Monday 18 January 2010

იუმორი ქართულად

ქართველები რომ ყველაფერში ზეკომპეტენტურები ვართ, თქვენთვის ახალი ამბავი არ უნდა იყოს. ეს პირველ რიგში სიმღერას და იუმორს შეეხება.
ამ ეტაპზე ყურადღების გამახვილებას ქართულ იუმორზე ვაპირებ, თუმცა, არ ვიცი რა სიტყვა მოვძებნო მას დასახასიათებლად. არც წინადადება.
ამიტომ, უბრალოდ მივყვები ქრონოლოგიას და ვნახოთ, რა გამოვა.

როგორც კომპეტენტური და მრავალგზის გამოცდილი ადამიანები ამბობენ, იუმორის კეთება ეს არის ყველაზე რთული საქმე. ამ მიმართულების ხარისხიანი პორიდუქტის შესაქმნელად საჭიროა ინტელექტი, გონებამახვილობა და ა.შ. არც ის არის საიდუმლო, რომ ხარისხიანი იუმორის კეთებას დრო სჭირდება. დრო და რესურსები.

ქართულ იუმორისუტულ სფეროში ყველაფერი სხვანაირადაა. ერთ, არცთუ მრავალრიცხოვან გუნდს შეუძლია აკეთოს კვირაში სამი იუმორისტული შოუ და პრეტენზიები ჰქონდეს ჯანსაღ იუმორზე. თუმცა, ეს მაყურებლის ბრალიცაა. ისინი იღებენ იმას, რასაც აწოდებენ. მერე რა, რომ მათ უმეტესობას არც კი ეღიმება შემოთავაზებულზე.

აშკარაა, რომ იუმორის მხრივ თვით იუმორისტებს აქვთ სერიოზული პრობლემები. აბა რას დავაბრალოთ შავი იუმორის გამოჩენა ეთერში?! როგორც წესი, ამ მეთოდს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც აღარ ძალუძთ რაიმე ღირებულის შექმნა, თუმცა ქართველ იუმორისტებს ღირებულის შექმნა როდის ძალუძდათ, პირადად მე, მიჭირს ამის გახსენება.

"Club show" კრიზისის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ჯერ იყო და, ერთი ერთზე გადმოიღეს რუსული ვარიანტი, თუმცა, ძალიან შეცდნენ. ნახევრადშიშველი გოგონების ჩვენებითა და ბილწსიტყვაობით ვერ ხერხდება იმ დიდი კონტრასტის დაფარვა, რომელიც შოუს რუსულ ვარიანტთან არის. მით უმეტეს, ქართველ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, იხილოს რუსების მიერ გაკეთებული ეს შოუ და დასკვნები თავად გამოიტანოს.

ისე, აზრად მომივიდა, ხომ არ ჯობს, რუსების იუმორი გადმოთარგმნონ და ის დადგან, ოდნავ მაინც შეიძლება გაეღიმოს კაცს. თან არც ქართველი იუმორისტები იწვალებენ უნიჭო ამბების მოფიქრებით.

უზარმაზარი შესავლის შემდეგ გამოვტყდები, რომ ამ პოსტის დაწერა გოჩა თანდარაშვილის ინტერვიუმ გადამაწყვეტინა, სადაც აქტიურად დასცინის "იუმორინას":

 "იუმორინას" იუმორი მართლა ძალიან ცუდია, ასეთი ხუმრობები შეგიძლია, ნებისმიერ სუფრაზე მოისმინო, თუმცა, მგონი, სუფრაზე უფრო კარგად ხუმრობენ. ასეთი იუმორი ძალიან ახლოსაა საზოგადოებასთან, "პაპსა" იუმორია. ეს ყველაზე კარგად იყიდება. "პაპსა" იუმორის ნათელი მაგალითია "იუმორინას" პერსონაჟი, სომეხი ტიპი, რომელსაც გოგა პიპინაშვილი თამაშობს." 

გოჩა აქვე აღნიშნავს, რომ "ამას ჩვენც ხშირად ვაკეთებთ. ამას ხაზგასმით ვამბობ", და მიზეზად არა ურესურსობას, არამედ მაყურებელთა მოთხოვნებს ასახელებს. თუ დამნაშავე მხოლოდ ქართული ე.წ. საზოგადოებაა და ქართველი იუმორისტები ჭეშმარიტი იუმორის ტექნიკურად ვერგაკეთების გამო წუხან, მგონი, არაფერი დაშავდებოდა, ოთხ თუ ხუთ სკეტჩიან "Comedy Show"-ში ერთი ნორმალური სკეტჩი გაეკეტებინათ, თუნდაც ისეთი, როგორიც ინგლისური იუმორია. გოჩა თანდარაშვილი ხომ იძახის, "მომწონს ინგლისური იუმორი, "- ო?!.   
თუმცა, ეს ხომ საშიშია, ხალხი ვერ გაიგებს ზეიუმორს (და ვინ დაასკვნა, რომ ინგლისური იუმორი ზეა?.   )

ზოგადად, მაყურებლის მოტყუება დიდი ვერაფერი მოგების მომტანია. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ.. მეხუთედ უკვე ვეღარ გამოდის ეგ ამბავი ძველებურად. ესოდენ ძვირფასი ნდობაც იკარგება. ნათელ მაგალითად შემიძლია "ახალი წელი შუა ქალაქში" მოვიყვანო,  რომელმაც მაყურებელს ყველანაირი მოლოდონი გაუცრუვა. პირადად მე, თავიდანვე ვიფიქრე, რომ სცენაზე გადმოტანილი სერიალი წარუმატებელი პროექტი იქნებოდა და, როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ. 

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სასცენო "შუა ქალაქის" მომზადებას მხოლოდ 10 დღე გამოეყო. ვფირქობ, ეს მეტი არფერია თუ არა მაყურებლის აბუჩად აგდება. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ფინანსური დაინტერესება პირველია ყველა სხვა ინტერესს შორის, მაგრამ ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო აუდიტორიის მიმართ, რათა  საერთოდ არ დაკარგო ის. " ახალი წელი შუა ქალაქში" ნამდვილად წამგებიანი ნაბიჯი იყო ტელეპროექტისთვისაც, კარგი იქნებოდა, თუ გაითვალისწინებდნენ მოსალოდნელ შედეგებს.

ტელეეთერში ამ კონცერტის გაშვების შემდეგ, სოციალურ საიტ http://www.forum.ge/-ზე სპეციალური თემაც გაიხსნა, სადაც იუზერები თავის აზრს აფიქსირებდნენ. შალვა რამიშვილმა მოტყუებულ მაყურებელს რჩევები მისცა, აუკრძალა უარყოფითი აზრების გამოთქმა აღნიშნულ ტელეპროექტზე და, საოცარია, მაგრამ დავით გოგიჩაიშვილის აქტიურ დამცველად მოგვევლინა, არადა, თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ იყო, ქართულ იუმორისტულ სამყაროში "მამათა და შვილთა"  დიდი დაპირისპირება!
აქვე რამდენიმე სიტყვას სამსონაძეებზეც ვიტყოდი, მისი მაყურებელი რომ ვიყო..   

ფაქტი ერთია: ქართველებს არ გამოსდით იუმორისტული შოუების გაკეთება არა იმიტომ, რომ არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ არ აქვთ ამის ინტელექტუალური რესურსი. ის, რაც 90-იან წლებში გააკეთეს, ნოუჰაუ იყო ჩვენთვის, შესაბამისად, ერთგვარი გადატრიალებაც მოახდინა ("რადიო 105", "დარდუბალა" და ა.შ.), თუმცა ამის შემდეგ იუმორისტები დიდად არც გაზრდილან. პირადად მე, კარგად მახსოვს "რუსთავი 2-სა" და "202-ის" გუნდების დაპირისპირება. ჯერ კიდევ მაშინ მღრღნიდა ეჭვი, რომ მიზეზი ფინანსები იყო.

როგორც არ უნდა იყოს შიდასამზარეულოში საქმე, მაყურებელი ხედავს იმას, რასაც აწვდიან. მიწოდების პროცესში კი, ბევრი რამის გათვალიწინებაა საჭირო, რათა აუდიტორია შეინარჩუნო. არ არის საჭირო კვირაში სამი, ოთხი ან ცამეტი გადაცემის კეთება, რადგან როგორც ჩვენი ჩრდილოელი მტერ/მეზობლები იტყოდნენ, "მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა".

1 comment:

clown said...

ქართული იუმორისტული შოუები საშინელებაა :|