Wednesday 10 March 2010

დიდი ჟურნალისტიკიდან დიდ პოლიტიკაში

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლის დასაკავებლად "ქრისტიან-დემოკრატების" სიით ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად ლონდონელი სტუდენტი - ინგა გრიგოლია იყრის კენჭს. როგორც გიორგი თარგამაძემ გაუმხილა "კურიერის" ჟურნალისტს, გრიგოლია არჩევნებზე მათი პარტიის პირველ ნომრად იქნება წარმოდგენილი. "ქრსისტიან-დემოკრატები" ზუსტ პასუხს ლონდონიდან, გვიან ღამით ელოდებიან, თუმცა ვფიქრობ, დიდი მკითხაობა არ სჭირდება გამოგზავნილი უსტარის შინაარსს.

ჰო, გრიგოლია პოლიტიკაში მიდის. ლევან ვეფხვაძის აზრის, ინგასნაირი ნიჭიერი ადამიანები ქართულ პოლიტიკას ნამდვილად აკლია (რაშიც, რბილად რომ ვთქვა, ვერ დავეთანხმები). აბა რა! ინგამ ხომ ჟურნალისტიკაში ბოლომდე დახარჯა თავისი ნიჭი და გენია. ამის დასტურად არცთუ ძალიან მოგვიწევს თავში მოთავსებული ნაცრისგერი ნივთიერების დაძაბვა. დამოუკიდებელი საქართველოს სატელევიზიო სივრცეს ხომ თითქმის არსებობის დღიდანვე ახსოვს ახალაზრდა, სპეციფიკური ხმის მქონე ჟურნალისტი.

ქართული საზოგადოების აზრით, განათლებისა და გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურის განმსაზღვრელს - მარკესს უთქვამს: "გაივლის კიდევ ორიოდე წელი და..."
ასევე გაიარა გრიგოლიას ეთერში გამოჩენიდან ორიოდე წელმა და "რუსთავი 2"-დან "პირველზე" ვიხილეთ, "პირველიდან" - "რუსთავი 2"-ზე, "რუსთავი 2"-დან "იმედზე", "იმედიდან" - "რუსთავი 2"-ზე, "რუსთავი 2"-დან "პირველზე", "პირველიდან" ლონდონში, ხოლო ლონდონიდან არც მეტი, არც ნაკელბი, დიდ ქართულ პოლიტიკაში.

როგორი იყო ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში? თავად ყვითელი პრესის სხვადასხვა წარმომადგენლებთან სიამაყით აცხადებდა, რომ გადაცემებს უხურავდნენ. ბევრისთვის გრიგოლია იმის მისაბაძი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი XXI საუკუნეში, ვბევრისთვის კი იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი არამხოლოდ XXI საუკუნეში, არამედ, საერთოდ!

პირადად ჩემთვის ცოტა გაუგებარია ჟურნალისტი, რომელიც რესპოდენტს აზერს კი არა, წინადადებას არ ამტავრებინებს, აქტიურად იქნევს ხელებს, ლაპარაკობს იმაზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არ ესმის და შეუძლებელია მისი პოზიციის გაგება ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. არა, განა იმიტომ, რომ პროფესიონალია, უბრალოდ, პოზიცია არ აქვს (მითი იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტმა არ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, ისეთივე აბსურდია, როგორიც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი). თუ ამ უკანასკნელში შემედავებით, მე მის ჟურნალისტურ კარიერას მოგიყვანთ მაგალითად, ქართულ ტელესივრცეში ხომ "I სტერეოს", "music box"-ისა და "მაესტროს" გარდა არ დარჩენილა არხი, გრიგოლიას რომ არ დაემშვენებინა?!

გრიგოლია ისეთი სიხშირით დახტოდა არხიდან არხე, ისე ხშირად იცავდა კბილებით დღეს ერთს, მეორე დღეს კი მის საწინააღმდეგოს, რომ ცოტა არ იყოს, შემზარა.

შემზარა "ქრისტიან-დემოკრატების" მოსაწვევმაც. არ მესმის როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი ინგა გრიგოლია, რომელსაც პოზიცია არ აქვს, თუმცა არამგონია, მისთვის რთული დასაცველი აღმოჩნდეს იდეები, რომლებსაც არ იზიარებს. იქნებ - არც ესმის.

სხვა თუ არაფერი, ლონდონიდან გრიგოლია განათლებული დაგვიბრუნდება. არ ვიცი დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბენდუქიძესთან განცდილი ცნობილი კრხის შემდეგ წავიდა ცოდნის დედაქალაქში. სხვათაშორის, ჩემი ძვირფასო ოპონენტებო, აღნიშნული ეთერის დროს კარგად გამოჩნდა გრიგოლია - როგორც ჟურნალისტი.

ახლა? ახლა გრიგოლია განათლებული ქალია. ის ხომ ლონდონში სწავლობდა? ბენდუქიძეს, ალბათ, უნდა ეშინოდეს, ლონდონში ნასწავლი ოპონენტი ხომ მას პირწმინდად გაანადგურებს! ხოლო თუ ბენდუ ისევ მოსთხოვს მდინარეების კალაპოტის გაყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს, ინგა კვლავ ეტყვის: ასე ამბობენო და აქვე დააყოლებს: ბატონო კახა, ნუთუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, მე ხომ ლონდონში ვსწავლობდიო! აი, ასე განაიარაღებს მრისხანე მეტოქეს.

  პირადად მე, ეჭვი მეპარება მის გამარჯვებაში, მაგრამ მგონი, ვიმსახურებთ კიდეც გრიგოლიასნაირ საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოში ხომ საუკეთესო ჟურნალისტების გზა პირდაპირი რეისით მიდის პოლიტიკაში!

2 comments:

Maka Asatiani said...

საწყალი ინგა, იქნებ ასე მაინც მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია. არ გაუმართლა ჟურნალისტიკაში გაუმართლებს კი პოლიტიკაში? :))))))))

Sophie שרה Golden said...

გულისამრევი ქალია :| ჟურნალისტიკის სირცხვილი. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ახლა პოლიტიკაში მოდის :| შესაშური პოლიტიკოსი ქალები გვყავს - ბესელიათი დაწყებული გრიგოლიათი დამთავრებული. Gonna shoot myself :((