საქართველო-რუსეთის სარაგბო ნაკრებების შეხვედრამდე სულ რაღაც 17 საათი რჩება. მატჩს მოუთმენლად ველოდებით როგორც საქართველოში მყოფი, ასევე თურქეთში წასული გულშემატკივრები. ჩვენი მოლოდინი შემდეგით გამოიხატება: ნორმალურად არ გვძინავს, აჟიტირებულები ვართ და გვინდა, ხვალინდელი დღე გათენდეს, რომ რუსებს კუდით ქვა ვასროლინოთ.
საქართველოსა და რუსეთის რაგბისტებს შორის შეხვედრათა რაოდენობა 17 მატჩს ითვლის. აქედან ერთი წავაგეთ (1993 წელს), ერთი ფრე დავამთავრეთ, დანარჩენი კი პირწმინდად მოვიგეთ. ლოგიკურად, ხვალინდელი შეხვედრის ანგარიში ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მაგრამ..
მაგრამ რუსების ნაკრების მწვრთნელმა მართალი თქვა: რაგბი არ არის პოლიტიკა. მართალია, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ანგარიშები გვაქვს ამ ქვეყანასთან: ზოგისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, ზოგს კი ამას სიკვდილი ურჩევნია,ზოგს ორ დღეში დაავიწყდა უახლოესი წარსული, ზოგს სულაც ფეხებზე ჰკიდია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ხვალ ჩვეულებრივი მატჩი არ იქნება. არ იქნება იმიტომ, რომ რუსეთთან ვთამაშობთ, იმიტომ, რომ რუსეთთან ნებისმიერი შეხვედრა (არამხოლოდ სპორტის ამ სახეობაში), დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ მოედანზე ყოველთვის მტერს ვეთამაშებით და იმას, რაც მოედანს გარეთ არ შეგვიძლია, მოედანზე ვაკეთებთ.
ამ ერთი კვირის მანძილზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მთავარი ბლოკებიდან არ მოხსნილა მაყურებლის მზადება. 6 000-მდე გულშემატკივარი მიემგზავრება ტრაპზონს მხოლოდ იმისათვის, რომ ქართველი სპორტსმენების საშუალებით აუსრულოს მტრებს ყველაზე სანუკვარი ოცნება, რაც მტრის დედას უკავშირდება. მზადდება ლუდის ბარები, მონტაჟდება დიდი ეკრანები, მთელი საქართველო აჟიტირებულია, ხვალ ხომ რუსის დედებთან დაკავშირებულ ოცნებას ვისრულებთ?
არ დავმალავ და გეტყვით, რომ ამ მატჩის გადამკიდეს, ბოლო ერთი თვეა, ნორმალურად არ მიძინია. ერთი სული მქონდა (და მაქვს), როდის მოვიდოდა 20 მარტი. დღევანდელი საინფორმაციო გადაცემების ყურებისას, როდესაც მორაგბეების განცხადებები მოვისმინე უდიდეს პასუხისმგებლობაზე, მოვისმინე შემადგენლობები, დავინახე მათი (ცოტა არ იყოს) დაბნეული სახეები, სერიოზულად დავფიქრდი: კი მაგრამ, ხვალ რომ წავაგოთ, მერე?
აი, ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მერე მოხდეს. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რა შეიძლება დატრიალდეს. არ მინდა ჩემთვის ყველაზე საამაყო ადამიანებს, რომლებიც მთელს გულსა და სულს დებენ ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად, ვიღაცებმა რუსის დედებთან დაკავშირებული ოცნებები შემოუბრუნონ.
არ მესმის, რატომ განაწყობს ტელევიზია მარტო ერთადერთი შედეგისათვის გულშემატკივარს, რის მიღწევას ცდილობს ამით? საქართველო-რუსეთის მატჩი უნდა იყოს ჩვეულებრივი მატჩი და არა PR კამპანია. სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ ის ავიწყდებათ, რომ დიდი პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად რაგბიში მოგება წინ ვერ გვწევს, ვერც პრობლემებს გვიგვარებს.
არ შეიძლება სპორტსმენის ფსიქოლოგიურ წნეხში მოქცევა. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც (ტკბილი მოგონებების აღმძვრელ) "ქრონიკაში" ილო ზედგენიძისა და ლაბაძის პირდაპირი ჩართვა მოვისმინე. მათ ეს არ სჭირდებათ. ისედაც გადასარევად იციან, რომ რუსეთთან მატჩი არ არის მხოლოდ მატჩი.
და ბოლოს, მინდა, გამარჯვება ვუსურვო ჩვენს საამაყო ნაკრებს, ნაკრებს - რომელიც დიდი ხანია გასცდა უბრალოდ ნაკრების სახელწოდებას და თითოეული ჩვენგანისათვის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
2 comments:
გამარჯვებას ვუსურვებ ^_^
ხოდა წინასწარ რა იცინ რა მოხდება?! ლელა კაკულიას ჰკითხეს? :D
აუ, რომ წავაგოთ, რას ვიკაიფებ ჩემს ამაყ ერზეეეეეეეე!!!! :)
რა ბოროტი ვარ არა?
მარა ამ ტელევიზიებმა მართლა ძალიან გადაიჯ.. ანუ, ბევრი აიღეს თავის თავზე რა! მესმის რომ ემოციური ერი ვართ, მარა თუ წავაგეთ, ემოცია მერე ნახეთ. :)
ნუ, თუ მოვიგეთ, მერე მართლა რუსების დედების მოკითვა წავა, აი ხომ ხედავთ რა ვუქენითო. 90% ეგრე იქნება და რა არის აქ გასაკვირი?
რა ვუქენითო მაშინ უნდა ვთქვათ, ჩვენი საფეხბურთო ნაკრები რომ ვინმეს მოუგებს საერთოდ. :)
Post a Comment