სიმართლე რომ გითხრათ, აგერ უკვე მეორე დღეა ვფიქრობ, ამ ამბის მოსმენის შემდეგ ვიცინო, ვიტირო თუ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შემიძლია.
გახსოვთ ნინელი ჭანკვეტაძე?.
არა, კუკარაჩას ინგა არა, არც ძალიან ლამაზი ქალი. მე იმაზე გეუბნებით, ბინა რომ ჩამოართვეს და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დღე და ღამე ქუჩაში რომ იდგა. მერე ის კი არა, უკეთესი ბინა მისცეს, მაგრამ მაინც ქუჩაში იდგა და აღარც სახლში მიდიოდა, აღარც - თეატრში.
გურანდა გაბუნიაც ხომ გახსოვთ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ გურანდა რომ სიტყვის სათქმელად პირს აღებს, მის მაგივრად მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ გაუგონარი სისულელე უნდა თქვას.
ორი დღის წინ, თქვენი მონა მორჩილი, ტელევიზორს უყურებდა და, უცებ გადის სიუჟეტი: ნინელი ჭანკვეტაძე გურანდა გაბუნიას საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებს ძარცვაში ადანაშაულებს!.
როგორც აღმოჩნდა, გურანდას და ნინელის ცალ-ცალკე საქველმოქმედო ფონდები ჰქონიათ. ფანტაზია ბევრზე ვერ გასწვდათ, ფონდებს ”მომავლის სახლი” (ნინელი) და ”იმედის სახლი” (გურანდა) დაარქვეს. როგორც ფონდების წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ უამრავი საქველმოქმედო აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ისეთ ჩასაფრებულსა და ინფორმაციაზე მობილიზებულ ადამიანს, როგორიც მე ვარ, სიკეთის გამოვლინების ამ უამრავ ნიმუშზე არაფერი გაუგია.
როგორც გავარკვიე, კონკრეტულ შემთხვევაში აგრესორი გურანდას ფონდი ყოფილა, რომელმაც, ნინელის თქმით, მისი ფონდის კლიტის ოკუპირება მოახდინა, რის შემდეგაც ფონდი გაძარცვული დახვდათ. სატელეფონო საუბარში ნინელი ძუ მგელს ჰგავდა, გურანდამ კი ტირილი დაიწყო:
- როგორ შეიძლება იმ ფულზე დავა, რომელიც პატარა, მიუსაფარ, ობოლ, ფუმფულა და საყვარელი უპატრონო ბავშვებისთვის არის განკუთვნილი?!
საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დაფინანსებები ვერ გაიყვეს, ნინელიმ სარჩელი შეიტანა, ამის შემდეგ მისი ფონდი დაირბა და ახლა გურანდას ედავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადრე ორივე გუნდი ერთ ფონდში იყო, მერე უთანხმოება მოუვიდათ (ალბათ, ფული ვერ გაიყვეს) და ორ ნაწილად გაიხლიჩნენ. ახლა ისეთი ამბავი აქვთ, დედა შვილს არ აიყვანს და ნინელი აპატიებს გურანდას?
დასასრულ, მინდა ჩემი ეჭვნარევი ფიქრები გაგიზიაროთ: დაპირისპირება რომ პატიოსნად მიდიოდეს, მაინც რთული იქნება გამარჯვებულის გამოვლენა.
წარმოდგინეთ, გურანდა ასაკით დედად შეეფერება ნინელის. ქართველებმა კი უფროსის პატივისცემა იციან. ამ ლოგიკით გურანდა მოიგებს, მაგრამ ძველი თაობა გამუდმებით ნერვიულობს იმაზე, რომ ახალი თაობა უზრდელია. შესაბამისად, ნინელიც თუ უზრდელია, გურანდას ჭაღარას პატივს არ სცემს. მეტიც, ფეხქვეშ გათელავს.
მაგრამ, ბრძოლა სუფთა და სპეტაკი 1121-შიც კი არ ყოფილა (ყველამ კარგად ვიცით, რაც დავითმა იეშმაკა) და ახლა იქნება? როგორც ამბობენ, საერთო ფონდის გახლეჩვის შემდეგ ნინელიმ გადასძალა და ოთარ მეღვინეთუხუცესი მის ბანაკში აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. სამ ვარიანტს გთავაზობთ:
1. მეღვინეთუხუცესი ნინელიმ მძევლად აიყვანა და გურანდაზე ასეთი იაფფასიანი მეთოდით ახდენს გავლენას (ეგ მდაბიო);
2. გურანდას ქმარი მტრის ბანაკში ჯაშუშად ჰყავს შეგზავნილი და ამ დროს ნინელის ჰგონია, რომ ოთარი მისი ტყვეა, სინამდვილეში კი მისი ციხე ანდაზასავით ტყდება შიგნიდან.
3. ოთარ მეღვინეთუხუცესი საკუთარი წესებით თამაშობს, ორივეს თავს აჩვენებს, რომ მათი თანამოაზრეა, სინამდვილეში კი, ერთსაც ღუპავს და მეორესაც, რადგან მათ უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგებას აპირებს, ნანგრევებზე კი ახალი - ”რწმენის ფონდის” გახსნას.
ჩვენს წინ სამი მოსაზრებაა, თუმცა, ლოგიკა ვერ წყვეტს, თუ რომელი გაიმარჯვებს ”ვარსკვლავთა ომში”, გურანდა მოერევა თუ ნინელი? რადგან, პირველ შემთხვევაში უპირატესობა, უდავოდ, ნინელის მხარესაა, მეორე შემთხვევაში ასევე ულაპარაკოა გურანდას მოგება, თან დიდი ანგარიშით. აი, მესამე შემთხვევაში კი, ცოტა არ იყოს, ვიბნევი, რადგან საბრძოლო მოედანი აგათა კრისტის დეტექტივებს ჰგავს (რომ არ გგონია, ის რომ აღმოჩნდება მამაძაღლი).
ჰოდა, თქვენი აზრიც მაინტერესებთ, ცოტა ხანს შეეშვით ძველ მსჯელობას იმის თაობაზე, ბრიუს ლი მოერევა თუ ჩაკ ნორისი და შემოთავაზებულ ვარიანტს დაუთმეთ დრო. ანუ, როგორ ფიქრობთ, ნინელი ჭანკვეტაძე მოერევა თუ გურანდა გაბუნია?
Friday, 26 March 2010
ნინელი ჭანკვეტაძე მოერევა თუ გურანდა გაბუნია?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
მე პირადად ვერც ერთი ვერ მომერევა =):D
Post a Comment