1993 წლის 31 დეკემბერს, ღამის პირველის ნახევარზე კარლო ღურცკაიას ოჯახში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია.
მისი გარდაცვალებიდან დღემდე საზოგადოებას არ ასვენებს კითხვა: მოკლეს თუ თავი მოიკლა პრეზიდენტმა? სიმართლის დადგენას ამ 17 წლის მანძილზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხისაგან დაკომპლექტებული კომისიები სწავლობდნენ. შევარდნაძის დროს შექმნილმა კომისიამ გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა გამოაცხადა.
2009 წლის სექტემბერში ჯონდი ბაღათურიასა და გია თორთლაძის ინიციატივით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი ფაქტების დამდგენი კომისია შეიქმნა და საზოგადოების ერთ ნაწილში მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ, ბოლოსდაბოლოს, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა.
კომისიას დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა თავმჯდომარე. მანამ, სანამ კოკო გამსახურდიამ არ მიიღო პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება. 2009 წლის 19 იანვარს ის მოსკოვში გაემგზავრა ყოფილი შს მინისტრის -შოთა კვირაიას, ყოფილი თავდაცვის მინისტრის - თენგიზ კიტოვანისა და ყოფილი უშიშროების მინისტრის - იგორ გიორგაძის დასაკითხად. საინტერესოა ის, რომ ამ ადამიანებმა თავად გამოთქვეს კომისიასთან თანამშრომლობის სურვილი.
კოკო გამსახურდია მოსკოვში მარტო გაემგზავრა. მას მხოლოდ ერთი ექსპერტი - მიხეილ ოსაძე ახლდა. როგორც presa.ge - სთან გაკეთებულ ინტერვიუში ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, ოსაძე ის ადამიანია, რომელიც შეხვედრას უზრუნველჰყოფს. კოკო გამსახურდია ჯერ არ დაბრუნებულა რუსეთის დედაქალაქიდან, თუმცა 30.01.10 იანვარს "P.S."-ში გასულ სიუჟეტში განაცხადა, დაკითხულთა პასუხებიდან გამომდინარე, ზვიად გამსახურდია მოკლულია!.
სხვათაშორის, ზემოთ აღნიშნული სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში, ჯონდი ბაღათურია აღნიშნავს:
"გაქვთ მერე ეს მტკიცებულებები და შესძლებს თუ არა კომისია დაამტკიცოს, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლეს?
– წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ, წესით, ეს ასეც უნდა მოხდეს. მე არ ვამტკიცებ მკვლელობის ვერსიას, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით, რომ ეს აზრი გაამყარა უკვე არსებული საგამოძიებო მასალების შესწავლის პროცესმა…"
თუმცა მანამდე, ყველას გვახსოვს ერთ-ერთ ვიდეოპორტალზე დადებული გიორგი გამსახურდიასა და ჯონდი ბაღათურიას სატელეფონო საუბარი, სადაც გამსახურდია ამ უკანასკნელს ემუქრება თუ არ დაანებებს თავს მამამისის სიკვდილის ფაქტების გამოძიებას. ფაქტია, რომ გამსახურდია ნერვიულობდა. რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი, თუ არა ის, რომ კომისიის გამოძიება პირველი პრეზიდენტის ოჯახისათვის არასახარბიელო დასკვნას დადებდა?!
მე ნამდვილად ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ თუ ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებთ, გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზი სუიციდი უნდა იყოს, რომლის მკვლელობაში გატარებისთვისაც მისმა ოჯახის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს.
ექსპრეზდენტის ოჯახის წევრებმა გვამის გროზნოში გადასვენება რომ მოითხოვეს, ქართული მხარე თანახმა იყო, თუ ექსპერტიზა ჩატარდებოდა. გამსახურდიას ქვრივმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ ამ პროცედურის ჩასატარებლად საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია და გამსახურდიას ახლობლებს სრული უფლება ჰქონდათ, დასწრებოდნენ ექსპერტიზას, რომ ეჭვი არაფერში შეპარვოდათ. თუმცა პირველი პრეზიდენტი ისე დაკრძალეს, რომ მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დღემდე გაუგებარი დარჩა.
დღევანდელ კომისიასთან დაკავშირებით, ჩნდება უამრავი კითხვა: რატომ არის კოკო გამსახურდია ამ კომისიის თავმჯდომარე? რატომ წავიდა მოსკოვში მარტო მთავარი მოქმედი პირების დასაკითხად და ხომ არ იქნება კომისიის დასკვნა სუბიექტური?
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომისიის დასკვნის ობიექტურობაში, მე პირადად, ეჭვი მეპარება, თუნდაც, ბაღათურიას განცხადებიდან გამომდინარე, რადგან ვფიქრობ, კომისიის შექმნის საბაბი არა გამსახურდიას მკვლელობის დამტკიცება, არამედ, რეალურ ფაქტებზე მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის დადგენა უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment