Tuesday, 9 March 2010

საქართველო - მედიატორი

2010 წლის 1 მარტს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზღვრის გახსნის საკითხი განიხილებოდა, მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის აზრი ორად გაიყო: ნაწილი მომხრე იყო გზის გახსნის, ნაწილი - წინააღმდეგი. მომხრეები საკუუთარ პოზიციას სტეფანწმინდის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით ამტკიცებდნენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ამ რეგიონის მაცხოვრებლებს მატერიალურად ძალიან უჭირთ. მოწინააღმდეგეებს კი სხვა, გაცილებით გლობალური არგუმენტები ჰქონდათ, რომლებსაც ქვემოთ აუცილებლად შევეხებით.

გაჩნდა თუ არა მოსაზრება ლარსის გახსნის თაობაზე, ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები გააქტიურდნენ. ამას ადასტურებს ”კვირის პალიტრის” მიერ გამოქვეყნებული წერილი, სადაც აღწერილია, თუ როგორ ინაწილებენ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სომხები და რუსები ყაზბეგის ტერიტორიას.  ნამდვილად არ ვიცი, სარწმუნოა თუ არა ეს წყარო, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ საზღვარზე ჩვენი მესაზღვრეების გამოჩენა, პროვოკაციებისათვის უფრო მეტ მოტივაციას იძლევა. 

ლარსის გახსნაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გზა სომხეთისა და რუსეთისათვისაა, ქართულ ტვირთს არ შეუძლია საზღვრის გადაკვეთა. საქართველო ამ ტრანზიქციით ეკონომიკურ სარგებელს არ იღებს, ხელისუფლება კი არ მალავს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სომხეთის თხოვნით გაიხსნა. ამ გზით კი, ადვილი შესაძლებელია, ჩვენი მეზობელი სომხეთი იარაღით მომარაგდეს, მიუხედავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის -გრიგოლ ვაშაძის განცხადებისა, რომ ლარსზე ერთ ტყვიასაც არ გადმოატანინებენ. 

ადეკვატური იყო აზერბაიჯანის პოზიციაც, ცოტა არ იყოს, უხერხულია გზის გახსნა იმ ქვეყნისათვის, რომელიც შენი მეგობრის მტერია. თუმცა, უკვე იმაშიც არ ვართ დარწმუნებული, აზერბაიჯანი მტერია თუ მეგობარი, რადგან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ის იყო თითქმის ერთადერთი ქვეყანა, რომელის პრეზიდენტს არც დახმარება და არც სიტყვიერი თანაგრძნობა არ გამოუხატავს, რამდენიმე დღეში კი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. აზერბაიჯანის არამყარმა პოზიციამ კი დაგვარწმუნა, რომ კრიტიკულ მომენტში მისი იმედი არ უნდა გვქონდეს, თუმცა მტრად წამოკიდებაც არამგონია, კარგი იყოს, რადგან როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში მისი ქვეყანა სათანადო ზომებს მიიღებს საქართველოს წინააღმდეგ. 

პირადად მე, არ მჯერა მოსაზრების, რომ საქართველომ მეგობარ სომხეთს გაუწოდა დახმარების ხელი. რადგან ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად უნდა გვეფიქრა, ვინ უფრო მეტად იყო და არის ჩვენი მეგობარი: აზერბაიჯანი, რომელთანაც საკმაოდ კარგი ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს (ჯერჯერობით), თუ სომხეთი, რომელიც მუდამ ჩასაფრებულია, რათა ზურგში დანა ჩაგცეს. 

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენ შესაძლოა ძალიან ცუდი როლი აღმოგვაჩნდეს აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობაში, ლარისის საბაჟო-გამშვები პუნქტის საშუალებით შეიარაღების შესაძლო გადატანა ჩვენთვისაც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაძლო გამეორების შემთხვევაში, რთული წარმოსადგენი არაა, რომ სომხეთმა სამხრეთიდან გახსნას მეორე ფრონტი, რისი მაგალითიც გასული საუკუნის ოციან წლებში გვაქვს. 

თუმცა, უამრავი მოსაზრების, ვარაუდის, მსჯელობისა თუ კამათის მიუხედავად, ლარსის სასაზღვრო პუნქტი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისათვის, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

No comments: