Thursday 11 March 2010

სამეფო კარის ინტრიგები

დიდი ბრიტანეთი კონსერვატორული ქვეყანაა, სადაც ტრადიციებით ცხოვრობენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს და შედეგს მთელი მსოფლიო ხედავს. დედამიწაზე არავის ჰყავს უფრო ცნობილი სამეფო კარი, ვიდრე ბრიტანეთს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ფიქტიური მონარქიული მმართველობა ზოგიერთისათვის მისაბაძი მაგალითია.

ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის, რომ დედამიწაზე მათზე უფრო ღირსეული და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა არსებობს, რომლის მკვიდრთა საკმაოდ დიდი ნაწილი არა აწმყოთი ან მომავლით, არამედ - წარსულით ცხოვრობს. ამ ქვეყნის ცისფერსისხლიანები ერთ სექტაში გაერთიანებულან და მონარქიის აღდგენა დაუსახავთ ცხოვრების ამოცანად. მათი მსჯელობა იმდენად სერიოზულია, რომ ხშირად ვფიქრობ, ღმერთი მათი დაბადებისას საუკუნეებში ხომ არ შეცდა.

ქართულ თავადაზნაურობაში იმდენად დიდია მათი გვარის კუთვნილი მიწების დბრუნების სურვილი, სამეფო კარზე მოღვაწეობა და ბალ-მასკარადები, რომ რომდენიმეწლიანი მძიმე შრომის შედეგად, 2009 წლის 8 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში ორი სხვადასხვა შტოს ბაგრატიონის  - დავითისა და ანა გრუზინსკის ჯვრისწერა შედგა. ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნების სამეგო კარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დედოფლის კაბზე ესპანელებმა იზრუნეს, გრანდიოზულ ქორწილზე კი - ქართველმა ბიზნესმენებმა.

ჩვენი ცისფერსისხლიანები ცერემონიალს თვალზე ცრემლმომდგარნი ადევნებდნენ თვალს და ღმერთს მადლობას სწირავდნენ იმისათვის, რომ მათმა განწირულმა სულისკვეთებამ ცუდად არ ჩაიარა. თუმცა, ვაგლახ, რომ ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა: მეფე-დედოფალმა ერთად მთელი თვეც ვერ გაძლო. მიზეზი ტრადიციული სამკუთხედი აღმოჩნდა. თავადაზნაურებისათვის მეტად შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ მეფემ დედოფალი გლეხის ქალზე გაცვალა.

ქართველი თავადების მცდელობა სრული კრახით დასრულდა. არათუ წმინდა სისხლის პრინცი, სამეფო ოჯახიც კი არ შერჩათ ხელთ. შეიძლება დავითისათვის მცირეოდენი ცუღლუტობა კიდეც ეპატიებინათ (მეფეებს ხომ შეშვენით მსგავსი გართობა), მას რომ დიდგვაროვანთან გაება რომანი. მაგრამ გლეხის ქალი მეტისმეტი აღმოჩნდა. გულგატეხილმა თავადებმა დავითი მკაცრად დასაჯეს: მას სამუდამოდ შეაქციეს ზურგი და ახალი, ასე თუ ისე, სუფთასისხლიანი ბაგრატიონის ძებნას შეუდგნენ.

გამოხდა ერთი წელი. და აი, სამეფო ტახტს კიდევ ერთი პრეტენდენტი გამოუჩნდა! 26 წლის ირაკლი ბაგრატიონმა მოკრძალებით, მაგრამ მაინც გამოთქვა თავისი სურვილი. ახალგამოჩეკილი პრინცი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ფესვებსმ დაუბრუნდა. ის თერჯოლის რაიონის სოფელ ღვინკითში ცხოვრობს და როგორც ამბობს, მეფობაზე სულაც არ ფიქრობს. მისი აზრით, ეს ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ამატებს, რომ იმერეთის მეფის - სოლომონ I-ის პირდაპირი შთამომავალია (მისი წინაპარი სოლომონის ძმა - ბაგრატი ყოფილა).

აღნიშნულმა ინფორმაციამ სრულიად შეძრა და ააფორიაქა სრულიად მონარქისტული საქართველო. ისტორიკოსები ბაგრატიონთა გენიალოგიურ შტოებში ჩაძვრნენ და მალე დასკვნებიც გამოიტანეს. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ვიღაცის ბოროტ ხელს ბაგრატიონთა ამ შტოს მიჩქმალვა და განადგურება სურდა, ნაწილის აზრით, ირაკლი ბაგრატიონის პრეტენზიები ტახტზე ზედმეტია, რადგან ბაგრატი სოლომონის მამის უკანონო შვილიაო. თავადაზნაურებს კი ხელთ აქვთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ყველა დიდგვაროვანი საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ და ბატონ-პატრონად ნუგზარ ბაგრატიონს - ყოფილი დედოფლის მამას აცხადებს.

ტახტისთვის ბრძოლა გრძელდება. მიზნის მისაღწევად პრეტენდენტებს დავით ბაგრატიონზე რთული გზის გავლა მოუწევთ, რადგან როგორც სამეფო კლუბის ხელმძღვანელმა - გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, დიდგვაროვნები მეორე ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებენ. ცნობილი გახდა, რომ თავადაზნაურთა საბჭო გაფაციცებით ეძებს ესპანეთში მცხოვრებ დავითის ბიძაშვილს -იოანე ხუან ბაგრატიონს - ამჯერად უკვე გამეფების მიზნით. ის, რაც ცისფერსისხლიანებმა ვერ შეძლეს, ”რუსთავი 2”-მა მოახერხა. მისი წარმომადგენლები ავხორცი მეფის ბიძაშვილს ესპანეთში დაუკავშირდნენ და ინტერვიუც ჩაწერეს.

ბაგრატიონობის მიუხედავად, საუბრის დასაწყისში იოანე ხუანი ერთობ მოკრძალებული გვეჩვენა. ხუანის მტკიცებით, მისი გამეფება შეუძლებელია, რადგან ის ბაგრატიონთა უმცროსი ძმის შვილია და, შესაბამისად, ტახტზე უუფლებო. მაგრამ აქვე დასძინა, რომ თუ ქართველ ერს სამეფო ტახტზე ხუანის ხილვა სურს, ამისათვის დავით ბაგრატიონის წერილობითი დასტურია საჭირო. მაგრამ ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან წლების წინ ხუანსა და დავითს კონფლიქტი მოსვლიათ და ახლა დავითი საქართველოს მეფობაზე თანხმობას უმალ სპარსეთის შაჰის შთამომავალთ მისცემს, ვიდრე საკუთარ ბიძაშვილსო, - ამბობენ საქმეში ჩახედულნი.

თავად მეფე (ახლა უკვე მხოლოდ) ქართველთა, კონკურენტების გამოჩენის თაობაზე კომენტარს აარ აკეთებს. დავით ბაგრატიონი საგურამოში, თავის რეზიდენციაში ატარებს ცივ მარტს და ახლოს არ იკარებს ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს.

მრავალი პრეტენდენტის მიუხედავად, თავადაზნაურთა საბჭო კვლავ ღრმა და მჭმუნვარე ფიქრებს უპყრია. ვინ უნდა იყოს მომავალი მეფე, იქნება კი ის ღირსეული მმართველი ბედკრული საქართველოსი? 

თავადაზნაურთა მსგავსად, მეც შავბნელ, თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო ფიქრებს მივცემივარ: საქართველოს სამეფო ტახტი თუ აღსდგა, თავადაზნაურებმა კი ტიტულები, დიდება, მიწები და უფლებები დაიბრუნეს, მე - საცოდავსა და უბადრუკ გლეხს რა მეშველება? ცოდვა გამხელილი სჯობს და, სულაც არ მხიბლავს ამილახვრების ყმობის პერსპექტივა.

3 comments:

Natalia said...

მოკრძალებული მეფე თერჯოლის რაიონის სოფელ ღვინკითიდან :D :D როგორ ჟღერს? :D

clown said...

ვერ არიან თავის მატორზე :|

Unknown said...

exla egga gvaklia vigac tavadaznaurebma tavi camoyon da zemodan gviyuron