მომეწონა პოსტი. კი მომეჩვენა ოდნავ გაზვიადებული. ან უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რომ ერთხელაც მართლაც ასე მოხდება :)
+100
ეს პოსტი აშკარად სხვა ბლოგზე მაქვს წაკითხული –|
zorbeg: http://tamok-vasasi.blogspot.com/2010/05/blog-post_25.html აქ წაიკითხავდი. ისეც ჩემი ბლოგია, ეს ბლოგი კი, სადიპლომოს ვარიანტში მაქვს, დიპლომს რომ დავიცავ ამ თვის ბოლოს, მერე აღარ ვიაქტიურებ.. :)
მანქანის კურთხევა კი გამიგია, მაგრამ საათების და ტელეფონების არა :შ
საშინელებაა :შ
Post a Comment