ჩემი მშობლიური ქალაქის ცენტრი.
ალბათ, ყველამ იცანით..
ეს ის ქალაქია, რომელშიც სოსელო დაიბადა - ადამიანი, რომელიც მეოცე საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ფიგურა გახდა.
ეს ძეგლი გორის შუაგულში დაახლოებით, 50-60 წლის წინ აღმართეს და მას შემდეგ დგას ასე უწყინარად..
იმიტომ კი არა, რომ სტალინს მივტირით..
უბრალოდ იმიტომ, რომ აღება დაგვეზარა..
ჰო, წარმოიდგინეთ, რა რთულია: უნდა მოიყვანო ამწე, დაიქირაო ხალხი, მთელი დღე იჯახირო..
კარგი რა, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, იყოს ეს ძეგლი, ვის რას გვიშლის?!
ჰოდა, ამ მოტივით, სსრკ-ს დაშლიდან აგერ უკვე 18 წელია, სტალინის ძეგლი კვლავ ამშვენებს გორის ცენტრს..
მასთან პრეტენზიები არც არავის ჰქონია გასული წლის აგვისტოს მოვლენებამდე.
ომის შემდეგ კი, ქართველი პატრიოტები აღსდგნენ, აბობოქრდნენ და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთ გზად სტალინის ძეგლის მოშთობა მიიჩნიეს..
არგუმენტი მაგარი აქვთ: "ცივილიზებულ (და არა ცივილიზირებულ) ავსტრიაში ჰიტლერის ძეგლი არ არსებობს და მისი სახელი რომ ვინმემ ახსენოს, ადგილზე ჩაგქოლავენ"-ო..
ჰოდა, ცოტა არ იყოს, მეცინება ამ საკითხზე..
რატომღაც მგონია, რომ იდეოლოგიაში არცთუ დიდი განსხვავების მიუხედავად ჰიტლერს და სტალინს მსოფლიო ისტორიაში სხვადასხვა ადგილი უკავიათ..
პირადად მე, სტალინს ქართველად ვერ აღვიქვამ..
ის არც ყოფილა ქართველი. არასოდეს აღიარებდა ამას.
ქართულად მხოლოდ მაშინ ლაპარაკობდა, როდესაც ქვეშევრდომ ქართველებზე სურდა გავლენის მოხდენა..
მე მას პატივს ვცემ. არა, იმიტომ არა, რომ ერთი ქალაქიდან ვართ, არამედ იმიტომ, რომ მან მეოცე საუკუნის მსოფლიო შეცვალა. მიმაჩნია, რომ გენიოსი იყო..
და მართლა იყო გენიოსი..
გაუმართლა კიდეც: მოხვდა ზუსტად იმ გარემოში, სადაც უნდა მოხვედრილიყო.
მან, ფაქტობრივად, მარტომ შექმნა საბჭოთა კავშირი და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევაც დაიწყო ნგრევა ”ბოროტების იმპერიამ”.
არ შეიძლება მისი წვლილის დავიწყება მეორე მსოფლიო ომში..
მიუხედავად იმისა, რომ ”ლენდ ლიზის” დახმარების გარეშე, ვერაფერს გააწყობდა..
და ყველაზე მაგარი! სად იყო ამერიკაში ფიარი, სტალინი რომ ახორციელებდა და თან ერთობ წარმატებით..
მარტო ღვთისმშობლის ხატის მოსკოვზე შემოტარება რად ღირს!..
ეს ხომ თავიდან ბოლომდე ფიარის ნაწილი იყო..
ჰო, და კიდევ: ეს ადამიანი რასაც აკეთებდა, პირადი მიზნებისთვის არ აკეთებდა..
გარდაცვალების შემდეგ შემნახველ სალაროში მხოლოდ 200 მანეთი უპოვეს..
ამდენი, ალბათ, სუსურუკუს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა..
ყველაზე საინტერესო რაც არის, სტალინის შესახებ ყველას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მის შესახებ არავინ არაფერი იცის. არ ვიცით როგორი ადამიანი იყო, რაზე ფიქრობდა და, საერთოდ..
მის შესახებ, ალბათ, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებთ..
რაც შეეხება ძეგლებს..
ძელგების აქეთ-იქით ტარება რომ საქმეს შველოდეს...
პირადად ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სტალინის ძეგლი იდგება თუ არა ჩემი მშობლიური ქალაქის ცენტრში. სიმართლე რომ ვთქვა, არც მაღიზიანებს. თუმცა მიმაჩნია, რომ გორის ცენტრში ომისადმი მიძღვნილი მემორიალი უნდა იდგეს..
ეს ყველაზე სამართლიანი იქნება..
თქვენ კი, პატრიოტებო, სამშობლოს მოყვარულებო, ნამდვილო ქართველო ვაჟკაცებო!.
თქვენ, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ინტერნეტსივრცეში ერთობ აქტიურები იყავით და ვირტუალური სივრციდან ამხნევებდით ჯარისკაცებს, მიდით ბიჭებო, დასცხეთ, ჩვენ აქედან გიგულშემატკივრებთ, ჩირგვებიდანო, მოდი, თქვენს საქმეს მიხედეთ..
რამე გააკეთეთ ქვეყნისათვის..
ძეგლების გადატანა საქმეს რომ შველოდეს, აქამდე ცხრაჯერ მოვაშთობდით სტალინის ძეგლსაც და მუზეუმსაც მივაყოლებდით, გორის ცენტრს რომ გერმანული არქიტექტურით გვიმშვენებს..
No comments:
Post a Comment