როგორც ბარათაშვილი იტყოდა:
”და გზა უვალი, შენგან თელილი
მერანო ჩემო, მაინც დარჩება!”
ჩვენს შემთხვევაში მერანი ნოღაიდელია, ფინიშამდე მისასვლელად კი, მისგან თელილ გზაზე, მალულად თუ ცხადად, ქართულმა ოპოზციურმა სპექტრმა მარათონი მოაწყო. არავინ იცის, ჩაწყობით თუ ბედის ირონიით, რიგში პირველი ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა. არ ვიცი, დაბნევით მოუვიდა თუ მოულოდნელი სიხარულისაგან, მაგრამ მისი ჩრდილოეთში გამგზავრებისა და, მით უმეტეს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შეხვედრის შესახებ, მის პარტიაში არაფერი იცოდნენ. ამ დროს კი, ქალბატონი ნინო, კოლეგის მსგავსად, რუსეთის პრემიერს ავსებდა მადლობებით - ალბათ, 2008 წლის აგვისტში მის მიერ გამოჩენილი ესოდენ დიდი გულისხმიერების გამო.
თბილისში ამ ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი უარყოფითი, ნაწილი - დადებითი. ამ უკანასკნელთ აუგს ვერ ეტყვი. თუ მილიონების მქონე ბურჯანაძე და ნოღაიდელი მამა-მწყალობელთან მიდიან მოლაპარაკებაზე, რომელსაც გარიგების სუნი უფრო ასდის, ღარიბებს რა გაემტყუნებათ? ჰოდა, ჩვენც ნუ გავამტყუნებთ კონსერვატორების პლეადას ბატონი ზვიად ძიძიგურის თამადობით, რომელმაც მომავალიში მისი პარტიის თანამშრომლობა არ გამორიცხა რუსეთის მმართველ პარტიასთან.
ძიძიგური მართალია. შიმშილი - აი, არგუმენტი, რომელსაც ვერაფერს დაუპირისპირებ. ვის ახსოვს სამშობლო, როცა გშია? შეედავები და ბატონი ზვიადი ნიკო ლორთქიფანიძის ”ტრაგედია უგმიროთ”-ს მოგიყვანთ მაგალითად.
შიმშილი ბატონებო, შიმშილი და ნოსტალგია. აი, მიზეზი, საბაბი, რომელთან შედავებაც შეუძლებელია. რომელიც გონებას აბნელებს, სულს გაგაყიდინებს და არსებობას დაგავიწყებს.
სწორედ შიმშილი და ნოსტალგია გახდა მიზეზი ქართული ინტელიგენციის მიერ გასული წლის გაზაფხულზე დედა-რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი უსტარი, სადაც ქართველებისათვის ესოდენ ორგანული - ვაზელინის ფრქვევა პირველივე სტრიქონიდან იწყებოდა: ღრმადპატივცემულო დიმიტრი ანატოლევიჩ!
დიახ! ჩვენს ინტელიგენციას შია, ჩვენს ინტელიგენციას უყვარს და ენატრება ჩინ-მენდლები, ენატრებათ მოსკოვში გულაობა 37 მანეთად, ენატრებათ რუსის ქერა, ლოთი მდედრები და ამ ყველაფრის დაბრუნებას წერილით ცდილობენ, ცდილობენ, გული გაულხონ ყოვლისშემძლე ბატონს, მადლობა გადაუხადონ 2008 წლის აგვისტოსათვის. დიახ, მშობელს ხომ ყოველთვის ეკუთვნის ურჩი შვილის დასჯა, ღრმადპატივცემულო დიმიტრი ანატოლევიჩ?
მშიერს ვერ შეეწინააღმდეგები, მშიერს გონება აქვს დაბნელებული. როგორ გავამტყუნოთ ყორღანაშვილები, ციციშვილები, ბარათაშვილები და სხვა თავადები, როცა შიმშილით კუჭდაპატარავებულები ჩვენი ქვეყნის მტრებს ადგებოდნენ დასახმარებლად? დრო გავიდა, შეიცვალა. თავადაზნაურობა ბურჟუაზიამ შეცვალა, ბუჟუაზია - სოციალიზმმა, სოციალიზმი - კაპიტალიზმმა და ახლა უკვე სხვა სახელის მქონე მამა-მარჩენალს მდაბიო წარმოშობის ყორღანაშვილები, ციციშვილები და ბარათაშვილები მიადგნენ. მიზეზი? მიზეზი იგივეა, რაც ხუთასი, ათასი თუ ათას ხუთასი წლის წინ იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალაუფლებისა და სკამის სიყვარული შიმშილზე ნაკლებად როდი აბრმავებს, აყრუებს და ამუნჯებს ადამიანს?!
უკრაინაში მოპოვებული გამარჯვებით წათამამებული რუსეთი უარესი თუ არა, უკეთესი სცენარისათვის არც ჩვენს ქვეყანაში ამზადებს ნიადაგს. მით უმეტეს, რომ კარგად იციან ქართველების მენტალიტეტი და ის, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობას ერთი სული აქვს, როდის ჩაუვარდება მუხლებში პატრონსა და მეუფეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ”ერთხელ თელილი გზის” გასავლელად ამხელა კონკურენციას კრემლში არ ელოდნენ.
დიახ, კასტინგი გრძელდება, ბატონებო! იმას, თუ ვინ იქნება ჩვენი ფიურერი, აუცილებლად გავიგებთ - როდესმე.
1 comment:
სარკაზმ! ^_^
მაგაროსს.. ^^
Post a Comment