Saturday, 2 January 2010

წლის ადამიანი 2009

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა. საქართველოს მოსახლეობის ვირტუალურ სივრცეში განსხეულებულ ნაწილს შეეძლო გამოეყო თავისი ძვირფასი დროიდან მცირეოდენი, შესულიყო "პირველის" საიტზე და აერჩია 2009 წლის ადამიანი, რომელმაც, აწ უკვე გასულ წელს, საქართველოსათვის მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. ჩამონათვალში ფიგურირებდნენ როგორც ქართველი, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, მათ შორის ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, რენე ჰარლენი, ანდრეი ნეკრასოვი და სხვები..

უკანასკნელ ორზე ცოტა არ იყოს, უხერხულად ჩამეცინა და შემრცხვასავით, მაგრამ არ შევიმჩნიე. საოცარია და, არცთუ ძალიან გამკვირვებია, როდესაც 2009 წლის ადამიანის ტიტული ანდრეი ნეკრასოვმა მოიპოვა ფილმისთვის "რუსულის გაკვეთილები".

ამ ფილმის შესახებ მე უკვე გამოვთქვი ჩემი სუბიექტური მოსაზრებები პირად ბლოგზე დღემდე ვრჩები ამ მოსაზრების  ერთგულად და აღშფოთებით ვარ მოცული ქართველების, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაზე.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დედამიწის გარკვეული სახელწოდებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ის ტერიტორია ძალიან უყვარს. თუმცა, შეიძლება არ უყვარდეს ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ მიწის ნაგლეჯს. ხშირად გვაღელვებს მათ მიერ ჩადენილი უსამართლობები და თუ გამბედაობა გვაქვს, ვცდილობთ ვამხილოთ ისინი. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უარს ვაცხადებთ ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე, რომლებიც უკვე გენში გვაქვს გამჯდარი. 

ვფიქრობ, სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება ანდრეი ნეკრასოვი, რომელმაც, ალბათ, ძალიან ბევრი რამ დადო სასწორზე, ჩეჩენეთის ომსა და ანდრეი ლიტვინენკოზე რომ გადაიღო დოკუმენტური ფილმები. ფილმები, რომლის ნახვის შემდეგ არ შეიძლება სიმპათიით არ აღივსო ამ ადამიანის მიმართ და, თუ ასე თუ ისე ერკვევი მისი საქმიანობის სფეროში, პროფესიონალიზმიც აღგაფრთოვანებს.

თუმცა, გაოგნებული დავრჩი იმით, რაც ვნახე აგვისტოს ომზე. პროფესიული თვალსაზრისით, ეს სრული კრახია.  მუსიკალური გაფორმება - ნული, ბევრი უვარგისი კადრი, გაწელილი ეპიზოდები.. ორსაათიანი ფილმის სათ-ნახევარზე, საათსა და ათ წუთზე ჩამოყვანა თავისუფლად შეიძლებოდა. გარდა ამისა, ბოლოში სრულიად ზედმეტია ბესლანისა და აფხაზეთის მოვლენების გაშუქების მცდელობა. რადგან ერთიც და მეორეც საკმაოდ ტევადი თემებია და ცალკე ფილმებს ნამდვილად იმსახურებს. ხოლო თუ მაინცდამაინც სურდა, ამ მოვლენების გაერთიანება, შეეძლო ტრილოგია გაეკეთებინა სათაურით "რუსულის გაკვეთილები." 

ყველაზე ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ჩემთვის მაინც ნეკრასოვის ბოდიშები იყო ფილმში, შვილმკვდარ მშობლებს რომ უხდიდა რუსის სახელით. ის შეიძლება გულწრფელი იყო, მაგრამ არის მომენტები, როდესაც "დუმილი იგი ოქრო არს". 

ქართველებმა ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ამ ფილმს. ისე დახატეს, თითქოს, ეგ არის და დაკარგული ტერიტორიები დაგვიბრუნეს. აქებდნენ ყველაფერს რაც ამ ფილმში იყო და როგორც იყო. ყველა აღნიშნავდა, რომ რუსის მიერ გადაღებული ამგვარი ფილმი, ძალიან მნიშნველოვანია და აშ. და ა.შ, თუმცა, არავის წამოსცდენია, თუ როგორი სუსტია აღნიშნული ნაწარმოები პროფესიული კუთხით. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც "მტერი"  ცდილობს მოვლენების ობიექტურ გაშუქებას, რომელშიც შენ გამართლებული გამოდიხარ, მაგრამ აშკარად ზედმეტი მოგვდის. და ამის ნათელი მაგალითია თბილისის ქუჩები, კვარტალში ერთხელ რომ უცვლიან სახლებს.

გამოკითხვის თანახმად, უნდა დასახელებულიყო ადამიანი, რომლემაც 2009 წელს ყველაზე მეტი რამ გააკეთა საქართველოსთვის. ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჟღერს ამ სიაში ნეკრასოვისა და ჰარლენის შეტანა.

ამგვარი გამოკითხვები კი, ჩემი აზრით, ძალიან დიდი სისულელეა. ისევე, როგორც მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანები.. კარგად მახსოვს, რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ პროექტმა, მართალია, სასაცილო მოტივებზე( უნდა ყოფილიყვნენ თუ არა წმინდანები და ზვიად გამსახურდია შეყვანილი ამ სიაში თუ არა), მაგრამ მაინც.. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ფაქტის შემდეგ, არ მახსოვს მერამდენედ შემრცხვა ქართველობის გამო.

არ ვიცი, რა დავარქვა ჩვენს ამგვარ დამოკიდებულებას, რომელსაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვამჟღავნებთ. თავდაცვის ინსტიქტი თუ ხავსს ჩაბღაუჭება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვგონია?! როდესაც ქართველების მხრიდან ამგვარ მონა-პატრონულ დამოკიდებულებას ვაწყდები, ერთი ანეკდოტი მახსენდება, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი. როდესაც ჰიტლერი ახლოს იყო მოსკოვთან და საქართველოში ჭორი გავრცელდა, თუ რატომ არ შემოიჭრა ფიურერი საქართველოში. თურმე, მას ქართველი ცოლი ჰყოლია, რომელიც იმ პერიოდში ორსულად იყო და როდესაც გაიგო, რომ ჰიტლერი კავკასიაში შესაჭრელად ემზადებაო, მუცელზე ხელი დაუდია და უთქვამს, "ამას რას ეტყვი ადოლფი"-ო..

ეს ისე, როგორც შტირლიცი იტყოდა, ინფორმაცია განსჯისათვის.. 

1 comment:

clown said...

რუსული გაკვეთილები და ჭირი მაგათ :|

სურვილი არ მაქვს ამ ფილმს ვუყურო :X