Sunday, 13 December 2009

ყბადაღებული H1N1


ე.წ. ღორის გრიპის თემა მისი გაჩენის თვიდან (აპრილი), საკმაოდ აქტუალური გახდა.

მის შესახებ თითქმის მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და თან, გამუდმებით გვიჩვენებდნენ მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი შეიწირა ახალმა გრიპმა მექსიკაში (სწორედ ამ ქვეყანაში დაფიქსირდა პირველად).

ზაფხულის განმავლობაში ისტერიკა ჩაცხრა, დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ღორის გრიპი ადამიანს არ კლავს, თუმცა გრიპის ახალი სეზონის დადგომისთანავე ის კვლავ აქტუალური გახდა.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე პანდემიაა გამოცხადებული, მრავლად არიან დაღუპულებიც და მძიმედ დაავადებულებიც. 

საქართველოში H1N1 გრიპით დაავადებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ამჟამად, 200-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, გუშინ კი ბათუმში პირველი მსხვერპლიც დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ღორის გრიპზე შემოწმება აღარ ჩატარდება, რადგან ამის შემდეგ ვისაც კი გრიპი დაუფიქსირდება, სწორედ ღორის ექნებაო.

10 დეკემბერს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით პოლიკლინიკებიდან ექიმების გამოძახება უფასოა, ხალხი ქუჩებში პირბადეებით დადის და ყველას პანიკა აქვს..

ამ საერთო ისტერიულ ფონზე, ხელისუფლება არ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ჯიუტად ადგას აზრს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

200-ზე მეტი დაინფიცირებული და დაავადებულთა ყოველდღე ათეულობით ზრდადი სტატისტიკა შეიძლება ჩინეთის ან ინდოეთისათვის არ იყოს პანიკის საფუძველი, მაგრამ ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობა 3-დან 4 მლნ-მდე მერყეობს, ეს სტატისტიკა შემაშფოთებელია.

ერთ-ერთ სოციალურ საიტზე დადებული ინფორმაციის თანახმად, 9 დეკემბერს  H1N1-ით დაავადებული ორი მძიმე პაციენტი იწვა სტაციონარში, მათ შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა.

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო მედიის როლზე. ქართული მედიის წარმომადგენლები ერთმანეთზე მიწყობილ ყველაფრით მსგავს საინფორმაციო გამოშვებებს გრიპთან დაკავშირებით მხოლოდ დაავადებულთა რაოდენობით იწყებენ და ამთავრებენ.

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში (ყველა საინფორმაციო გამოშვებას აქტიურად ვადევნებ თვალს), არც ერთი ტელევიზიის ეთერით არ მინახავს, თუ რა მკვეთრად გამოხატული სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს ღორის გრიპს ან რა უნდა გავაკეთოთ მისგან თავის დასაცავად.

კარგი იქნებოდა, თუნდაც ე.წ. "საზოგადოებირვ მაუწყებელს" მაინც დაემზადებინა პატარ-პატარა სოციალური რგოლები, რომლებშიც იქნებოდა აღწერილი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გრიპის ნიშნების გაჩენის შემთხვევაში.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს ხოლო სტატისტიკა ამის საფუძველს არ იძლევა, ადამიანები ნერვიულობენ და მიჩერებიან ტელევიზორს რაიმე სიახლის მოლოდინში, პასუხად კი მედია მხოლოდ დაავადებულთა ახალ რიცხვს გვაწვდის.

თუ პანიკის საფუძველი არსებობს, უნდა ვიცოდეთ, თუ არ არსებობს - ესეც და ამ ყველაფერში ტელევიზიები უნდა დაგვეხმარონ. ყოველდღე ეთერით სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ დაავადებულს გამოაცხადებს. ისედაც ისტერიკამდე მისული ხალხი უფრო ნერვიულობს და უბრალო წამოხველებაზეც ექიმებს აკითხავენ.

სამწუხაროა, მაგრამ არასაკმარისი, უფრო სწორად, ქაოსური ინფორმირებულობის პროცესში ხალხი უფრო იბნევა და ნერვიულობს.

მათთვის ისიც კი არავის უთქვამს, რომ პირბადე არ არის გრიპისაგან თავდაცვის საშუალება.

ზუსტი ინფორმაცია გრიპისაგან თავდაცვის შესახებ მოსახლეობამ არ იცის.

მგონი, ერთი სიუჟეტის, ან სოცილაური რეკლამის დამზადება პრობლემა არ უნდა იყოს, სწორად მიწდებული ინფორმაციის შემთხვევაში, პანიკა და ქაოსი ნაკლები იქნება.

No comments: