Monday 29 March 2010

ფანტაზია და მარჯვე ხელები არა?

არ შემიძლია, მოსკოვში დღეს დატრიალებულ ამბებზე ჩემი აზრი არ გამოვთქვა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჩეჩნეთის ომის წინ მოსკოვში დატრიალებულ ამბებს (კორპუსების ცნობილ ტერაქტებს ვგულისხმობ). სცენარი, დაახლოებით ჰგავდა დღევანდელს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, ვფიქრობ, ორმოცი მოსკოველის სისხლის კვალს კრემლი საქართველოშიც დაინახავს.

ოფიციალურად, ტერაქტები ჩეჩნურ დაჯგუფებას აჰკიდეს, თუმცა ქართველების დასადანაშაულებლად ნიადაგი უკვე მომზადებულია.

ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ, (მართლა) დუმის დეპუტატები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართული სპეცსამსახურები ჩეჩნების ტერორისტულ დაჯგუფებას წვრთნიდნენ. როგორც მახსოვს, ეს არ იყო ერთჯერადი ინფორმაცია.

მოვლენებს თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, ადვილი შესაძლებელია, ტერორიზმისთვის ხელშეწყობა ქართულ მხარესც დაბრალდეს. რა მოხდება მაშინ, როდესაც ტერორიზმის წინაამდეგ თავდადებით მებრძოლი რუსეთი მთავარ მტერს კავკასიაში აღმოაჩენს, ძნელი მისახვედრი არაა.

ისედაც, ამ ბოლო პერიოდში, რუსეთისთვის მთელი კავკასია პრობლემად იქცა. მისი მოგვარება კი მხოლოდ კონტროლით შეუძლია. თუ როგორ დაამყარა კონტროლი ჩეჩნეთში, ვფიქრობ, შეხსენებას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში,ჩემი აზრით, მთავარი მაინც ჩრდილოკავკასია იქნება, მაგრამ თუ პუტინის არაჯანსაღ მიდრეკილებას გავიხსენებთ სააკაშვილის მიმართ, სიტუაციიდან გამოძვრომის შანსი ნაკლები გვაქვს.

თუ საქმე დადგმულ სცენართან გვაქვს, მაშინ ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ: ნუთუ თვით ვოვაჩკა პუტინს არ აღმოაჩნდა მეტი ფანტაზია, ამჯერად მაინც რომ მეტი მრავალფეროვნება და დრამატიზმი შეეტანა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიკვდილში?



აი, ესაა აბდაუბდა, მაგრამ მაინც ჩემი კომენტარი.

Sunday 28 March 2010

პასუხი დაუნისაგან

ამ ულამაზესი არსების ვინაობას არ შეგახსენებთ, რადგან რუსული ესტრადა დღესაც ისეთივე პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს აფხაზეთის მოვლენებამდე ან, თუნდაც, აგვისტოს ომამდე იყო. 

უბრალოდ, მინდა შევეხო ინტერვიუს, რომელმაც არცთუ დადებითი ემოციები გამოიწვია ჩემში. 

მეც ადამიანი ვარ და, ძალიან კარგად ვიცი, როგორ არის მისი ტვინი მოწყობილი. იშვიათია გამონაკლისი, რომელსაც შეუძლია იდეის გამო მატერიალურ კეთილდღეობაზე უარის თქმა. ეს სოფო ნიჟარაძემ მოახერხა, რის გამოც მას უდიდეს პატივს ვცემ. თუმცა, ქართველებს არც იმაზე გამოუთქვამთ დიდი პრეტენზია, თუ რატომ დარჩა უამრავი ქართველი რუსეთში სამოღვაწეოდ. ალბათ, ინდივიდუალურია ამა თუ იმ საგნისადმი დამოკიდებულება, რადგან პირადად მე, მომხდარის შემდეგ ერთ წუთსაც ვერ გავჩერდებოდი რუსეთში.

არავის გაულანძღავს თოფურია იმის გამო, რომ საქართველოში არ დაბრუნდა, თუმცა მისი ტონი უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ზემოთმოყვანილ ინტერვიუში კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს რუსული მედიასივრცე (თუმცა, მე იმის ილუზია ნაკლებად მაქვს, რომ ქეთას რაღაცების მიხვედრა თავისი პატარა ტვინითაც შეუძლია). 

ინტერვიუს მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქეთა ადამიანებად მხოლოდ იმ ქართველებს მიიჩნევს, რომლებმაც ”სწორი” გადაწყვეტილება - რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, დანარჩენი საქართველო კი დებილსა და დაუნ ადამიანებს უკავიათ. აქვე განმარტავს, რომ დებილები და დაუნები ყველა კი არა, მხოლოდ ისინი არიან, ვინც არასწორად მიიჩნევს ქართველის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას (დასკვნის გამოტანა თავად შეგიძლიათ, თუ რამდენი ქართველი შედის ქეთას მიუკარებელთა კასტაში), თათარაშვილის მაგალითზე, თოფურიას სრცხვენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ”უსაფუძვლოდ” აბრალებენ რაღაცებს. არადა, თათარაშვილი სულ რაღაც, ფაქტზე დაიჭირეს, გარდა ამისა, მისი ბინა ნარკოტიკით იყო გატენილი. 

საქართველოში დებილები და დაუნები ცხოვრობენ, აბა, დებილისა და დაუნის გარდა ვინ გააკეთებდა მოდელირებულ ”ქრონიკას?”

ქეთა მხოლოდ მაშინ გვესტუმრება საქართველოში, როცა კონცერტით დაპატიჟებენ, როცა ათასობით ქართველი შეავსებს პაიჭაძესა თუ სპორტის სასახლეს (იქნებ, ლოკომოტივსაც?), იმღერებენ მის სიმღერებს, და ხმებს ჩაიხლეჩავენ ქეთა-ქეთას ყვირლში. მანამდე კი, ქეთას უმაღლესი განათლების მიღების არც დრო აქვს და არც სურვილი. მართალიც არის! რა საჭიროა განათლება, ტვინში შესული ზედმეტი ინფორმაცია ხომ იძულებულს გხდის, ჭამისა და გამრავლების გარდა, სხვა, არამატერიალურ თემებზეც იფიქრო!

თუმცა, ტრაგედია ქეთა თოფურია კი არა, ისაა, რომ არამარტო მას, არამედ, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერლებს პოპულარიზაციას უწევენ. არა, ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, მათ შემოქმედებით წინსვლაზე დაიწეროს (ჩემი რუსოფობიის მიუხედავად), მაგრამ მაპატიეთ, მაგრამ სულ არ მაინტერესებს არც ქეთას ახალი შეყვარებული, არც ძველი, არც პირველი. არ მაინტერესებს, რა ზომა ფეხსაცმელს ხმარობს, დაიგრძელა თმა თუ გადაიხოტრა, მკერდზე გაიკეთა მორიგი ტატუ თუ უკანალზე, არ მაინტერესებს, როგორ იღებენ ახალ კლიპს, სადაც რუსის ვანია ქეთას ეზასავება, არ მაინტერესებს, როცა ამ კოცნაზე ამახვილებენ ყურადღებას და ჭკუიდან გადავდივარ, როცა ძვირფას საეთერო დროსა და ჟურნალების გარეკანებს უთმობენ. 

წაიკითხავს ახლა რომელიმე ჟურნალისტი ამ პოსტს და მეტყვის, იმაზე ვწერ, რაც საზოგადოებას აინტერესებსო, მაგრამ ტრაგედია ისაა, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა ისიც არ იციან, რომ საზოგადოებას იმ პროდუქტზე აქვს მოთხოვნილება, რასაც აწვდი.

და ბოლოს, ქეთა კითხვას სვამს, ნუთუ მეც მოღალატე ვარო? მოღალატე არა, მაგრამ კარგად დამუშავებული იდიოტი კი ხარ, ჩემი ქეთა, იდიოტი, რომელსაც ”დებილი და დაუნი” ქართველები, ზედაც კი არასოდეს შეაფურთხებენ.

P.S. ვიცავ ცენზურას, შეგიძლიათ, სიტყვა ”იდიოტის” ადგილას, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სიტყვა ჩასვათ.

Friday 26 March 2010

ნინელი ჭანკვეტაძე მოერევა თუ გურანდა გაბუნია?


სიმართლე რომ გითხრათ, აგერ უკვე მეორე დღეა ვფიქრობ, ამ ამბის მოსმენის შემდეგ ვიცინო, ვიტირო თუ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შემიძლია.

გახსოვთ ნინელი ჭანკვეტაძე?.

არა, კუკარაჩას ინგა არა, არც ძალიან ლამაზი ქალი. მე იმაზე გეუბნებით, ბინა რომ ჩამოართვეს და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დღე და ღამე ქუჩაში რომ იდგა. მერე ის კი არა, უკეთესი ბინა მისცეს, მაგრამ მაინც ქუჩაში იდგა და აღარც სახლში მიდიოდა, აღარც - თეატრში.

გურანდა გაბუნიაც ხომ გახსოვთ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ გურანდა რომ სიტყვის სათქმელად პირს აღებს, მის მაგივრად მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ გაუგონარი სისულელე უნდა თქვას.

ორი დღის წინ, თქვენი მონა მორჩილი, ტელევიზორს უყურებდა და, უცებ გადის სიუჟეტი: ნინელი ჭანკვეტაძე გურანდა გაბუნიას საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებს ძარცვაში ადანაშაულებს!.

როგორც აღმოჩნდა, გურანდას და ნინელის ცალ-ცალკე საქველმოქმედო ფონდები ჰქონიათ. ფანტაზია ბევრზე ვერ გასწვდათ, ფონდებს ”მომავლის სახლი” (ნინელი) და ”იმედის სახლი” (გურანდა) დაარქვეს. როგორც ფონდების წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ უამრავი საქველმოქმედო აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ისეთ ჩასაფრებულსა და ინფორმაციაზე მობილიზებულ ადამიანს, როგორიც მე ვარ, სიკეთის გამოვლინების ამ უამრავ ნიმუშზე არაფერი გაუგია.

როგორც გავარკვიე, კონკრეტულ შემთხვევაში აგრესორი გურანდას ფონდი ყოფილა, რომელმაც, ნინელის თქმით, მისი ფონდის კლიტის ოკუპირება მოახდინა, რის შემდეგაც ფონდი გაძარცვული დახვდათ. სატელეფონო საუბარში ნინელი ძუ მგელს ჰგავდა, გურანდამ კი ტირილი დაიწყო:

- როგორ შეიძლება იმ ფულზე დავა, რომელიც პატარა, მიუსაფარ, ობოლ, ფუმფულა და საყვარელი უპატრონო ბავშვებისთვის არის განკუთვნილი?!

საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დაფინანსებები ვერ გაიყვეს, ნინელიმ სარჩელი შეიტანა, ამის შემდეგ მისი ფონდი დაირბა და ახლა გურანდას ედავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადრე ორივე გუნდი ერთ ფონდში იყო, მერე უთანხმოება მოუვიდათ (ალბათ, ფული ვერ გაიყვეს) და ორ ნაწილად გაიხლიჩნენ. ახლა ისეთი ამბავი აქვთ, დედა შვილს არ აიყვანს და ნინელი აპატიებს გურანდას?

დასასრულ, მინდა ჩემი ეჭვნარევი ფიქრები გაგიზიაროთ: დაპირისპირება რომ პატიოსნად მიდიოდეს, მაინც რთული იქნება გამარჯვებულის გამოვლენა.

წარმოდგინეთ, გურანდა ასაკით დედად შეეფერება ნინელის. ქართველებმა კი უფროსის პატივისცემა იციან. ამ ლოგიკით გურანდა მოიგებს, მაგრამ ძველი თაობა გამუდმებით ნერვიულობს იმაზე, რომ ახალი თაობა უზრდელია. შესაბამისად, ნინელიც თუ უზრდელია, გურანდას ჭაღარას პატივს არ სცემს. მეტიც, ფეხქვეშ გათელავს.

მაგრამ, ბრძოლა სუფთა და სპეტაკი 1121-შიც კი არ ყოფილა (ყველამ კარგად ვიცით, რაც დავითმა იეშმაკა) და ახლა იქნება? როგორც ამბობენ, საერთო ფონდის გახლეჩვის შემდეგ ნინელიმ გადასძალა და ოთარ მეღვინეთუხუცესი მის ბანაკში აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. სამ ვარიანტს გთავაზობთ:

1. მეღვინეთუხუცესი ნინელიმ მძევლად აიყვანა და გურანდაზე ასეთი იაფფასიანი მეთოდით ახდენს გავლენას (ეგ მდაბიო);

2. გურანდას ქმარი მტრის ბანაკში ჯაშუშად ჰყავს შეგზავნილი და ამ დროს ნინელის ჰგონია, რომ ოთარი მისი ტყვეა, სინამდვილეში კი მისი ციხე ანდაზასავით ტყდება შიგნიდან.

3. ოთარ მეღვინეთუხუცესი საკუთარი წესებით თამაშობს, ორივეს თავს აჩვენებს, რომ მათი თანამოაზრეა, სინამდვილეში კი, ერთსაც ღუპავს და მეორესაც, რადგან მათ უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგებას აპირებს, ნანგრევებზე კი ახალი - ”რწმენის ფონდის” გახსნას.

ჩვენს წინ სამი მოსაზრებაა, თუმცა, ლოგიკა ვერ წყვეტს, თუ რომელი გაიმარჯვებს ”ვარსკვლავთა ომში”, გურანდა მოერევა თუ ნინელი? რადგან, პირველ შემთხვევაში უპირატესობა, უდავოდ, ნინელის მხარესაა, მეორე შემთხვევაში ასევე ულაპარაკოა გურანდას მოგება, თან დიდი ანგარიშით. აი, მესამე შემთხვევაში კი, ცოტა არ იყოს, ვიბნევი, რადგან საბრძოლო მოედანი აგათა კრისტის დეტექტივებს ჰგავს (რომ არ გგონია, ის რომ აღმოჩნდება მამაძაღლი).
ჰოდა, თქვენი აზრიც მაინტერესებთ, ცოტა ხანს შეეშვით ძველ მსჯელობას იმის თაობაზე, ბრიუს ლი მოერევა თუ ჩაკ ნორისი და შემოთავაზებულ ვარიანტს დაუთმეთ დრო. ანუ, როგორ ფიქრობთ, ნინელი ჭანკვეტაძე მოერევა თუ გურანდა გაბუნია?

Wednesday 24 March 2010

საქართველო - ციხის ზონა?

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ აწ დახურული გუანტანამოს ციხის პატიმრები საქართველოში ჩამოიყვანეს. მათი რაოდენობა ჯერ მხოლოდ სამია, თუმცა, ნუ ავჩქარდებით, 2012-მდე მთელი ორი გრძელი წელიწადი გვიდევს წინ.

გუანტანამოს პატიმრების საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, რამდენიმე წელია, აქტიურად საუბრობენ. მას შემდეგ კი, რაც ობამამ აღნიშნული ციხის დახურვის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი, პატიმრების გადანაწილების საკითხი დადგა. როგორც ცნობილია, მათ მიღებაზე თანხმობა, ევროპის ექვსმა ქვეყანამ: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა პორტუგალიამ და შვეიცარიამ განაცხადა. რა თქმა უნდა, საქართველო მოვლენებს არ ჩამორჩენილა: ქართველებმა შტატების მთავრობისგან სამი პატიმარი გამოითხოვეს.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, როცა გუანტანამოს ბინადრების ჩვენს ქვეყანაში ჩამოყვანაზე დაიწყო საუბარი, მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა,. ბუნებრივია, პირველი შიში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი არც კი იყო ინფორმირებული, თუ რა კატეგორიის დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს ამ საპატიმროში. 

2010 წლის 23 მარტს, დილით, საქართველოს სამი გუანტამოელი ტუსაღი ესტუმრა. ვიზიტის ხანგრძლიობა, ჯერჯერობით, მათ ვინაობასავით უცნობია, თუმცა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - შოთა უტიაშვილმა დაგვამშვიდა: ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ვინაიდან, რამდენიმეწლიანი პატიმრობის მიუხედავად, ბრალეულობა არ დაუმტკიცდათო. და ყველაზე მთავარი: ისინი არ განთავსდებიან საპატიმროებში, არამედ, თავისუფლად იქნებიან, რამდენიმეწლიანი აქ ცხოვრების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შანსიც ექნებათ.

ინფორმაციის მიღების შემდეგ, ერთი კითხვა გამიჩნდა: კი მაგრამ, თავისუფლად თუ უნდა იარონ ჩვენს ქვეყანაში, რაღა პატიმრები არიან? თუ პატიმრები არიან, რატომ ჩამოჰყავთ საქართველოში არათავისუფალი სტატუსით? და, საერთოდ, აქ რომ გზავნიან, ამერიკის ტერიტორიაზე ვერ ეტევიან თუ რა ხდება? 

თუ გუანტანამოს ციხის ისტორიას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ციხე 2002 წელს გაიხსნა. მასში ტერორისტები იყვნენ თავმოყრილნი, ყველაზე საშინელი დამნაშავეები კი საიდუმლო საკნებში ჰყავდათ, სადაც მათი ფიზიკური ”დამუშავება” მიდიოდა. საიდუმლო საკნების არსებობა ჯორჯ ბუშმა 2006 წელს აღიარა.

ცნობილია, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრობის პატივი მხოლოდ იმ დამნაშავეებს ჰქონდათ, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთ პუნქტს მაინც აკმაყოფილებდნენ:

1. უნდა ყოფილიყვნენ სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე მძიმე დამნაშავენი, რომლებიც პირდაპირ უქმნიან საფრთხეს შეერთებული შტატების უსაფრთხოებას;

2. მათ მიღებაზე მშობლიური ქვეყნები უარს უნდა აცხადებდნენ;

3. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია გარდაუვალი იქნებოდა.

პირველი პუნქტი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი ორი - გაუგებარი. მათი მიხედვით, ადამიანი ლტოლვილის სტატუსს უფრო იმსახურებს, ვიდრე პატიმრისას. 

რაც შეეხება თვალსაზრისს, რომელიც დავით დარჩიაშვილმა გამოთქვა, რომ თურმე, ამით საქართველომ თავისი პარტნიორობის სიმყარე დაუმტკიცა შტატებს, ვერ დავეთანხმები. ჩვენმა ქვეყანამ თავისი სანდოობა მაშინ დაამტკიცა, როცა ერაყში ჯარი გაგზავნა (რაც, ჩემი აზრით, ძალიან ღირსეული ნაბიჯი იყო) და პატიმრების გამოთხოვა, ვფიქრობ, ერთობ მეტიჩრული ნაბიჯი გახლდათ.

საქართველოში ექატრადირებული გუანტამოელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მათზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახლოაღმოსავლეთიდან არიან და, თავის დროზე, ტერაქტების ორგანიზებისათვის ხელშეწყობის ბრალდებით იქნენ დაკავებულნი, თუმცა ბრალეულობა არ დაუმტკიცდათ.

რა თქმა უნდა, ვიცი, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობ, როგორი ქვეყანა მიყვარს, მაგრამ ამ ორ დღეში განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველად გავიგე, რომ ეს ქვეყანა არაოფიციალურად, ციხის ზონაც ყოფილა.

Friday 19 March 2010

რატომ ღირსების მატჩი?


საქართველო-რუსეთის სარაგბო ნაკრებების შეხვედრამდე სულ რაღაც 17 საათი რჩება. მატჩს მოუთმენლად ველოდებით როგორც საქართველოში მყოფი, ასევე თურქეთში წასული გულშემატკივრები. ჩვენი მოლოდინი შემდეგით გამოიხატება: ნორმალურად არ გვძინავს, აჟიტირებულები ვართ და გვინდა, ხვალინდელი დღე გათენდეს, რომ რუსებს კუდით ქვა ვასროლინოთ. 

საქართველოსა და რუსეთის რაგბისტებს შორის შეხვედრათა რაოდენობა 17 მატჩს ითვლის. აქედან ერთი წავაგეთ (1993 წელს), ერთი ფრე დავამთავრეთ, დანარჩენი კი პირწმინდად მოვიგეთ. ლოგიკურად, ხვალინდელი შეხვედრის ანგარიში ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მაგრამ..

მაგრამ რუსების ნაკრების მწვრთნელმა მართალი თქვა: რაგბი არ არის პოლიტიკა. მართალია, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ანგარიშები გვაქვს ამ ქვეყანასთან: ზოგისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, ზოგს კი ამას სიკვდილი ურჩევნია,ზოგს ორ დღეში დაავიწყდა უახლოესი წარსული, ზოგს სულაც ფეხებზე ჰკიდია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ხვალ ჩვეულებრივი მატჩი არ იქნება. არ იქნება იმიტომ, რომ რუსეთთან ვთამაშობთ, იმიტომ, რომ რუსეთთან ნებისმიერი შეხვედრა (არამხოლოდ სპორტის ამ სახეობაში), დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ მოედანზე ყოველთვის მტერს ვეთამაშებით და იმას, რაც მოედანს გარეთ არ შეგვიძლია, მოედანზე ვაკეთებთ.

ამ ერთი კვირის მანძილზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მთავარი ბლოკებიდან არ მოხსნილა მაყურებლის მზადება. 6 000-მდე გულშემატკივარი მიემგზავრება ტრაპზონს მხოლოდ იმისათვის, რომ ქართველი სპორტსმენების საშუალებით აუსრულოს მტრებს ყველაზე სანუკვარი ოცნება, რაც მტრის დედას უკავშირდება. მზადდება ლუდის ბარები, მონტაჟდება დიდი ეკრანები, მთელი საქართველო აჟიტირებულია, ხვალ ხომ რუსის დედებთან დაკავშირებულ ოცნებას ვისრულებთ?

არ დავმალავ და გეტყვით, რომ ამ მატჩის გადამკიდეს, ბოლო ერთი თვეა, ნორმალურად არ მიძინია. ერთი სული მქონდა (და მაქვს), როდის მოვიდოდა 20 მარტი. დღევანდელი საინფორმაციო გადაცემების ყურებისას, როდესაც მორაგბეების განცხადებები მოვისმინე უდიდეს პასუხისმგებლობაზე, მოვისმინე შემადგენლობები, დავინახე მათი (ცოტა არ იყოს) დაბნეული სახეები,  სერიოზულად დავფიქრდი: კი მაგრამ, ხვალ რომ წავაგოთ, მერე?

აი, ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მერე მოხდეს. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რა შეიძლება დატრიალდეს. არ მინდა ჩემთვის ყველაზე საამაყო ადამიანებს, რომლებიც მთელს გულსა და სულს დებენ ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად, ვიღაცებმა რუსის დედებთან დაკავშირებული ოცნებები შემოუბრუნონ. 

არ მესმის, რატომ განაწყობს ტელევიზია მარტო ერთადერთი შედეგისათვის გულშემატკივარს, რის მიღწევას ცდილობს ამით? საქართველო-რუსეთის მატჩი უნდა იყოს ჩვეულებრივი მატჩი და არა PR კამპანია. სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ ის ავიწყდებათ, რომ დიდი პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად რაგბიში მოგება წინ ვერ გვწევს, ვერც პრობლემებს გვიგვარებს. 

არ შეიძლება სპორტსმენის ფსიქოლოგიურ წნეხში მოქცევა. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც (ტკბილი მოგონებების აღმძვრელ) "ქრონიკაში" ილო ზედგენიძისა და ლაბაძის პირდაპირი ჩართვა მოვისმინე. მათ ეს არ სჭირდებათ. ისედაც გადასარევად იციან, რომ რუსეთთან მატჩი არ არის მხოლოდ მატჩი. 

და ბოლოს, მინდა, გამარჯვება ვუსურვო ჩვენს საამაყო ნაკრებს, ნაკრებს - რომელიც დიდი ხანია გასცდა უბრალოდ ნაკრების სახელწოდებას და თითოეული ჩვენგანისათვის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

Sunday 14 March 2010

ნაადრევი საპირველაპრილო ხუმრობა


2010 წლის 13 მარტი.
20:00.პირველ აპრილამდე მთელი 19 დღე.

 "ტელეიმედის" ეთერში გასული ნახევარსაათიანი საინფორმაციო გამოშვების გამო, საქართველო მომენტალურად მოიცვა პანიკამ. 

სააკაშვილი მოკლეს, რუსის ჯარი დედაქალაქისაკენ მოემართება; დღეიდან საქართველო იმპერიის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება..

გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანა შოკში ჩავარდნილიყო; თუმცა, სულ ტყუილად. შემზარავი საინფრომაციო გამოშვება თურმე ექსპერიმენტს ემსახურებოდა.

ვერ ვიტყვით, რომ სიუჟეტი გაუფრთხილებლად გავიდა, "სპეციალური რეპორტაჟის" დასაწყისში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მაყურებელი შესაძლო მომავლის "ქრონიკას" იხილავდა, თუმცა იმიტაციაზე მინიშნება არ ყოფილა მაყურებელთა იმ ნაწილისათვის, რომელმაც შუა საინფორმაციოს დროს გადართო. ელემენტარულად, შეიძლებოდა მორბენალი სტრიქონი გაეშვათ, ამხელა პანიკა რომ არ ყოფილიყო. 

დაახლოებით, ვხვდები, რა შეიძლებოდა სდომებოდათ იმედის ჟურნალისტებს. სურდათ, რომ მოსახლეობისათვის ეჩვენებინათ მოვლენების შესაძლო განვითარება, მაგრამ მათი ნამოქმედარი ყოველგვარ ეთიკას სცილდება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა პრიმიტიულ დონეზეა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკა. ნუთუ ვერ იფიქრეს, თუ რა შედეგების მოტანა შეეძო მათ გამოხტომას? სხვათაშორის, "იმედის" ნაადრევ საპირველაპრილო ხუმრობას ქალბატონი შეეწირა, სასწრაფო დახმარების გამოძახებებმა კი ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ვფიქრობ, რომ იდეაში, გადაცემა რუსეთუმე ოპოზიციოენერების ჩასაძირად იყო გამიზნული, თუმცა პირიქით გამოუვიდათ. ქალბატონმა ბურჯანაძემ გუშინვე დაასწრო ყველას: ის პირველი იყო, ვინც "იმედის" საქციელი გააპროტესტა. რაც ყველაზე მიუღებელი და მტკივნეულია ჩემთვის, ხალხი თავს უქნევდა.. 

სწორედ ამ აქციაზე იყო "ნტვ-ს" ჟურნალისტის ცემის ფაქტი, მანამდე კი  ქალბატონი, რომელმაც მას შემდეგი სახის ინტერვიუ მისცა: "ნაროდ პროწივ სააკაშვილი"..

მადლობა "იმედს", იმისათვის, რომ გამოგვაფხიზლა, იმისათვის, რომ შემოგვილაწუნა, იმისათვის, რომ გაგვახსენა (პირადად მე, არც არაფერი დამვიწყებია), მერე რა, რომ მსხვერპლი იყო, მიღებული ეფექტისთვის მსხვერპლიც ხომ ხანდახან საჭიროა?! 

თუმცა ის დაგვავიწყდა, რომ მსხვერპლი ომში გაცილებით დიდია, იმდენად დიდი, რომ მშვიდობიანობის დროს ვიღაცების გასართობად, ქულების დასაწერად, გათვლილის მაგივრად გაუთვლელი შედეგის მისაღებად, ამგვარი საქციელის ჩადენა, ეთიკურად რომ ვთქვათ ამორალურია.

თუმცა, ქართველი ჟურნალისტების 90%-ს ამდენი არ ესმის. არც არის საჭირო. ჩვენ ხომ 2008 წლის აგვისტოს ომი მოვიგეთ და რუსეთს კუდით ქვა ვასროლინეთ როგორც სამხედრო, ასევე ინფორმაციული თვალსაზრისითაც!

Thursday 11 March 2010

სამეფო კარის ინტრიგები

დიდი ბრიტანეთი კონსერვატორული ქვეყანაა, სადაც ტრადიციებით ცხოვრობენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს და შედეგს მთელი მსოფლიო ხედავს. დედამიწაზე არავის ჰყავს უფრო ცნობილი სამეფო კარი, ვიდრე ბრიტანეთს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ფიქტიური მონარქიული მმართველობა ზოგიერთისათვის მისაბაძი მაგალითია.

ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის, რომ დედამიწაზე მათზე უფრო ღირსეული და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა არსებობს, რომლის მკვიდრთა საკმაოდ დიდი ნაწილი არა აწმყოთი ან მომავლით, არამედ - წარსულით ცხოვრობს. ამ ქვეყნის ცისფერსისხლიანები ერთ სექტაში გაერთიანებულან და მონარქიის აღდგენა დაუსახავთ ცხოვრების ამოცანად. მათი მსჯელობა იმდენად სერიოზულია, რომ ხშირად ვფიქრობ, ღმერთი მათი დაბადებისას საუკუნეებში ხომ არ შეცდა.

ქართულ თავადაზნაურობაში იმდენად დიდია მათი გვარის კუთვნილი მიწების დბრუნების სურვილი, სამეფო კარზე მოღვაწეობა და ბალ-მასკარადები, რომ რომდენიმეწლიანი მძიმე შრომის შედეგად, 2009 წლის 8 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში ორი სხვადასხვა შტოს ბაგრატიონის  - დავითისა და ანა გრუზინსკის ჯვრისწერა შედგა. ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნების სამეგო კარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დედოფლის კაბზე ესპანელებმა იზრუნეს, გრანდიოზულ ქორწილზე კი - ქართველმა ბიზნესმენებმა.

ჩვენი ცისფერსისხლიანები ცერემონიალს თვალზე ცრემლმომდგარნი ადევნებდნენ თვალს და ღმერთს მადლობას სწირავდნენ იმისათვის, რომ მათმა განწირულმა სულისკვეთებამ ცუდად არ ჩაიარა. თუმცა, ვაგლახ, რომ ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა: მეფე-დედოფალმა ერთად მთელი თვეც ვერ გაძლო. მიზეზი ტრადიციული სამკუთხედი აღმოჩნდა. თავადაზნაურებისათვის მეტად შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ მეფემ დედოფალი გლეხის ქალზე გაცვალა.

ქართველი თავადების მცდელობა სრული კრახით დასრულდა. არათუ წმინდა სისხლის პრინცი, სამეფო ოჯახიც კი არ შერჩათ ხელთ. შეიძლება დავითისათვის მცირეოდენი ცუღლუტობა კიდეც ეპატიებინათ (მეფეებს ხომ შეშვენით მსგავსი გართობა), მას რომ დიდგვაროვანთან გაება რომანი. მაგრამ გლეხის ქალი მეტისმეტი აღმოჩნდა. გულგატეხილმა თავადებმა დავითი მკაცრად დასაჯეს: მას სამუდამოდ შეაქციეს ზურგი და ახალი, ასე თუ ისე, სუფთასისხლიანი ბაგრატიონის ძებნას შეუდგნენ.

გამოხდა ერთი წელი. და აი, სამეფო ტახტს კიდევ ერთი პრეტენდენტი გამოუჩნდა! 26 წლის ირაკლი ბაგრატიონმა მოკრძალებით, მაგრამ მაინც გამოთქვა თავისი სურვილი. ახალგამოჩეკილი პრინცი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ფესვებსმ დაუბრუნდა. ის თერჯოლის რაიონის სოფელ ღვინკითში ცხოვრობს და როგორც ამბობს, მეფობაზე სულაც არ ფიქრობს. მისი აზრით, ეს ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ამატებს, რომ იმერეთის მეფის - სოლომონ I-ის პირდაპირი შთამომავალია (მისი წინაპარი სოლომონის ძმა - ბაგრატი ყოფილა).

აღნიშნულმა ინფორმაციამ სრულიად შეძრა და ააფორიაქა სრულიად მონარქისტული საქართველო. ისტორიკოსები ბაგრატიონთა გენიალოგიურ შტოებში ჩაძვრნენ და მალე დასკვნებიც გამოიტანეს. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ვიღაცის ბოროტ ხელს ბაგრატიონთა ამ შტოს მიჩქმალვა და განადგურება სურდა, ნაწილის აზრით, ირაკლი ბაგრატიონის პრეტენზიები ტახტზე ზედმეტია, რადგან ბაგრატი სოლომონის მამის უკანონო შვილიაო. თავადაზნაურებს კი ხელთ აქვთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ყველა დიდგვაროვანი საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ და ბატონ-პატრონად ნუგზარ ბაგრატიონს - ყოფილი დედოფლის მამას აცხადებს.

ტახტისთვის ბრძოლა გრძელდება. მიზნის მისაღწევად პრეტენდენტებს დავით ბაგრატიონზე რთული გზის გავლა მოუწევთ, რადგან როგორც სამეფო კლუბის ხელმძღვანელმა - გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, დიდგვაროვნები მეორე ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებენ. ცნობილი გახდა, რომ თავადაზნაურთა საბჭო გაფაციცებით ეძებს ესპანეთში მცხოვრებ დავითის ბიძაშვილს -იოანე ხუან ბაგრატიონს - ამჯერად უკვე გამეფების მიზნით. ის, რაც ცისფერსისხლიანებმა ვერ შეძლეს, ”რუსთავი 2”-მა მოახერხა. მისი წარმომადგენლები ავხორცი მეფის ბიძაშვილს ესპანეთში დაუკავშირდნენ და ინტერვიუც ჩაწერეს.

ბაგრატიონობის მიუხედავად, საუბრის დასაწყისში იოანე ხუანი ერთობ მოკრძალებული გვეჩვენა. ხუანის მტკიცებით, მისი გამეფება შეუძლებელია, რადგან ის ბაგრატიონთა უმცროსი ძმის შვილია და, შესაბამისად, ტახტზე უუფლებო. მაგრამ აქვე დასძინა, რომ თუ ქართველ ერს სამეფო ტახტზე ხუანის ხილვა სურს, ამისათვის დავით ბაგრატიონის წერილობითი დასტურია საჭირო. მაგრამ ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან წლების წინ ხუანსა და დავითს კონფლიქტი მოსვლიათ და ახლა დავითი საქართველოს მეფობაზე თანხმობას უმალ სპარსეთის შაჰის შთამომავალთ მისცემს, ვიდრე საკუთარ ბიძაშვილსო, - ამბობენ საქმეში ჩახედულნი.

თავად მეფე (ახლა უკვე მხოლოდ) ქართველთა, კონკურენტების გამოჩენის თაობაზე კომენტარს აარ აკეთებს. დავით ბაგრატიონი საგურამოში, თავის რეზიდენციაში ატარებს ცივ მარტს და ახლოს არ იკარებს ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს.

მრავალი პრეტენდენტის მიუხედავად, თავადაზნაურთა საბჭო კვლავ ღრმა და მჭმუნვარე ფიქრებს უპყრია. ვინ უნდა იყოს მომავალი მეფე, იქნება კი ის ღირსეული მმართველი ბედკრული საქართველოსი? 

თავადაზნაურთა მსგავსად, მეც შავბნელ, თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო ფიქრებს მივცემივარ: საქართველოს სამეფო ტახტი თუ აღსდგა, თავადაზნაურებმა კი ტიტულები, დიდება, მიწები და უფლებები დაიბრუნეს, მე - საცოდავსა და უბადრუკ გლეხს რა მეშველება? ცოდვა გამხელილი სჯობს და, სულაც არ მხიბლავს ამილახვრების ყმობის პერსპექტივა.

Wednesday 10 March 2010

დიდი ჟურნალისტიკიდან დიდ პოლიტიკაში

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლის დასაკავებლად "ქრისტიან-დემოკრატების" სიით ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად ლონდონელი სტუდენტი - ინგა გრიგოლია იყრის კენჭს. როგორც გიორგი თარგამაძემ გაუმხილა "კურიერის" ჟურნალისტს, გრიგოლია არჩევნებზე მათი პარტიის პირველ ნომრად იქნება წარმოდგენილი. "ქრსისტიან-დემოკრატები" ზუსტ პასუხს ლონდონიდან, გვიან ღამით ელოდებიან, თუმცა ვფიქრობ, დიდი მკითხაობა არ სჭირდება გამოგზავნილი უსტარის შინაარსს.

ჰო, გრიგოლია პოლიტიკაში მიდის. ლევან ვეფხვაძის აზრის, ინგასნაირი ნიჭიერი ადამიანები ქართულ პოლიტიკას ნამდვილად აკლია (რაშიც, რბილად რომ ვთქვა, ვერ დავეთანხმები). აბა რა! ინგამ ხომ ჟურნალისტიკაში ბოლომდე დახარჯა თავისი ნიჭი და გენია. ამის დასტურად არცთუ ძალიან მოგვიწევს თავში მოთავსებული ნაცრისგერი ნივთიერების დაძაბვა. დამოუკიდებელი საქართველოს სატელევიზიო სივრცეს ხომ თითქმის არსებობის დღიდანვე ახსოვს ახალაზრდა, სპეციფიკური ხმის მქონე ჟურნალისტი.

ქართული საზოგადოების აზრით, განათლებისა და გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურის განმსაზღვრელს - მარკესს უთქვამს: "გაივლის კიდევ ორიოდე წელი და..."
ასევე გაიარა გრიგოლიას ეთერში გამოჩენიდან ორიოდე წელმა და "რუსთავი 2"-დან "პირველზე" ვიხილეთ, "პირველიდან" - "რუსთავი 2"-ზე, "რუსთავი 2"-დან "იმედზე", "იმედიდან" - "რუსთავი 2"-ზე, "რუსთავი 2"-დან "პირველზე", "პირველიდან" ლონდონში, ხოლო ლონდონიდან არც მეტი, არც ნაკელბი, დიდ ქართულ პოლიტიკაში.

როგორი იყო ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში? თავად ყვითელი პრესის სხვადასხვა წარმომადგენლებთან სიამაყით აცხადებდა, რომ გადაცემებს უხურავდნენ. ბევრისთვის გრიგოლია იმის მისაბაძი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი XXI საუკუნეში, ვბევრისთვის კი იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი არამხოლოდ XXI საუკუნეში, არამედ, საერთოდ!

პირადად ჩემთვის ცოტა გაუგებარია ჟურნალისტი, რომელიც რესპოდენტს აზერს კი არა, წინადადებას არ ამტავრებინებს, აქტიურად იქნევს ხელებს, ლაპარაკობს იმაზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არ ესმის და შეუძლებელია მისი პოზიციის გაგება ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. არა, განა იმიტომ, რომ პროფესიონალია, უბრალოდ, პოზიცია არ აქვს (მითი იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტმა არ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, ისეთივე აბსურდია, როგორიც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი). თუ ამ უკანასკნელში შემედავებით, მე მის ჟურნალისტურ კარიერას მოგიყვანთ მაგალითად, ქართულ ტელესივრცეში ხომ "I სტერეოს", "music box"-ისა და "მაესტროს" გარდა არ დარჩენილა არხი, გრიგოლიას რომ არ დაემშვენებინა?!

გრიგოლია ისეთი სიხშირით დახტოდა არხიდან არხე, ისე ხშირად იცავდა კბილებით დღეს ერთს, მეორე დღეს კი მის საწინააღმდეგოს, რომ ცოტა არ იყოს, შემზარა.

შემზარა "ქრისტიან-დემოკრატების" მოსაწვევმაც. არ მესმის როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი ინგა გრიგოლია, რომელსაც პოზიცია არ აქვს, თუმცა არამგონია, მისთვის რთული დასაცველი აღმოჩნდეს იდეები, რომლებსაც არ იზიარებს. იქნებ - არც ესმის.

სხვა თუ არაფერი, ლონდონიდან გრიგოლია განათლებული დაგვიბრუნდება. არ ვიცი დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბენდუქიძესთან განცდილი ცნობილი კრხის შემდეგ წავიდა ცოდნის დედაქალაქში. სხვათაშორის, ჩემი ძვირფასო ოპონენტებო, აღნიშნული ეთერის დროს კარგად გამოჩნდა გრიგოლია - როგორც ჟურნალისტი.

ახლა? ახლა გრიგოლია განათლებული ქალია. ის ხომ ლონდონში სწავლობდა? ბენდუქიძეს, ალბათ, უნდა ეშინოდეს, ლონდონში ნასწავლი ოპონენტი ხომ მას პირწმინდად გაანადგურებს! ხოლო თუ ბენდუ ისევ მოსთხოვს მდინარეების კალაპოტის გაყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს, ინგა კვლავ ეტყვის: ასე ამბობენო და აქვე დააყოლებს: ბატონო კახა, ნუთუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, მე ხომ ლონდონში ვსწავლობდიო! აი, ასე განაიარაღებს მრისხანე მეტოქეს.

  პირადად მე, ეჭვი მეპარება მის გამარჯვებაში, მაგრამ მგონი, ვიმსახურებთ კიდეც გრიგოლიასნაირ საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოში ხომ საუკეთესო ჟურნალისტების გზა პირდაპირი რეისით მიდის პოლიტიკაში!

Tuesday 9 March 2010

საქართველო - მედიატორი

2010 წლის 1 მარტს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზღვრის გახსნის საკითხი განიხილებოდა, მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის აზრი ორად გაიყო: ნაწილი მომხრე იყო გზის გახსნის, ნაწილი - წინააღმდეგი. მომხრეები საკუუთარ პოზიციას სტეფანწმინდის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით ამტკიცებდნენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ამ რეგიონის მაცხოვრებლებს მატერიალურად ძალიან უჭირთ. მოწინააღმდეგეებს კი სხვა, გაცილებით გლობალური არგუმენტები ჰქონდათ, რომლებსაც ქვემოთ აუცილებლად შევეხებით.

გაჩნდა თუ არა მოსაზრება ლარსის გახსნის თაობაზე, ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები გააქტიურდნენ. ამას ადასტურებს ”კვირის პალიტრის” მიერ გამოქვეყნებული წერილი, სადაც აღწერილია, თუ როგორ ინაწილებენ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სომხები და რუსები ყაზბეგის ტერიტორიას.  ნამდვილად არ ვიცი, სარწმუნოა თუ არა ეს წყარო, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ საზღვარზე ჩვენი მესაზღვრეების გამოჩენა, პროვოკაციებისათვის უფრო მეტ მოტივაციას იძლევა. 

ლარსის გახსნაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გზა სომხეთისა და რუსეთისათვისაა, ქართულ ტვირთს არ შეუძლია საზღვრის გადაკვეთა. საქართველო ამ ტრანზიქციით ეკონომიკურ სარგებელს არ იღებს, ხელისუფლება კი არ მალავს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სომხეთის თხოვნით გაიხსნა. ამ გზით კი, ადვილი შესაძლებელია, ჩვენი მეზობელი სომხეთი იარაღით მომარაგდეს, მიუხედავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის -გრიგოლ ვაშაძის განცხადებისა, რომ ლარსზე ერთ ტყვიასაც არ გადმოატანინებენ. 

ადეკვატური იყო აზერბაიჯანის პოზიციაც, ცოტა არ იყოს, უხერხულია გზის გახსნა იმ ქვეყნისათვის, რომელიც შენი მეგობრის მტერია. თუმცა, უკვე იმაშიც არ ვართ დარწმუნებული, აზერბაიჯანი მტერია თუ მეგობარი, რადგან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ის იყო თითქმის ერთადერთი ქვეყანა, რომელის პრეზიდენტს არც დახმარება და არც სიტყვიერი თანაგრძნობა არ გამოუხატავს, რამდენიმე დღეში კი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. აზერბაიჯანის არამყარმა პოზიციამ კი დაგვარწმუნა, რომ კრიტიკულ მომენტში მისი იმედი არ უნდა გვქონდეს, თუმცა მტრად წამოკიდებაც არამგონია, კარგი იყოს, რადგან როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში მისი ქვეყანა სათანადო ზომებს მიიღებს საქართველოს წინააღმდეგ. 

პირადად მე, არ მჯერა მოსაზრების, რომ საქართველომ მეგობარ სომხეთს გაუწოდა დახმარების ხელი. რადგან ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად უნდა გვეფიქრა, ვინ უფრო მეტად იყო და არის ჩვენი მეგობარი: აზერბაიჯანი, რომელთანაც საკმაოდ კარგი ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს (ჯერჯერობით), თუ სომხეთი, რომელიც მუდამ ჩასაფრებულია, რათა ზურგში დანა ჩაგცეს. 

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენ შესაძლოა ძალიან ცუდი როლი აღმოგვაჩნდეს აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობაში, ლარისის საბაჟო-გამშვები პუნქტის საშუალებით შეიარაღების შესაძლო გადატანა ჩვენთვისაც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაძლო გამეორების შემთხვევაში, რთული წარმოსადგენი არაა, რომ სომხეთმა სამხრეთიდან გახსნას მეორე ფრონტი, რისი მაგალითიც გასული საუკუნის ოციან წლებში გვაქვს. 

თუმცა, უამრავი მოსაზრების, ვარაუდის, მსჯელობისა თუ კამათის მიუხედავად, ლარსის სასაზღვრო პუნქტი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისათვის, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

Friday 5 March 2010

კასტინგი გრძელდება!

როგორც ბარათაშვილი იტყოდა:
”და გზა უვალი, შენგან თელილი
მერანო ჩემო, მაინც დარჩება!”

ჩვენს შემთხვევაში მერანი ნოღაიდელია, ფინიშამდე მისასვლელად კი, მისგან თელილ გზაზე, მალულად თუ ცხადად, ქართულმა ოპოზციურმა სპექტრმა მარათონი მოაწყო. არავინ იცის, ჩაწყობით თუ ბედის ირონიით, რიგში პირველი ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა. არ ვიცი, დაბნევით მოუვიდა თუ მოულოდნელი სიხარულისაგან, მაგრამ მისი ჩრდილოეთში გამგზავრებისა და, მით უმეტეს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შეხვედრის შესახებ, მის პარტიაში არაფერი იცოდნენ. ამ დროს კი, ქალბატონი ნინო, კოლეგის მსგავსად,  რუსეთის პრემიერს ავსებდა მადლობებით - ალბათ, 2008 წლის აგვისტში მის მიერ გამოჩენილი ესოდენ დიდი გულისხმიერების გამო.

თბილისში ამ ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი უარყოფითი, ნაწილი - დადებითი. ამ უკანასკნელთ აუგს ვერ ეტყვი. თუ მილიონების მქონე ბურჯანაძე და ნოღაიდელი მამა-მწყალობელთან მიდიან მოლაპარაკებაზე, რომელსაც გარიგების სუნი უფრო ასდის, ღარიბებს რა გაემტყუნებათ? ჰოდა, ჩვენც ნუ გავამტყუნებთ კონსერვატორების პლეადას ბატონი ზვიად ძიძიგურის თამადობით, რომელმაც მომავალიში მისი პარტიის თანამშრომლობა არ გამორიცხა რუსეთის მმართველ პარტიასთან. 

ძიძიგური მართალია. შიმშილი - აი, არგუმენტი, რომელსაც ვერაფერს დაუპირისპირებ. ვის ახსოვს სამშობლო, როცა გშია? შეედავები და ბატონი ზვიადი ნიკო ლორთქიფანიძის ”ტრაგედია უგმიროთ”-ს მოგიყვანთ მაგალითად.

შიმშილი ბატონებო, შიმშილი და ნოსტალგია. აი, მიზეზი, საბაბი, რომელთან შედავებაც შეუძლებელია. რომელიც გონებას აბნელებს, სულს გაგაყიდინებს და არსებობას დაგავიწყებს. 

სწორედ შიმშილი და ნოსტალგია გახდა მიზეზი ქართული ინტელიგენციის მიერ  გასული წლის გაზაფხულზე დედა-რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი უსტარი, სადაც ქართველებისათვის ესოდენ ორგანული - ვაზელინის ფრქვევა პირველივე სტრიქონიდან იწყებოდა: ღრმადპატივცემულო დიმიტრი ანატოლევიჩ!

დიახ! ჩვენს ინტელიგენციას შია, ჩვენს ინტელიგენციას უყვარს და ენატრება ჩინ-მენდლები, ენატრებათ მოსკოვში გულაობა 37 მანეთად, ენატრებათ რუსის ქერა, ლოთი მდედრები და ამ ყველაფრის დაბრუნებას წერილით ცდილობენ, ცდილობენ, გული გაულხონ ყოვლისშემძლე ბატონს, მადლობა გადაუხადონ 2008 წლის აგვისტოსათვის. დიახ, მშობელს ხომ ყოველთვის ეკუთვნის ურჩი შვილის დასჯა, ღრმადპატივცემულო დიმიტრი ანატოლევიჩ?

მშიერს ვერ შეეწინააღმდეგები, მშიერს გონება აქვს დაბნელებული. როგორ გავამტყუნოთ ყორღანაშვილები, ციციშვილები, ბარათაშვილები და სხვა თავადები, როცა შიმშილით კუჭდაპატარავებულები ჩვენი ქვეყნის მტრებს ადგებოდნენ დასახმარებლად? დრო გავიდა, შეიცვალა. თავადაზნაურობა ბურჟუაზიამ შეცვალა, ბუჟუაზია - სოციალიზმმა, სოციალიზმი - კაპიტალიზმმა და ახლა უკვე სხვა სახელის მქონე მამა-მარჩენალს მდაბიო წარმოშობის ყორღანაშვილები, ციციშვილები და ბარათაშვილები მიადგნენ. მიზეზი? მიზეზი იგივეა, რაც ხუთასი, ათასი თუ ათას ხუთასი წლის წინ იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალაუფლებისა და სკამის სიყვარული შიმშილზე ნაკლებად როდი აბრმავებს, აყრუებს და ამუნჯებს ადამიანს?!

უკრაინაში მოპოვებული გამარჯვებით წათამამებული რუსეთი უარესი თუ არა, უკეთესი სცენარისათვის არც ჩვენს ქვეყანაში ამზადებს ნიადაგს. მით უმეტეს, რომ კარგად იციან ქართველების მენტალიტეტი და ის, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობას ერთი სული აქვს, როდის ჩაუვარდება მუხლებში პატრონსა და მეუფეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ,  ”ერთხელ თელილი გზის” გასავლელად ამხელა კონკურენციას კრემლში არ ელოდნენ.

დიახ, კასტინგი გრძელდება, ბატონებო! იმას, თუ ვინ იქნება ჩვენი ფიურერი, აუცილებლად გავიგებთ - როდესმე.