Wednesday, 16 December 2009

არგუმენტი _ მე ქართველი ვარ!.


ჭკვიან ქართველს უთქვამს, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-ო..

ეს ჭეშმარიტი იდიომაა, დასამალი აბა რა არის?.

აბა დამისახელეთ ერი, რომელმაც ისეთივე პატივისცემა იცის, როგორც ქართველმა..

რომელი ერის წარმომადგენელს უყვარს საკუთარი მეზობლები ქართველებზე მეტად?.

არც ერთს!.

მხოლოდ ქართველს შეუძლია მეჩვიდმეტე სართულიდან ჩამოიტანოს თავისი ოჯახის ყველაზე ინტიმური რამ - ნაგავი და მეზობელს კარებში დაუდოს..

თან ისე, რომ გამოხვალ და დაინახავ, ვერც გაბრაზდები.

აბა როგორ უნდა გაბრაზდე, ზემოთა მეზობელს ასე უზრუნია შენს სისუფთავეზე და სამ პარკში შეუფუთავს ნაგავი!.

ჰმ, გული აგიჩუყდება პირდაპირ.

ეჰ, რა ვუთხრათ ამ ოხერ ბუნებას, ზამთარში დიდხანს შემოინახავ მეზობლის მიერ მოძღვნილ ძვირფას ძღვენს, მაგრამ ზაფხულში რომ თაგვები გეხვევა და იძულებული ხარ დილის შვიდ საათზე დაუდარაჯდე მეეზოვეს, გადაუხადო უკანასკნელი 10 ლარი და მეზობლის ძვირფასი საჩუქრის გატანა სთხოვო, რა უხერხულად გრძნობ თავს მის წინაშე!..

რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!..

დიახ!. 

აბა სხვა რომელი ერის წარმომადგენელს შეუძლია გაქანებული მანქანიდან გადმოისროლოს შუშის, პლასტმასის ბოთლი? ანდა ანთებული სიგარეტი, დიდებულად რომ გაჰკვეთს ხოლმე ჰაერს და ნაპერწკლების ყრით ტრიალით ეშვება ქვაფენილზე?..

აღარაფერს ვამბობ ერთჯერად ხელსახოცებსა და პარკებზე..

ეს უკანასკნელნი რაოდენ უხდებიან ქალაქის საახალწლო დეკორაციას..

წითელი, ვარდისფერი, შავი, ყვითელი...

მადლობა მერიისგან მოსახლეობას!..

მართლაც რომ, მადლობა!.. 

ქართველის გარდა სხვა რომელი ერის წარმომადგენელის აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა ნაგვის ყუთთან მიმართებით? გვერდით ისე ჩაუვლის, ნაგვის ჩაყრას ვერ ბედავს და მორცვად აგდებს ძირს..

ვითომ ვერ შეამჩნია!..

ქართველს შორიდანვე იცნობ მეტროში!.

ის ხომ მზესუმზირას ჭამს და ლიანდაგებზე ყრის ჩენჩოებს..

დამლაგებელი კი არხეინად უყურებს..

ეშინია, ისეთი აგრესიული გამოხედვა აქვს ახალგაზრდა, ჯერ გაუფურჩქვნელ კოკორს, ათსანტიმეტრიან ქუსლებზე რომ შემდგარა და ნორჩად აბიბინებია ულვაშები..

აბა, დამისახელეთ ქართველის გარდა ერი, რომელიც ქუჩაში ნაცნობს შეხვედრისთანავე ისე გადაეფსკვნება, თითქოს ღორის გრიპის პრობლემა არ აწუხებდეს, ეტყვის, რომ სწორედ მასზე ფიქრობდა, რომ რა ლამაზად გამოიყურება, როგორ უხდება შეღებილი თმები!.. 

კოცნითა და მტლაშუნით დაემშვიდობება, სამჯერ გადააფურთხებს და გულზიდებით იტყვის, რას ჰგავდა ეს მათხოვარიო?!

ქართველის გარდა, სხვა რომელი ერის წარმომადგენელია პატრიოტი სუფრასთან, რომელი მჭევრმეტყველობს, რომელი ღვრის მწარე ცრემლებს და სამშობლოს სიყვარულს უმკტიცებს?..

და საქმე საქმეზე რომ მიდგება რომელი ერის წარმომადგენელი მამაკაცი დაიმალება საყვარლად სარდაფში?

რა თქმა უნდა, ქართველი!..

არგუმენტი?

რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ხომ არ გადავშენდებით?! 

დამსახელეთ სხვა ერი, რომელშიც სამსახურში მიღების დროს გარებიძაშვილობა და სხვა ტიპის საეჭვო და არასაეჭვო ნაცნობობა პორფესიონალიზმზე მაღლა დგას!.

საქართველოს გარდა, სხვა რომელ ერშია პირფერობა და მლიქვნელობა სწრაფი კარიერული წინსვლის საშუალება?.

ქართველის გარდა, რომელი ერის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მოხმარების საგნების გაფუჭებით საქმეს მერიას უფუჭებს და უხარია?

ქართველის გარდა ვინ აიბზუებს ცხვირს სხვა ერის წარმომადგენელზე მხოლოდ იმიტომ, რომ ის სომეხია, ებრაელი, ჩეჩენი, ყაზახი..

სამაგიეროდ, რა ბედნიერები შესცქერიან ინდოევროპული რასის წარმომადგენლებს?! 

ვის შეუძლია გამუდმებით წარსულით ნუგეში?.

მერე რა, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა, ჩვენ ხომ 1981-ში თასების თასი მოვიგეთ?..

და კიდევ, ყოველ წელს ახალ წლისთავს რომ აღვნიშნავთ ხოლმე ამ დიადი გამარჯვებისას.

ჰო, რა!.. 

ეგ არის!..

ჩვენ ქართველები ვართ!..

ყველაზე, ყველაზე ერი მთელს მსოფლიოში!

No comments: