Wednesday, 24 March 2010

საქართველო - ციხის ზონა?

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ აწ დახურული გუანტანამოს ციხის პატიმრები საქართველოში ჩამოიყვანეს. მათი რაოდენობა ჯერ მხოლოდ სამია, თუმცა, ნუ ავჩქარდებით, 2012-მდე მთელი ორი გრძელი წელიწადი გვიდევს წინ.

გუანტანამოს პატიმრების საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, რამდენიმე წელია, აქტიურად საუბრობენ. მას შემდეგ კი, რაც ობამამ აღნიშნული ციხის დახურვის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი, პატიმრების გადანაწილების საკითხი დადგა. როგორც ცნობილია, მათ მიღებაზე თანხმობა, ევროპის ექვსმა ქვეყანამ: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა პორტუგალიამ და შვეიცარიამ განაცხადა. რა თქმა უნდა, საქართველო მოვლენებს არ ჩამორჩენილა: ქართველებმა შტატების მთავრობისგან სამი პატიმარი გამოითხოვეს.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, როცა გუანტანამოს ბინადრების ჩვენს ქვეყანაში ჩამოყვანაზე დაიწყო საუბარი, მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა,. ბუნებრივია, პირველი შიში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი არც კი იყო ინფორმირებული, თუ რა კატეგორიის დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს ამ საპატიმროში. 

2010 წლის 23 მარტს, დილით, საქართველოს სამი გუანტამოელი ტუსაღი ესტუმრა. ვიზიტის ხანგრძლიობა, ჯერჯერობით, მათ ვინაობასავით უცნობია, თუმცა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - შოთა უტიაშვილმა დაგვამშვიდა: ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ვინაიდან, რამდენიმეწლიანი პატიმრობის მიუხედავად, ბრალეულობა არ დაუმტკიცდათო. და ყველაზე მთავარი: ისინი არ განთავსდებიან საპატიმროებში, არამედ, თავისუფლად იქნებიან, რამდენიმეწლიანი აქ ცხოვრების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შანსიც ექნებათ.

ინფორმაციის მიღების შემდეგ, ერთი კითხვა გამიჩნდა: კი მაგრამ, თავისუფლად თუ უნდა იარონ ჩვენს ქვეყანაში, რაღა პატიმრები არიან? თუ პატიმრები არიან, რატომ ჩამოჰყავთ საქართველოში არათავისუფალი სტატუსით? და, საერთოდ, აქ რომ გზავნიან, ამერიკის ტერიტორიაზე ვერ ეტევიან თუ რა ხდება? 

თუ გუანტანამოს ციხის ისტორიას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ციხე 2002 წელს გაიხსნა. მასში ტერორისტები იყვნენ თავმოყრილნი, ყველაზე საშინელი დამნაშავეები კი საიდუმლო საკნებში ჰყავდათ, სადაც მათი ფიზიკური ”დამუშავება” მიდიოდა. საიდუმლო საკნების არსებობა ჯორჯ ბუშმა 2006 წელს აღიარა.

ცნობილია, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრობის პატივი მხოლოდ იმ დამნაშავეებს ჰქონდათ, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთ პუნქტს მაინც აკმაყოფილებდნენ:

1. უნდა ყოფილიყვნენ სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე მძიმე დამნაშავენი, რომლებიც პირდაპირ უქმნიან საფრთხეს შეერთებული შტატების უსაფრთხოებას;

2. მათ მიღებაზე მშობლიური ქვეყნები უარს უნდა აცხადებდნენ;

3. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია გარდაუვალი იქნებოდა.

პირველი პუნქტი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი ორი - გაუგებარი. მათი მიხედვით, ადამიანი ლტოლვილის სტატუსს უფრო იმსახურებს, ვიდრე პატიმრისას. 

რაც შეეხება თვალსაზრისს, რომელიც დავით დარჩიაშვილმა გამოთქვა, რომ თურმე, ამით საქართველომ თავისი პარტნიორობის სიმყარე დაუმტკიცა შტატებს, ვერ დავეთანხმები. ჩვენმა ქვეყანამ თავისი სანდოობა მაშინ დაამტკიცა, როცა ერაყში ჯარი გაგზავნა (რაც, ჩემი აზრით, ძალიან ღირსეული ნაბიჯი იყო) და პატიმრების გამოთხოვა, ვფიქრობ, ერთობ მეტიჩრული ნაბიჯი გახლდათ.

საქართველოში ექატრადირებული გუანტამოელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მათზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახლოაღმოსავლეთიდან არიან და, თავის დროზე, ტერაქტების ორგანიზებისათვის ხელშეწყობის ბრალდებით იქნენ დაკავებულნი, თუმცა ბრალეულობა არ დაუმტკიცდათ.

რა თქმა უნდა, ვიცი, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობ, როგორი ქვეყანა მიყვარს, მაგრამ ამ ორ დღეში განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველად გავიგე, რომ ეს ქვეყანა არაოფიციალურად, ციხის ზონაც ყოფილა.

1 comment:

clown said...

საქართველოში ყოფნით სჯიან :D