Friday, 25 December 2009

პოზიცია

ჩემი მშობლიური ქალაქის ცენტრი.

ალბათ, ყველამ იცანით..

ეს ის ქალაქია, რომელშიც სოსელო დაიბადა - ადამიანი, რომელიც მეოცე საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ფიგურა გახდა.

ეს ძეგლი გორის შუაგულში დაახლოებით, 50-60 წლის წინ აღმართეს და მას შემდეგ დგას ასე უწყინარად..

იმიტომ კი არა, რომ სტალინს მივტირით..

უბრალოდ იმიტომ, რომ აღება დაგვეზარა..

ჰო, წარმოიდგინეთ, რა რთულია: უნდა მოიყვანო ამწე, დაიქირაო ხალხი, მთელი დღე იჯახირო..

კარგი რა, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, იყოს ეს ძეგლი, ვის რას გვიშლის?!

ჰოდა, ამ მოტივით, სსრკ-ს დაშლიდან აგერ უკვე 18 წელია, სტალინის ძეგლი კვლავ ამშვენებს გორის ცენტრს..

მასთან პრეტენზიები არც არავის ჰქონია გასული წლის აგვისტოს მოვლენებამდე.

ომის შემდეგ კი, ქართველი პატრიოტები აღსდგნენ, აბობოქრდნენ და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთ გზად სტალინის ძეგლის მოშთობა  მიიჩნიეს..

არგუმენტი მაგარი აქვთ: "ცივილიზებულ (და არა ცივილიზირებულ) ავსტრიაში ჰიტლერის ძეგლი არ არსებობს და მისი სახელი რომ ვინმემ ახსენოს, ადგილზე ჩაგქოლავენ"-ო..

ჰოდა, ცოტა არ იყოს, მეცინება ამ საკითხზე..

რატომღაც მგონია, რომ იდეოლოგიაში არცთუ დიდი განსხვავების მიუხედავად ჰიტლერს და სტალინს მსოფლიო ისტორიაში სხვადასხვა ადგილი უკავიათ..

პირადად მე, სტალინს ქართველად ვერ აღვიქვამ.. 

ის არც ყოფილა ქართველი. არასოდეს აღიარებდა ამას.

ქართულად მხოლოდ მაშინ ლაპარაკობდა, როდესაც ქვეშევრდომ ქართველებზე სურდა გავლენის მოხდენა..

მე მას პატივს ვცემ. არა, იმიტომ არა, რომ ერთი ქალაქიდან ვართ, არამედ იმიტომ, რომ მან მეოცე საუკუნის მსოფლიო შეცვალა. მიმაჩნია, რომ გენიოსი იყო..

და მართლა იყო გენიოსი.. 

გაუმართლა კიდეც: მოხვდა ზუსტად იმ გარემოში, სადაც უნდა მოხვედრილიყო.

მან, ფაქტობრივად, მარტომ შექმნა საბჭოთა კავშირი და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევაც დაიწყო ნგრევა ”ბოროტების იმპერიამ”.

არ შეიძლება მისი წვლილის დავიწყება მეორე მსოფლიო ომში..

მიუხედავად იმისა, რომ ”ლენდ ლიზის” დახმარების გარეშე, ვერაფერს გააწყობდა..

და ყველაზე მაგარი! სად იყო ამერიკაში ფიარი, სტალინი რომ ახორციელებდა და თან ერთობ წარმატებით..

მარტო ღვთისმშობლის ხატის მოსკოვზე შემოტარება რად ღირს!..

ეს ხომ თავიდან ბოლომდე ფიარის ნაწილი იყო..

ჰო, და კიდევ: ეს ადამიანი რასაც აკეთებდა, პირადი მიზნებისთვის არ აკეთებდა..

გარდაცვალების შემდეგ შემნახველ სალაროში მხოლოდ 200 მანეთი უპოვეს..

ამდენი, ალბათ,  სუსურუკუს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა..

ყველაზე საინტერესო რაც არის, სტალინის შესახებ ყველას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მის შესახებ არავინ არაფერი იცის. არ ვიცით როგორი ადამიანი იყო, რაზე ფიქრობდა და, საერთოდ..

მის შესახებ, ალბათ, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებთ..

რაც შეეხება ძეგლებს..

ძელგების აქეთ-იქით ტარება რომ საქმეს შველოდეს...

პირადად ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სტალინის ძეგლი იდგება თუ არა ჩემი მშობლიური ქალაქის ცენტრში. სიმართლე რომ ვთქვა, არც მაღიზიანებს. თუმცა მიმაჩნია, რომ გორის ცენტრში ომისადმი მიძღვნილი მემორიალი უნდა იდგეს..

ეს ყველაზე სამართლიანი იქნება..

თქვენ კი, პატრიოტებო, სამშობლოს მოყვარულებო, ნამდვილო ქართველო ვაჟკაცებო!.

თქვენ, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ინტერნეტსივრცეში ერთობ აქტიურები იყავით და ვირტუალური სივრციდან ამხნევებდით ჯარისკაცებს, მიდით ბიჭებო, დასცხეთ, ჩვენ აქედან გიგულშემატკივრებთ, ჩირგვებიდანო, მოდი, თქვენს საქმეს მიხედეთ..

რამე გააკეთეთ ქვეყნისათვის..

ძეგლების გადატანა საქმეს რომ შველოდეს, აქამდე ცხრაჯერ მოვაშთობდით სტალინის ძეგლსაც და მუზეუმსაც მივაყოლებდით, გორის ცენტრს რომ გერმანული არქიტექტურით გვიმშვენებს..

Saturday, 19 December 2009

მედიაპროპაგანდა

დაახლოებით, ერთი კვირის წინ ინტერნეტსივრცეში აქტუალური გახდა გეი/ლესბო ქორწინებების თემა საქართველოში. ფორუმებზე თემა თემაზე იხსნებოდა და ხალხიც თავის აზრს აფიქსირებდა..

იყო მოსაზრებები, რომ თუ ჩვენ ევროკავშირში გვინდა, რომ თუ ევროპას მიველტვით, ამისათვის საჭიროა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპაში იქცევიან..

თუმცა, როგორ იქცევიან ევროპაში, რა ფასეულობებითა და ღირებულებებით ცხოვრობენ, ამაზე წარმოდგენა ისევე არ აქვთ, როგორც იმ ცნობილ ”თვითმფრინავის ბიჭებს”, დემოკრატიისადმი ლტოლვას ადამიანების სიცოცხლე რომ გადააყოლეს..

საკითხავი ის არის, რასთან ასოცირდებოდა მათთთვის დემოკრატია.

ინტერნეტსივრცეში უცებ ატეხილ სკანდალის ერთ-ერთი გამომწვევი ინტერნეტტელევიზია presa.ge-ს ჟურნალისტის  და მის მიერ გადაღებული სიუჟეტი გახლდათ, რომელშიც გამოთქმული იყო მოსაზრება არატრადიციულო ორიენტაციის ადამიანების ქორწინების დაკანონების შესახებ.

პრესა.გე-ს არც ”რუსთავი 2” ჩამორჩა, და ერთი კვირის განმავლობაში ხშირად ატრიალებდა პ.ს.-ს ანონსს, სადაც წარმოშობით ქართველი გეის მსოფლიო წარმატებაზე იყო საუბარი.

ორი დღის წინ კი, საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა გეი ქორწინებების თემას, სიუჟეტის ავტორი კი სახალხო დამცველის გაქილიკებასაც არ მოერიდა, როცა ამ უკანაკსნელმა ისე შეიცხადა ”ერ2”-ის მიერ მიწოდებული ნოუჰაუ, რომ ჟურნალისტმა დაასკვნა, რატომაც არ გვიშვებენ ნატოში.

პოსტკრიპტუმის დღევანდელ სიუჟეტში ბარამია ნათელ ფერებში გახლდათ დახატული, მის ფიზიკურ მონაცემებს კი ქართველი ბისექსუალი აფასებდა, რომელიც ფოტოების ნახვამ განუზომელი შურითა და მრისხანებით აღავსო, როგორც მისი ღირსეული ადგილის არაღირსეულად დამკავებელმა..

საინტერესოა, რა პროპაგანდა წამოიწყო ”რუსთავი 2”-მა, ეს რომ აშკარა პროპაგანდაა, ამაზე დავაც არ ღირს. პირადად მე, ძალიან მეცინება, როდესაც ახალი ქართველები გამოდიან და საუბრობენ ევროკავშირში ჩვენი არშესვლის მიზეზებზე, ერთ-ერთ მიზეზად სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ქორწინების არარსებობას ასახელებენ.

ასეთ დროს სულ მინდა იდიოტის გამომეტყველებით ვიკითხო: ევროკავშირის რომელ ქვეყანაშია დაკანონებული გეი ქორწინებები?

ძალიან ცოტაში. ჰოლანდია, დანია.. სკანდინავიის ქვეყნები ხომ არ შედიან ევროკავშირში..

ის, რასაც რუსთავი 2 აკეთებს, ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენი საზოგადოება რომ საზოგადოება იყოს და არა ჰომო-საპიენსთა ბრბო, აუცილებლად მწვავედ გააპროტესტებდა ამ წამოწყებას (მმკ ისედაც ატყდება..)...

ძალიან მაინტერესებს, რა არის ამ ტელევიზიის მიზანი, ვისი დაკვეთით გადაწყვიტა სექსუალური უმცირესობების მამიდობა და, ხომ არ არის ეს ყურადღების გადატანის საშუალება სხვა, გაცილებით მძიმე პრობლემებიდან?

სამწუხარო ისაა, რომ ისეთი იდეოლოგიური მანქანა, როგორიც ტელევიზიაა, ადამიანის ცნობიერებაზე პირდაპირ მოქმედებს. ერთხელ გააპროტესტებ მოწოდებულ მასალას, ორჯერ, მესამედ კი ნორმალურად აღიქვამ..

თან გავითვალისწინოთ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ...

უკაცრავად.. ბრბო..

ისე, ამ ბრბოს საკმაოდ აქვს უკვე ნაყლაპი. აბა გამოთქვი აზრი, რომ ეს საშინელებაა, სიბინძურე და ა. შ.. მაშინვე მეცხრამეტე საუკუნის ადამიანად მოინათლები, რომლის სულში ისევე ბნელა, როგორც 90-იანი წლების საქართველოში.

ეს ახალი ქართველები ქალიშვილობის ინსტიტუტზეც საკმაოდ ბევრს საუბრობენ, დასცინიან.. საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ მათი რჩეული ქალიშვილი არ აღმოჩნდა, სუფთა ზეწარსა და გარყვნილ ქალს მოტყუებული სიძე დილის შვიდ საათზე მიჰგვრის მძახლებს.. 

როგორც გინდათ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს!.

შეგიძლიათ მიმიჩნიოთ მეცხრამეტე საუკუნის ადამიანად, ნამდვილ ქართველად, იმად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში და ა.შ. და ა.შ. თუმცა ფაქტი ერთია: გეი ქორწინებების დაკანონება რომ ევროინტეგრაციის საქმეს შველოდეს, დამიჯერეთ, თურქეთი ამას აქამდე ცხრაჯერ იზამდა..

Wednesday, 16 December 2009

არგუმენტი _ მე ქართველი ვარ!.


ჭკვიან ქართველს უთქვამს, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-ო..

ეს ჭეშმარიტი იდიომაა, დასამალი აბა რა არის?.

აბა დამისახელეთ ერი, რომელმაც ისეთივე პატივისცემა იცის, როგორც ქართველმა..

რომელი ერის წარმომადგენელს უყვარს საკუთარი მეზობლები ქართველებზე მეტად?.

არც ერთს!.

მხოლოდ ქართველს შეუძლია მეჩვიდმეტე სართულიდან ჩამოიტანოს თავისი ოჯახის ყველაზე ინტიმური რამ - ნაგავი და მეზობელს კარებში დაუდოს..

თან ისე, რომ გამოხვალ და დაინახავ, ვერც გაბრაზდები.

აბა როგორ უნდა გაბრაზდე, ზემოთა მეზობელს ასე უზრუნია შენს სისუფთავეზე და სამ პარკში შეუფუთავს ნაგავი!.

ჰმ, გული აგიჩუყდება პირდაპირ.

ეჰ, რა ვუთხრათ ამ ოხერ ბუნებას, ზამთარში დიდხანს შემოინახავ მეზობლის მიერ მოძღვნილ ძვირფას ძღვენს, მაგრამ ზაფხულში რომ თაგვები გეხვევა და იძულებული ხარ დილის შვიდ საათზე დაუდარაჯდე მეეზოვეს, გადაუხადო უკანასკნელი 10 ლარი და მეზობლის ძვირფასი საჩუქრის გატანა სთხოვო, რა უხერხულად გრძნობ თავს მის წინაშე!..

რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!..

დიახ!. 

აბა სხვა რომელი ერის წარმომადგენელს შეუძლია გაქანებული მანქანიდან გადმოისროლოს შუშის, პლასტმასის ბოთლი? ანდა ანთებული სიგარეტი, დიდებულად რომ გაჰკვეთს ხოლმე ჰაერს და ნაპერწკლების ყრით ტრიალით ეშვება ქვაფენილზე?..

აღარაფერს ვამბობ ერთჯერად ხელსახოცებსა და პარკებზე..

ეს უკანასკნელნი რაოდენ უხდებიან ქალაქის საახალწლო დეკორაციას..

წითელი, ვარდისფერი, შავი, ყვითელი...

მადლობა მერიისგან მოსახლეობას!..

მართლაც რომ, მადლობა!.. 

ქართველის გარდა სხვა რომელი ერის წარმომადგენელის აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა ნაგვის ყუთთან მიმართებით? გვერდით ისე ჩაუვლის, ნაგვის ჩაყრას ვერ ბედავს და მორცვად აგდებს ძირს..

ვითომ ვერ შეამჩნია!..

ქართველს შორიდანვე იცნობ მეტროში!.

ის ხომ მზესუმზირას ჭამს და ლიანდაგებზე ყრის ჩენჩოებს..

დამლაგებელი კი არხეინად უყურებს..

ეშინია, ისეთი აგრესიული გამოხედვა აქვს ახალგაზრდა, ჯერ გაუფურჩქვნელ კოკორს, ათსანტიმეტრიან ქუსლებზე რომ შემდგარა და ნორჩად აბიბინებია ულვაშები..

აბა, დამისახელეთ ქართველის გარდა ერი, რომელიც ქუჩაში ნაცნობს შეხვედრისთანავე ისე გადაეფსკვნება, თითქოს ღორის გრიპის პრობლემა არ აწუხებდეს, ეტყვის, რომ სწორედ მასზე ფიქრობდა, რომ რა ლამაზად გამოიყურება, როგორ უხდება შეღებილი თმები!.. 

კოცნითა და მტლაშუნით დაემშვიდობება, სამჯერ გადააფურთხებს და გულზიდებით იტყვის, რას ჰგავდა ეს მათხოვარიო?!

ქართველის გარდა, სხვა რომელი ერის წარმომადგენელია პატრიოტი სუფრასთან, რომელი მჭევრმეტყველობს, რომელი ღვრის მწარე ცრემლებს და სამშობლოს სიყვარულს უმკტიცებს?..

და საქმე საქმეზე რომ მიდგება რომელი ერის წარმომადგენელი მამაკაცი დაიმალება საყვარლად სარდაფში?

რა თქმა უნდა, ქართველი!..

არგუმენტი?

რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ხომ არ გადავშენდებით?! 

დამსახელეთ სხვა ერი, რომელშიც სამსახურში მიღების დროს გარებიძაშვილობა და სხვა ტიპის საეჭვო და არასაეჭვო ნაცნობობა პორფესიონალიზმზე მაღლა დგას!.

საქართველოს გარდა, სხვა რომელ ერშია პირფერობა და მლიქვნელობა სწრაფი კარიერული წინსვლის საშუალება?.

ქართველის გარდა, რომელი ერის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მოხმარების საგნების გაფუჭებით საქმეს მერიას უფუჭებს და უხარია?

ქართველის გარდა ვინ აიბზუებს ცხვირს სხვა ერის წარმომადგენელზე მხოლოდ იმიტომ, რომ ის სომეხია, ებრაელი, ჩეჩენი, ყაზახი..

სამაგიეროდ, რა ბედნიერები შესცქერიან ინდოევროპული რასის წარმომადგენლებს?! 

ვის შეუძლია გამუდმებით წარსულით ნუგეში?.

მერე რა, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა, ჩვენ ხომ 1981-ში თასების თასი მოვიგეთ?..

და კიდევ, ყოველ წელს ახალ წლისთავს რომ აღვნიშნავთ ხოლმე ამ დიადი გამარჯვებისას.

ჰო, რა!.. 

ეგ არის!..

ჩვენ ქართველები ვართ!..

ყველაზე, ყველაზე ერი მთელს მსოფლიოში!

Sunday, 13 December 2009

ყბადაღებული H1N1


ე.წ. ღორის გრიპის თემა მისი გაჩენის თვიდან (აპრილი), საკმაოდ აქტუალური გახდა.

მის შესახებ თითქმის მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და თან, გამუდმებით გვიჩვენებდნენ მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი შეიწირა ახალმა გრიპმა მექსიკაში (სწორედ ამ ქვეყანაში დაფიქსირდა პირველად).

ზაფხულის განმავლობაში ისტერიკა ჩაცხრა, დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ღორის გრიპი ადამიანს არ კლავს, თუმცა გრიპის ახალი სეზონის დადგომისთანავე ის კვლავ აქტუალური გახდა.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე პანდემიაა გამოცხადებული, მრავლად არიან დაღუპულებიც და მძიმედ დაავადებულებიც. 

საქართველოში H1N1 გრიპით დაავადებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ამჟამად, 200-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, გუშინ კი ბათუმში პირველი მსხვერპლიც დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ღორის გრიპზე შემოწმება აღარ ჩატარდება, რადგან ამის შემდეგ ვისაც კი გრიპი დაუფიქსირდება, სწორედ ღორის ექნებაო.

10 დეკემბერს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით პოლიკლინიკებიდან ექიმების გამოძახება უფასოა, ხალხი ქუჩებში პირბადეებით დადის და ყველას პანიკა აქვს..

ამ საერთო ისტერიულ ფონზე, ხელისუფლება არ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ჯიუტად ადგას აზრს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

200-ზე მეტი დაინფიცირებული და დაავადებულთა ყოველდღე ათეულობით ზრდადი სტატისტიკა შეიძლება ჩინეთის ან ინდოეთისათვის არ იყოს პანიკის საფუძველი, მაგრამ ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობა 3-დან 4 მლნ-მდე მერყეობს, ეს სტატისტიკა შემაშფოთებელია.

ერთ-ერთ სოციალურ საიტზე დადებული ინფორმაციის თანახმად, 9 დეკემბერს  H1N1-ით დაავადებული ორი მძიმე პაციენტი იწვა სტაციონარში, მათ შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა.

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო მედიის როლზე. ქართული მედიის წარმომადგენლები ერთმანეთზე მიწყობილ ყველაფრით მსგავს საინფორმაციო გამოშვებებს გრიპთან დაკავშირებით მხოლოდ დაავადებულთა რაოდენობით იწყებენ და ამთავრებენ.

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში (ყველა საინფორმაციო გამოშვებას აქტიურად ვადევნებ თვალს), არც ერთი ტელევიზიის ეთერით არ მინახავს, თუ რა მკვეთრად გამოხატული სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს ღორის გრიპს ან რა უნდა გავაკეთოთ მისგან თავის დასაცავად.

კარგი იქნებოდა, თუნდაც ე.წ. "საზოგადოებირვ მაუწყებელს" მაინც დაემზადებინა პატარ-პატარა სოციალური რგოლები, რომლებშიც იქნებოდა აღწერილი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გრიპის ნიშნების გაჩენის შემთხვევაში.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს ხოლო სტატისტიკა ამის საფუძველს არ იძლევა, ადამიანები ნერვიულობენ და მიჩერებიან ტელევიზორს რაიმე სიახლის მოლოდინში, პასუხად კი მედია მხოლოდ დაავადებულთა ახალ რიცხვს გვაწვდის.

თუ პანიკის საფუძველი არსებობს, უნდა ვიცოდეთ, თუ არ არსებობს - ესეც და ამ ყველაფერში ტელევიზიები უნდა დაგვეხმარონ. ყოველდღე ეთერით სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ დაავადებულს გამოაცხადებს. ისედაც ისტერიკამდე მისული ხალხი უფრო ნერვიულობს და უბრალო წამოხველებაზეც ექიმებს აკითხავენ.

სამწუხაროა, მაგრამ არასაკმარისი, უფრო სწორად, ქაოსური ინფორმირებულობის პროცესში ხალხი უფრო იბნევა და ნერვიულობს.

მათთვის ისიც კი არავის უთქვამს, რომ პირბადე არ არის გრიპისაგან თავდაცვის საშუალება.

ზუსტი ინფორმაცია გრიპისაგან თავდაცვის შესახებ მოსახლეობამ არ იცის.

მგონი, ერთი სიუჟეტის, ან სოცილაური რეკლამის დამზადება პრობლემა არ უნდა იყოს, სწორად მიწდებული ინფორმაციის შემთხვევაში, პანიკა და ქაოსი ნაკლები იქნება.

Saturday, 12 December 2009

მისასალმებელი პოსტი


ვიფიქრე, თავიდანვე ხომ არ ვეტაკები-მეთქი და, ამიტომ, პირველ პოსტს პოზიტივით დავტვირთავ..

უშუალოდ ბლოგის მიმართულებიდან გამომდინარე, დღეს არაფრის დაწერას არ ვაპირებ..

უბრალოდ, მინდა მოგესალმოთ და წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ბლოგი, რომელმაც წლის ბოლოს დიპლომი უნდა მომიტანოს..   

არ ვიცი ზუსტად რა და როგორ გამოვა,ცოტა კი არა, კარგად ვნერვიულობ, რადგან რომ არ გამომივიდეს, საკუთარ თავში შემეპარება ეჭვი, რაც ძალიან არ მინდა.. 

ბლოგი მინდა მივუძღვნა ქართული მედიის კრიტიკას (ყველა სფეროში), აქვე დავამატებდი, რომ დიდი ალბათობით, ხელი წამიცდება და სხვა, ნაკლებად მედიაკრიტიკულ პოსტებსაც დავწერ, რაზეც არ ამახვილებენ დღევანდელი ჟურნალისტები ყურადღებას..

მოკლედ, დღეიდან ახალი ბლოგი შეემატება ბლოგოსფეროს..

რამდენიმე ხანში მას ჩემი დიპლომის ხელმძღვანელსაც ვაჩვენებ და, ვნახოთ, მოეწონება თუ არა.. 

სულ ეს იყო, რაც მინდოდა, თქვენთვის მეთქვა..

ფაქტობრივად, არაფრის თქმა არ მდომებია.. :)